ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ იუწყება და მოჰყავს პესკოვის კომენტარი, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პუტინის მიმართ "იმედგაცრუებაზე" გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება:
„მოცემულ შემთხვევაში, მთავარია აშშ-ის - პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის - საშუამავლო ძალისხმევა.
ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი სიტყვა ითქვა იმედგაცრუებაზე, მაგრამ ჩვენ, რაღა თქმა უნდა, გვსურს ვიმედოვნოთ, რომ პარალელურად ხორციელდება ზეწოლა უკრაინულ მხარეზე. ვინაიდან, უკვე ვთქვი კიდეც, ახლა ისე გამოდის, რომ თავის მიმართ მხარდაჭერის ყველა სიტყვას უკრაინული მხარე აღიქვამს არა მშვიდობისკენ სიგნალად, არამედ სიგნალად ომისკენ, ომის გაგრძელებისკენ“.
15 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა იმავე სააგენტოს განუცხადა, რომ რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციით შეეცდება დასახული მიზნების მიღწევას, თუკი მათ „დიპლომატიის გზით“ ვერ მიაღწევს:
„თუკი დიპლომატიით ვერ შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება.
...ეს პოზიცია ურყევია. გვსურს, რომ მას სათანადო სერიოზულობით მოეკიდონ ვაშინგტონსა და მთლიანად ნატოში".
ასევე ნახეთ ტრამპი პუტინზე: იმედგაცრუებული ვარ მისგან. მასთან ურთიერთობა არ დამისრულებიაუკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ორი რაუნდის შედეგად მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა გვამები. მესამე რაუნდის თარიღი არ არის დადგენილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს დაუწესა 50-დღიანი ვადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მკაცრ გადასახადებს დაუწესებს რუსეთს და აგრეთვე 100%-იან სანქციებს მათ, ვინც რუსეთის ნავთობს ყიდულობს. იმავე ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ იარაღს, რომელსაც აშშ ნატოს გადასცემს და რომლის საფასურსაც ევროპის ქვეყნები გადაიხდიან.
ასევე ნახეთ მოსკოვში „თეატრალური" უწოდეს ტრამპის ულტიმატუმს