100-ს გადააჭარბა კიევზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა, დაღუპულია სულ მცირე 8

მაშველებს კიევში რუსული რაკეტით დანგრეული სახლის ტერიტორიიდან გააქვთ დაღუპულის ცხედარი. 2025 წლის 31 ივლისი

უკრაინის დედაქალაქ კიევში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც 31 ივლისს, გამთენიისას დაიწყო რუსული დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევის შემდეგ.

დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 124-მდე გაიზარდა.

მანამდე ტკაჩენკო 82 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინაზე, ძირითადად, კიევზე შეტევისთვის 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ მთლიანად დაანგრია მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. სერიოზულად დაზიანდა სოლომენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სახლიც. კიევში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობებიც, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და რკინიგზა.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისას რუსეთის ჯარებმა 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი“ გამოიყენეს.

დარტყმის მთავარი მიმართულება იყო დედაქალაქი კიევი.

საჰაერო ძალების ცნობით, მოგერიებულია 288 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს, რომ მოუგერიებელი 5 რაკეტიდან ერთი კიევში სახლს მოხვდა. საერთო ჯამში, 5 რაკეტით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა იყო 12 ადგილზე, ძირითადად, კიევში.