რუსეთმა „გათავისუფლებულად“ გამოაცხადა ქალაქი ჩასოვ-იარი, უკრაინა არ ადასტურებს

ომის შედეგად დანგრეული სახლი ქალაქ ჩასოვ-იარში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ქალაქი ჩასოვ-იარი „გაათავისუფლეს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 31 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ქალაქი „გათავისუფლებულია“ კრამატორსკი-დრუჟკოვსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფების „შეტევითი მოქმედებების შედეგად“.

31 ივლისის დღის 12 საათის მდგომარეობით, უკრაინის გენერალურ შტაბს არ დაუდასტურებია ქალაქ ჩასოვ-იარზე(უკრ. ჩასივ-იარი) კონტროლის დაკარგვა. მანამდე, დღეს დილით გენშტაბი იუწყებოდა, რომ კრამატორსკის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა შვიდჯერ შეუტიეს რამდენიმე რაიონს, მათ შორის ჩასივ-იარს.

განახლება: უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ხორტიცას“ სპიკერმა ვიქტორ ტრეგუბოვმა გამოცემა „რბკ-უკრაინას“ უთხრა, რომ ჩასოვ-იარის შესახებ რუსეთის განცხადება ტყუილია და ქალაქში ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ბოლო თვეებში იყო.

უკრაინული პროექტის, DeepState-ის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩასოვ-იარის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს აკონტროლებენ.

ასევე ნახეთ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში შეაღწიეს - მედია

რუსეთის ჯარებმა ჩასოვ-იარის ასაღებად ინტენსიური შეტევა 2024 წლის გაზაფხულიდან დაიწყეს და მისი ნაწილობრივ ოკუპირება შეძლეს. ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია.

რუსეთს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს და ამ რეგიონებს თავის ტერიტორიას უწოდებს.

2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.