Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Habemus Papam


ლაშა ოთხმეზური
ლაშა ოთხმეზური

ფრანცისკე გარდაიცვალა. ვატიკანი შევიდა Sede vacante-ს (ადგილი ვაკანტურია) გარდამავალ პერიოდში.

რომის პაპი ერთადერთი რელიგიური ლიდერია ჭეშმარიტად გლობალური აუდიტორიით: პლანეტის არცერთი სხვა სასულიერო წინამძღოლი არ სარგებლობს ასეთი მორალური ავტორიტეტით; არცერთი სხვა რელიგიური ლიდერის სიტყვას არ ეკიდება მსოფლიო ასეთი რუდუნებით.

უდივიზიო ჯუჯა სახელმწიფო ვატიკანი 180-ზე მეტი დიპლომატიური მისიის, ადგილობრივი ეკლესიების ეპარქიებისა და კათოლიკური საქველმოქმედო ასოციაციების საშუალებით ახორციელებს რეალურ პოლიტიკას. ეს სულიერი და ფიზიკური პოტენციალი რომის პაპს საშუალებას აძლევს, განასახიეროს ალტერნატიული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა.

ამიტომაც მსოფლიოს დიდი ნაწილი - არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ადამიანი ქრისტიანი თუ არა - დიდი ინტერესით დაელოდება პეტრეს ბაზილიკიდან თეთრი კვამლის ამოსვლას, სამრეკლოს ზარების რეკვას და სიტყვებს Habemus Papam.

საუკუნეების მანძილზე გაქვავებული, ტრადიციებით და რიტუალებით დამძიმებული და წარსულში ჩარჩენილი რომის ეკლესია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხშირად ცდილობდა, დროისთვის ფეხი აება და ეპოქის გამოწვევებისთვის ეპასუხა. კათოლიკური ეკლესიის ეს გარდაქმნა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებით. ბევრი დაწერილა, თუ რა მოიტანა ვატიკანის მეორე კრებამ. მე, გარედან შემყურე, ჩემსას შემოგთავაზებთ: მეორე კრების შემდეგ ეკლესიამ შეწყვიტა ლაპარაკი ეშმაკსა და ჯოჯოხეთზე, ხოლო ღმერთმა გაიხადა უზენაესი მოსამართლის ტოგა და შეიმოსა მოწყალე მოსიყვარულის სამოსელში. ამ ყველაფრის შედეგად ცოდვამ დაკარგა იმ შიშის მუხტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ატერორებდა კაცობრიობას. კრების მიზანი იყო, რელიგიას შეეწყვიტა ყოფილიყო რუტინულ ქცევაზე დამყარებული სოციალური, ფოლკლორული ფენომენი, განთავისუფლებულიყო რიტუალურობისაგან და გამხდარიყო პირადული არჩევანი. ევროპაში მოგვიანებით განვითარებულმა პროცესებმა - რიტუალურ რელიგიის დაისმა და ცნობიერებაზე დამყარებული რწმენის აღორძინებამ - აჩვენა, თუ რამდენად დროული იყო ვატიკანის მეორე კრება.

შემდეგ იყო იოანე-პავლე მეორე, რომლის სახით 1970-იანების მიწურულს, მსოფლიოს მოევლინა პოლიტიკური პაპი - ამას ცივი ომის კონტექსტი მოითხოვდა და წარმოშობით პოლონელმა პაპმა ბევრი გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაციისათვის.

თუ მომავლის შემყურე იოანე-პავლე II-მ თავისი მოღვაწეობით მეორე სუნთქვა შესძინა პომპეზურობით დამძიმებულ ვატიკანს, მისგან განსხვავებით, ბენედიქტე XVI-მ კათოლიციზმის უკან, ვატიკანის II კრებამდე დოგმებით დამძიმებულ წარსულში წაყვანა სცადა (რაც სამწუხაროდ გამოუვიდა კიდეც ნაწილობრივ). არანაირი ისტორიული კონტექსტი არ მოითხოვდა ბენედიქტე XVI-ის დოგმატურობას და უკან ქვის ხანაში დაბრუნებას. მან თავისი განცხადებებით რელიგიათა და კონფესიათა შორის დიალოგში მხოლოდ შუღლი და კონფლიქტი შეიტანა. წინამორბედი პაპისგან განსხვავებით პაპი ფრანცისკე შეეცადა როგორც რელიგიათა შორის ჩატეხილი ხიდები აღედგინა, ისე მზერა მიემართა პლანეტის ყველაზე უმწეოსა და დაჩაგრულისკენ. თუ წმინდა საყდარი ისტორიულად ეყრდნობოდა ადგილობრივ ეკლესიებსა და კათოლიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფრანცისკემ ეს არეალი გააფართოვა სეკულარული ჰუმანიტარული, მიგრანტების თუ გარემოს დაცვის ორგანიზაციების ჩართულობით და ამგვარად გააძლიერა ვატიკანის დიპლომატიის ეს არეალი. ფრანცისკეს მოღვაწეობის სოციალური განზომილება იმდენად დიდი იყო, რომ გადიოდა კონფესიურ-რელიგიური საზღვრებიდან; იგი არა მხოლოდ კათოლიკეების, არამედ ზოგადად უმწეოთა და დაჩაგრულთა მფარველი გახდა. პაპი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ევროპასა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ლტოლვილების შესახებ, რადგან მიიჩნევდა, რომ იგი ლტოლვილების უფლებებს არღვევდა; პაპი, რომელსაც საბერძნეთიდან ვატიკანში საკუთარი თვითმფრინავით მიჰყავდა მუსულმანი ლტოლვილი სირიელები; პაპი, რომელიც სტრასბურგში ევროპარლამენტარებს უცხადებდა, რომ ევროპა არ ასრულებდა ჟენევის ხელშეკრულებებს ლტოლვილების შესახებ - ეს პაპი მართლაც, რომ გახდა ყველა დამცირებულისა და შეურაცხყოფილის ქომაგი. ხოლო სურათი, როცა ფრანცისკე ფეხს ჰბანს მუსულმან ქალს, გახლდათ ის სიმბოლო, რომლისაც ისლამისტებს ყველაზე უფრო ეშინოდათ, რადგან ეს ხატი ანგრევდა მათ პროპაგანდას დასავლეთის მიერ ისლამის წინააღმდეგ მიმართულ ჯვაროსნულ ომზე.

თუმცა, ევროპაში დიდი ომის დაწყების შემდეგ, ფრანცისკესაც მოუწია, ხელში აეღო იოანე-პავლე II-ის კვერთხი, რომელიც მისთვის ძალზე მძიმე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, პაპი ხშირად აკეთებდა ორაზროვან განცხადებებს მორალურად ყველაზე ცხად კონფლიქტზე. ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დიდი ომის ორი წლის თავზე თეთრ დროშაზეც კი ალაპარაკდა. „რა ბზიკმა უკბინა პაპს, როცა თეთრ დროშაზე ალაპარაკდა“ - დაწერს მაშინ კათოლიკური გამოცემა La Croix-ს (“ჯვარი”) აღშფოთებული მთავარი რედაქტორი. თუმცა, ფრანცისკეს ამ პოლიტიკურ ახლომხედველობას ბევრი მის მრჩევლებს აბრალებდა.

ბოლო თვეებში, პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების ფონზე, მასმედიაში დაიწყო სპეკულაციები წმინდა საყდრის სავარაუდო კანდიდატზე: ხან იერუსალიმელ კარდინალ პიერბატისტა პიცაბელას, ხან წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან პიეტრი პაროლინს, ხან კი იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტ მატეო ძუპის ახსენებენ. სხვა კანდიდატებს შორის ასევე საუბრობენ სტოკჰოლმის, ბუდაპეშტის, უტრეხტის, კოლომბოს, მანილისა თუ მიანმის (რანგუნი) არქიეპისკოპოსებზე.

იმ დაახლოებით 120 კარდინალს შორის, რომლებიც კონკლავში მიიღებენ მონაწილეობას, არიან როგორც ულტრაკონსერვატორულ და დოქტრინულ ბენედიქტე XVI-ის, ისე ფრანცისკეს ლიბერალური და სოციალური პოლიტიკის მიმდევრები. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად მიანმის არქიეპისკოპოსმა ჰუმანიტარული მისიებითა და ადამიანის უფლებების დაცვით გაითქვა სახელი. ზოგიერთი კანდიდატი, მაგალითად, უტრეხტისა და ბუდაპეშტის არქიეპისკოპოსები, ბენედიქტე XVI-ის მსგავსად კონსერვატიზმით გამოირჩევა.

Sede vacante-ს (ადგილი ვაკანტურია) გარდამავალ პერიოდში უპრიანია დავსვათ კითხვა: როგორი პაპი სჭირდება დღეს მსოფლიოს? ეს კითხვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან დღეს გარდამავალი პერიოდია არა მარტო ვატიკანისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის: იმ დროს, როცა საერთაშორისო სოლიდარობა ბნელ პერიოდში შევიდა; როცა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ერთიმეორის მიყოლებით იხურება; როცა საერთაშორისო ინსტიტუტებს და მულტილატერალიზმს ძირს უთხრიან დასავლეთის ავტორიტარული ლიდერები; მაშინ, როცა ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა გაქრობის პირასაა მისული; მაშინ, როცა ევროპის ლიბერალური დემოკრატიები ნაციონალისტურ-პოპულისტურ შეტევას განიცდიან, წმინდა საყდარი რჩება ადგილად, რომელსაც შეუძლია ალტერნატიული, თუნდაც მყიფე, თუნდაც სუსტი, მაგრამ მაღალი თამასა შესთავაზოს მსოფლიოს.

სწორედ ამიტომ კარგი იქნება მსოფლიოს მოევლინოს პაპი, რომელიც პოლიტიკური (იოანე პავლე II) და სოციალური (ფრანცისკე), პაპების მისწრაფებების გაერთიანებას შეძლებდა და გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებდა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG