ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 24 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის მიზნები მიღწეულია და ისრაელის მიერ განეიტრალებულია „ეგზისტენციალური საფრთხე", რომელიც მის არსებობას ემუქრებოდა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების გამო.
ნეთანიაჰუ დღეს თავისი კაბინეტის წევრებს და არმიის და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა, რათა ეცნობებინა, რომ ისრაელმა ყველა მიზანს მიაღწია. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებითვე, ისრაელი მტკიცე ძალით უპასუხებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერ დარღვევას.
პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს.
ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იუწყება ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და მხარეებს სთხოვა, ამ რეჟიმს ნუ დაარღვევენ.
ასევე ნახეთ ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედებულიაშეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 23 ივნისს, დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".
24 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უკვე ამოქმედების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა. ქალაქ ბეერ-შევაში 5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დილით ისრაელმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ რაიონზე ირანის გილანის პროვინციაში, სადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დანგრეულია ოთხი სახლი.
ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ისრაელზე ირანის მორიგ სარაკეტო შეტევასპრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.
ტელეკომპანია CBS-ის წყაროთა ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ზავს დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი ისრაელზე შეტევებს შეწყვეტს. ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ პირდაპირი და არაპირდაპირი არხებით.
სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროს თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე თეირანი დაითანხმა კატარის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ირანის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შემდეგ.
კატარის შუამავლობის შესახებ წერს გამოცემა Axios-იც. მისი წყაროს ცნობით, კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევის შემდეგ თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ თავდასხმას აღარ გააგრძელებს, ვაშინგტონმა კი უპასუხა, რომ ირანს აღარ შეუტევს და მზად არის მოლაპარაკების განახლებისთვის.
ასევე ნახეთ რას წარმოადგენს ირანის ბირთვული პროგრამა და რა დარჩა მისგან? ასევე ნახეთ ფორდო დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ- ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
- 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
- ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის გენერალური შტაბის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და ბირთვული პროგრამის შემუშავებაში ჩართული მეცნიერები.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირებისას ისრაელში რამდენიმე ათეული, ხოლო ირანში რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.