28 აპრილს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება ერთი წამითაც არ სურთ და მზად არიან, მაქსიმალურად სწრაფად იმუშაონ ყველა პარტნიორთან, ვისაც მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთი ამ ყველაფერს მუდმივად უარყოფს, მსოფლიოთი მანიპულირებს და აშშ-ის მოტყუებას ცდილობს.
„ისევ მანიპულაციის მორიგი მცდელობა. რატომღაც, ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს და ცეცხლი მხოლოდ მაშინ უნდა შეწყვიტოს, რათა აღლუმის დროს პუტინისთვის სიჩუმე იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა აფასებს ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს, ამიტომ 8 მაისს არ უნდა დაელოდონ და საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით, რაც საფუძველს შექმნის რეალური დიპლომატიისთვის.
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 8 მაისის 00:00 საათიდან 11 მაისის 00:00 საათამდე28 აპრილს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ „გამარჯვების მე-80 წლისთავის დღეებში“, 8 მაისიდან 11 მაისამდე ზავი ცხადდება „რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“.
9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმია დაგეგმილი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.
ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა „სააღდგომო ზავის“ შემდეგ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით განახლებულ შეტევასპუტინის ბრძანებით, რუსეთს „სააღდგომო ზავი" ჰქონდა გამოცხადებული 19-დან 21 აპრილამდე. ამ პერიოდში უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.
უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ მარტში, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებაზე დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.
მას შემდეგ კიევიდან იყო არაერთი მოწოდება საბრძოლო მოქმედებების, სულ მცირე, 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
ასევე ნახეთ მარკო რუბიო: ორივე მხარეს მართლა სურს თუ არა მშვიდობა - ამის გარკვევა გვსურს ამ კვირაში