რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის და რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვის და მარკო რუბიოს სატელეფონო საუბარი 27 აპრილს გაიმართა

სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ოფიციალური შეტყობინებიდან გაურკვეველია, ვისი ინიციატივა იყო სატელეფონო საუბარი, რომელიც 27 აპრილს გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ძირითადი ყურადღება დაეთმო „უკრაინის კრიზისის თემატიკას“.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს შორის 25 აპრილს შემდგარი საუბრის განვითარების კონტექსტში ლავროვმა და რუბიომ ხაზი გაუსვეს „ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობისკენ საიმედო გზის შესათანხმებლად მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას“.

მოსკოვში, პუტინის და უიტკოფის შეხვედრის შემდეგ კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.

ასევე ნახეთ ლავროვი ტრამპს მიიჩნევს მსოფლიოში ერთადერთ ლიდერად, რომელიც რუსეთის ნარატივს იზიარებს

27 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გამოუქვეყნებია ცნობა მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის შესახებ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 27 აპრილს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება სწრაფად უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვას. მარკო რუბიოს თანახმად, ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები მოატყუოს და ომი ისევ გააჭიანუროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, სროლა შეწყვიტოს და შეთანხმება გააფორმოს.

ტრამპის თქმით, გასული კვირის ბოლოს ვატიკანში, ზელენსკისთან კარგი შეხვედრა ჰქონდა. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის ყირიმის დასათმობად.

ასევე ნახეთ სიმბოლური შეხვედრა იყო, აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს - ზელენსკი ვატიკანში ტრამპთან შეხვედრაზე

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ იურიდიულად არასადროს აღიარებენ ყირიმის და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციას.

დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე-იურედ აღიარება აშშ-ის მხრიდან, უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა და უარი ნატოში გაწევრებაზე.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ ტრამპს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა