ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანამდე, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოხსნან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განცხადების ხელმომწერების თანახმად, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ - იანვრიდან მოყოლებული - "უსამართლოდ იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში", სადაც ყოფნის პერიოდში "ჯანმრთელობა და მხედველობა საშიშად გაუუარესდა".

მზია ამაღლობელისათვის წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებას, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, ორგანიზაციები აფასებენ, როგორც "გადაჭარბებულს" და "პოლიტიკურად მოტივირებულს". განცხადებაში მოხმობილია მზია ამაღლობელის ჩვენება, რომელიც მან 14 ივლისს მისცა სასამართლო სხდომაზე. ჩვენებაში მან ისაუბრა "იმ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც 11 და 12 იანვარს დაკავების დროს განიცადა".

განცხადების ხელმომწერები გამოცემებზე ზეწოლად აფასებენ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ანგარიშების დაყადაღებას.

"დაკავების შემდეგ ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისმწამებლური კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობის და ეკონომიკური ანგარიშსწორების წინაშე დგანან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ასევე უსამართლოდ დაადანაშაულა იგი უცხო ძალების სახელით მოქმედებაში - რაც, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის, სანდოობის შელახვის მცდელობაა. 17 ივლისს ხელისუფლებამ გასცა ბრძანება გაზეთ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ - კიდევ ერთი ნაბიჯი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ ამ მედიასაშუალებებზე ზეწოლის კამპანიის ფარგლებში."

ასევე ნახეთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ამაღლობელი ქართული მედიის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მოხდა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე რეპრესიული კანონებით, თვითნებური დაპატიმრებებით, განზრახ ეკონომიკური ზეწოლითა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით".

შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

"ჩვენი ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი ამ თვის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში წინა მოსმენის მონიტორინგისთვის, ყურადღებით დააკვირდება ხვალინდელ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სიმბოლოს ეს დისკრიმინაციული და გადაჭარბებული დევნა დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ

  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI);
  • ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ);
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF);
  • „მუხლი 19“ ევროპა;
  • OBCT;
  • თავისუფალი პრესა შეუზღუდავად (FPU);
  • ფონდი „სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“ (JFJ);
  • ცენზურის ინდექსი;
  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ);
  • არამინტა;
  • მედიის მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი;
  • მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი;
  • IMS (მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა).
ასევე ნახეთ „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“ დავალიანების „ძირი თანხა“ დაფარეს

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა 1 აგვისტოს, 13:00 საათზეა დანიშნული.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.