"ნომრით ვიპოვეთ სავარაუდო თავდამსხმელი" - აქტივისტი, რომელსაც მანქანა აქციაზე დაეჯახა

მარიამ მეყანწიშვილი

საავადმყოფოებიდან გამოწერეს აქტივისტები მარიამ მეყანწიშვილი და ლიზი უბილავა, რომლებსაც 22 ივნისს საპროტესტო აქციაზე ყოფნისას მძღოლმა ავტომობილი დააჯახა - ორივე მათგანს სხეულის სხვადასხვა დაზიანება და ორკვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს.

"მოტეხილი მაქვს მარჯვნივ მეათე ნეკნი და მენჯის ფრთის მიდამოს იოგოვანი და რბილი აპარატის მსუბუქი ღრძობა და დაჭიმულობა - გამომწერეს სახლში და მაქვს ორ კვირამდე წოლითი რეჟიმი.

გამოძიებიდან დამიკავშირდნენ და მთხოვდნენ პოლიციის განყოფილებაში მისვლას ამ მდგომარეობაში. ვუთხარი, რომ მინდა სახლში გამომკითხონ, ადვოკატიც დაუკავშირდა და შესაძლოა დღეს მოვიდნენ.

მანქანის ნომრით ვიპოვეთ, ვინც იყო მანქანის მძღოლი. ეს არის სავარაუდოდ 2002 წელს დაბადებული ლუკა მაისურაძე, რომელიც შეყვარებულთან ერთად იჯდა მანქანაში და ისე შემოვარდა დემონსტრანტებს შორის, პოლიციასაც არ დაემორჩილა და იმათაც გადაუარა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ მეყანწიშვილი.

"მუხლის ტკივილები მაქვს კოჭლობით დავდივარ და ყურს უკან მტკივა კიდევ, სადაც მანქანის სარკე მომხვდა", - პოლიცია ლიზი უბილავასაც დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე გამოკითხული არც ლიზია.

ინციდენტი თბილისში, საპროტესტო აქციაზე 22 ივნისის ღამით მოხდა - მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, სადაც მძღოლის გარდა კიდევ ერთი მგზავრი, ახალგაზრდა ქალი იჯდა, დემონსტრანტებს შორის შევარდა, რამდენიმე მათგანს დაეჯახა, პოლიციელის მითითებით რამდენიმე წამით შეჩერდა და შემდეგ კვლავ განაგრძო მოძრაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არც გამოძიების დაწყებისა და არც დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარს პოლიცია ძალადობის (სისხლის სამართლის 126-ე მუხლი) მუხლით იძიებს. ჰყავს თუ არა გამოძიებას დადგენილი და გამოკითხული თავდამსხმელი, რომლის ავტომანქანის ნომერიც გარჩევადია ინციდენტის ამსახველ კადრებში - უწყება არ პასუხობს.

ასევე ნახეთ "კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს" - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ