Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედებულია


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

ამ შინაარსის პოსტი პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში გამოაქვეყნა (თბილისის დროით დილის 9 საათისთვის) და მხარეებს სთხოვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ნუ დაარღვევენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 23 ივნისს, დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".

ისრაელს ტრამპის ამ განცხადების შემდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელებში ჯერ დაწერა, რომ ცეცხლის ან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტს არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ირანი საპასუხო ქმედებებს აღარ გააგრძელებს, გამთენიისას კი გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომ „აგრესიისთვის ისრაელის დასასჯელად“ ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე, დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა".

24 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა. ქალაქ ბეერ-შევაში 4 ადამიანი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დილით ისრაელმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ რაიონზე ირანის გილანის პროვინციაში, სადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დანგრეულია ოთხი სახლი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.

ტელეკომპანია CBS-ის წყაროთა ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ზავს დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი ისრაელზე შეტევებს შეწყვეტს. ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ პირდაპირი და არაპირდაპირი არხებით.

სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროს თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე თეირანი დაითანხმა კატარის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ირანის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შემდეგ.

კატარის შუამავლობის შესახებ წერს გამოცემა Axios-იც. მისი წყაროს ცნობით, კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევის შემდეგ თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ თავდასხმას აღარ გააგრძელებს, ვაშინგტონმა კი უპასუხა, რომ ირანს აღარ შეუტევს და მზად არის მოლაპარაკების განახლებისთვის.

  • 13 ივნისს ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
  • ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG