რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი

25 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ათამდე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდა. დროებით დახურეს რვა აეროპორტი.

რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონები შეტევა იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში მდებარე ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“. თუმცა ქალაქის მერი მიხაილ მინენკოვი, რომელიც „37 მოფრენის“ შესახებ იუწყებოდა, აცხადებს, რომ „დანაკარგები და ქალაქში ნგრევა არ არის“.

უკრაინული ტელეგრამ-არხი Exilenova+ ავრცელებს ცნობასაც, რომ 25 ივლისს, რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში შეტევა იყო დენთის ქარხანაზე, რომელიც უკრაინული დრონების სამიზნე იყო 11 ივნისსაც.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ტლეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედროებმა უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერიეს შვიდ რაიონში, მათ შორის ქალაქ ნოვოშახტინსკში.

სლიუსარი ამ რაიონებში რამდენიმე სახლის და რკინიგზის სადგურის შენობის დაზიანებისა და რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ეზოებში გაჩენილი ხანძრების შესახებ იუწყება.

უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არაერთხელ იყო უკრაინული დრონების სამიზნე.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაზე დარტყმა

დრონებით მორიგი შეტევა იყო კრასნოდარის მხარეზეც. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოცვივდა ქალაქ ტიმაშევსკის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც სამგზავრო მატარებლის ვაგონი დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.

კონდრატიევის ცნობითვე, ტემრიუკის და სლავიანსკის რაიონებში დაზიანებულია კერძო სახლები.

ასევე ნახეთ რუსეთში ადასტურებენ დრონით დარტყმას სოჭის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობის საცავზე

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს სოჭის, სტავროპოლის, ვლადიკავკაზის, გროზნოს, მაგასის, მინვოდის, ნალჩიკის და ტამბოვის აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 26 ბელგოროდის ოლქში, 25 - ბრიანსკში, 23 - როსტოვის ოლქში, 9 - აზოვის ზღვის თავზე, 8 - კრასნოდარის მხარეში, 5 - სტავროპოლში, 3-3 - კურსკის და ტამბოვის ოლქებში, 2 - ვორონეჟში და 1 - ორიოლის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.

25 ივლისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ უკრაინა მიიღებს ამერიკულ საშუალებებს საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად