რუსეთიდან იუწყებიან უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ

საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე არსებული ბანერი, რომლითაც მძღოლებს აფრთხილებენ უპილოტო საფრენი აპარატების საშიშროების შესახებ.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 21 მაისს, შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოაცხადეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო. დროებით დახურეს რამდენიმე აეროპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 120-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის, ტულის, რიაზანის და სხვა ოლქებში.

დილის რვა საათისთვის ორიოლის ოლქის გუბერნატორ ანდრეი კლიჩკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ „მტრის“ 37 უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურა“. გუბერნატორის თანახმად, წინასწარი მონაცემებით არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა, თუმცა „შემთხვევის ადგილებზე ოპერატიული შემოწმებები“ გრძელდება.

ტელეგრამ-არხი Supernova+, რომელიც მონიტორინგს უწევს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონებით შეტევებს, წერს, რომ ორიოლის ოლქის ქალაქ ბოლხოვში იწვის ნახევარგამტარი მოწყობილობების ქარხანა.

განახლება: დილის 11 საათისთვის ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ტელეგრამზე დაწერა, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ქალაქ ბოლხოვში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და ნახევარგამტარი მოწყობილობების ქარხნის შენობა.

ასევე ნახეთ უკრაინაში ადასტურებენ დრონებით დარტყმას რუსეთის სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე

ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ რიაზანის ოლქიდანაც. საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ივანოვოს და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებშიც და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკში.

დრონებით შეტევასთან დაკავშირებული საფრთხის გამო დროებით დახურეს კალუგის, იაროსლავლის და კოსტრომის აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 127 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 41 - ბრიანსკის ოლქში, 37 - ორიოლის ოლქში, 31 - კურსკში, 6 - მოსკოვის რეგიონში, 5 - ვლადიმირის ოლქში, 3 - რიაზანში, 1 - ბელგოროდის ოლქში და ამდენივე - ტულის და კალუგის ოლქებსა და შავი ზღვის თავზე.

21 მაისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო დილითაც, 21 მაისის 04:00-დან 08:00 საათამდე და ამ პერიოდში 16 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ორიოლის ოლქში, 10 - ბრიანსკში და 6 - კურსკის ოლქში.