დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება 26 მაისის ღონისძიების გამო

თბილისი, თავისუფლების მოედანი

თბილისის მერია იუწყება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის - ღონისძიების გამო დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ეს წესი გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.
  • 21 მაისს 20:00 საათიდან 00:00 საათამდე და 23 მაისს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან);
  • 24 მაისს 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე;
  • 24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ხუთ თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

ასევე ნახეთ 26 მაისის საღონისძიებო სივრცეებში რუსთაველის გამზირი არ ფიგურირებს

26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს 26 მაისს“. რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში, არ დაუკონკრეტებია.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს

საპასუხოდ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია და მეხუთე პრეზიდენტი გააფრთხილა, „ფეხი არ დაუცდეთ“.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე 26 მაისზე: ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება