აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გასცა პირდაპირი პასუხი "ბიბისის" ჟურნალისტ გერი ო'დონოჰიუს შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე:
"- ენდობით მას?
- გულწრფელად რომ გითხრათ, მე თითქმის არავის ვენდობი.
- როგორღა ურთიერთობ ვინმესთან, თუკი არ ენდობი?
- საქმე ეს არ არის. მე იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს [ცეცხლის შეწყვეტა - რ.თ.] არ შესრულდა".
სატელეფონო ინტერვიუში "ბიბისის" ჟურნალისტმა მას კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა პუტინზე: "- დაასრულეთ მასთან ურთიერთობა?" ტრამპმა უპასუხა, რომ იმედგაცრუებულია, თუმცა ურთიერთობა პუტინთან არ დაუსრულებია:
"მე იმედგაცრუებული ვარ მისგან. მასთან ურთიერთობა არ დამისრულებია. ოთხჯერ მეგონა, რომ შევთანხმდით. ამის მერე მიდიხარ სახლში, გაიხედავ და მოხუცთა თავშესაფარს ან კიდევ რაღაცას ბომბავს კიევში. მაშინ ვთქვი: „აბა, რა ჯანდაბაზე მოვილაპარაკეთ?“.
15 ივლისს, თეთრი სახლიდან პენსილვანიაში დაგეგმილ ენერგოსამიტზე გაფრენამდე, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, მათ შორის მანამდე "ფაინენშელ ტაიმსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მისი და უკრაინის პრეზიდენტის საუბრის დეტალებს, კერძოდ - აშშ-ის მიერ კიევისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდების შემთხვევაში მოსკოვზე დარტყმის შესაძლებლობას შეეხებოდა. 15 ივლისს თეთრ სახლთან აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა: "- უნდა მიიტანოს ზელენსკიმ იერიში მოსკოვზე?". ტრამპის პასუხი: "- არა, მან არ უნდა მიიტანოს იერიში მოსკოვზე".
აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ, თუკი მოსკოვთან ტრამპის მიერ დაწესებულ ვადაში - 50 დღეში - არ იქნება მიღწეული შეთანხმება, "ძალიან ცუდი იქნება".
პრეზიდენტ ტრამპს აგრეთვე ჰკითხეს, თუ ვის მხარეს არის და მან თქვა: „არავის მხარეს არ ვარ. კაცობრიობის მხარეს ვარ. მინდა შევაჩერო ყოველკვირეულად ათასობით ადამიანის ხოცვა“.
14 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. მკაცრი ტარიფების დაწესების განზრახვის გარდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 14 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-ი.
ფორუმი