უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 324 დრონი და 7 რაკეტა გამოიყენა

საილუსტრაციო ფოტო. აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალით” აღჭურვილი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მიგ-31კ

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით. ამის შესახებ 28 ივლისს, დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 324 დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტა და 3 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი”.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი.

ამ რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელსაც რუსეთის ჯარები რეგულარულად უტევენ.

ასევე ნახეთ კიევზე დრონებით შეტევა იყო, არიან დაჭრილები

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოგდებული ან გაუვნებელია 309 დრონი და 2 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო აერობალისტიკურმა რაკეტებმა კი სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.

სარდლობა ადასტურებს 2 რაკეტით და 15 დრონით პირდაპირ დარტყმას სამ ადგილზე, თუმცა კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს.