Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ადასტურებენ დრონით დარტყმას სოჭის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობის საცავზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი „ვამპირი"
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი „ვამპირი"

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე. რუსული წყაროები, მათ შორის სახელმწიფო სააგენტოები სულ მცირე ხუთი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა.

ღამის სამი საათისთვის ფედერალური ტერიტორიის, სირიუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი პლიშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დარტყმა იყო ნავთობის ბაზაზე. პლიშკინს შედეგები არ დაუკონკრეტებია.

სირიუსს რუსეთის პირველი „ფედერალური ტერიტორიის“ სტატუსი აქვს 2020 წლიდან. მანამდე ეს ტერიტორია სოჭის ადლერის რაიონში შედიოდა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ადლერის რაიონში მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

24 ივლისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით უკრაინას სოჭის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 11 - აზოვის ზღვის თავზე და 7 - კრასნოდარის მხარეში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.

განახლება: 24 ივლისს, დილის 11 საათისთვის კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად სოჭის ადლერის რაიონში 2 ქალი დაიღუპა, ხოლო ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დაშავდა 11 ადამიანი, რომელთაგან 4 ჰოსპიტალიზებულია.

განახლება: დღის 12 საათისთვის რუსეთის რკინიგზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სოჭის რაიონზე დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა რკინიგზის 2 თანამშრომელი და 3 დაშავდა. რუსეთის რკინიგზის თანახმად, ისინი მატარებლის ბრიგადის წევრები იყვნენ და რეისის შემდეგ ავტომობილით მიემგზავრებოდნენ დასასვენებელი ადგილისკენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG