"უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა" - არასამთავრობოები

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი სტენსილი თბილისში 2024 წლის 11 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელმომწერი 40-ზე მეტი ორგანიზაცია ეხმაურება ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილს, რომელიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება.

განცხადების ხელმომწერების თანახმად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება "მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით", რაც "დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა" და "თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს".

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად რჩებიან "ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად" და მოუწოდებენ ივანიშვილს, "შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევანისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი".

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი წერილს უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას – წერილი

საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს და საქართველოს ხელისუფლებას 8 რეკომენდაციის შესრულებას სთხოვს, მათ შორის:

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
  • თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.


"ქართული ოცნება" ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის განცხადებებს "შანტაჟად" და "მუქარად" აფასებს.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის სიტყვებით კი, შეისწავლიან წერილს და გადაწყვეტენ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ იმის გათვალისწინებით კი, რომ პარლამენტი მუშაობას სექტემბერში გაახლებს, კანონების გაუქმება ვერ მოხერხდება. ამასთან გამოყო "წითელი ხაზებიც".

"რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.