ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი ძალის გამოყენებით დააკავეს

რუსეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური დაპირისპირება გრძელდება.

დღეს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ძალის გამოყენებით დააკავეს აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, ბიზნესმენი შაჰინ შიხლინსკი.

რუსულ პროსამთავრობო ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება შაჰინ შიხლისნკისა და მისი ვაჟის, მუტვალ შიხლინსკის დაკავების კადრები.

ისინი G-კლასის მერსედესში სხედან, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ, ფანჯრის მინას ტეხენ, ძალის გამოყენებით გადმოჰყავთ, მიწაზე ანარცხებენ და ხელბორკილებს ადებენ.

„გამოდი, ბო*ო, გამოდი“, - უყვირიან მას პოლიციელები.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვაჟი, მუტვალი შიხლინსკი მალევე გამოუშვეს, მამა კი გადაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში.

შვილის თქმითვე, ბიზნესმენი საფაროვების გარდაცვალების საქმეში არის მოწმე. საუბარია ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების დროს დაღუპულ ძმებზე, ზიადინ და გუსეინ საფაროვებზე.

აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში ჩატარებულ ე.წ. ოპერაციას, რომლის შედეგადაც ისინი დაიღუპნენ, მკაცრი განცხადების გარდა, ასევე უპასუხა 30 ივნისს რუსული Sputnik-ის დახურვითა და "ФСБ-ს ორი აგენტის" დაკავებით.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ ალიევს სამძიმარი გამოუცხადა რუსეთში ორი აზერბაიჯანელის დაღუპვის გამო

მოგვიანებით, პირველ ივლისს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა „ორი კრიმინალური დაჯგუფება“, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მიერ იყო დაკომპლექტებული.

ასევე ნახეთ ბაქოში რუსეთის მოქალაქეთა ორი ჯგუფი დააკავეს ნარკოტრანზიტის და კიბერდანაშაულის ბრალდებით

ექსპერტთა თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.

ასევე ნახეთ რუსეთი აღარ არის აზერბაიჯანის უფროსი ძმა
ასევე ნახეთ აზერბაიჯანის ელჩი რუსეთის საგარეოში გამოიძახეს, ბაქოში „ФСБ-ს აგენტების“ დაკავების შემდეგ