"ავსტრიის მადლიერები ვართ რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მხარში დგომისთვის. ვაფასებთ რუსეთის მიერ გატაცებული ახალგაზრდა უკრაინელების დაბრუნებაში გაწეული შუამავლობისთვის", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეხვედრებზე განიხილეს აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, ზრდადი ინვესტიციები და უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში ავსტრიის მონაწილეობა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში კი აღნიშნულია, რომ ავსტრია მზად არის გასწიოს შუამავლობა რუსეთის მხარესთან შეხვედრებისას რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ გამოხატა მადლიერება უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მან თანაგრძნობა გამოუცხადა ავსტრიის ხალხს გრაცში მომხდარი ტრაგედიის გამო:
“არსად და არასდროს უნდა კარგავდნენ მშობლები თავიანთ შვილებს. ასეთი დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს დრო არ ანელებს. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, მართლა გვესმის ეს რას ნიშნავს”.
ასევე ნახეთ ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდაავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტისა, ის არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა:
“რუსეთი ცალსახად აგრესორია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებებს კრემლში, დაასრულონ ეს უკანონო ომი და შეუდგნენ სერიოზულ, პატიოსან მოლაპარაკებებს”.
უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ავსტრიაში ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უკრაინელ ბავშვებსა და უკრაინულ თემს ავსტრიაში, აგრეთვე რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად ავსტრიის საშუამავლო ძალისხმევაზე მსჯელობას.
უკრაინამ და ავსტრიამ დღეს ხელი მოაწერეს ხუთ დოკუმენტს უსაფრთხოების, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული თანამშრომლობისა და აღმშენებლობის საკითხებზე.