თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 31 ივლისს, განიხილებოდა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის წინააღმდეგ აღძრული, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმე.
პატიმრობის გადახედვის საკითხი ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ დააყენა მას შემდეგ, რაც თავისი დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გააცნო მოსამართლეს. მისი მოთხოვნით, მოსამართლემ დასკვნა საქმეს დაურთო.
ექსპერტს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების შესახებ დაუსვეს კითხვა:
- აღინიშნებოდა თუ არა ვიდეომასალაზე მონტაჟის კვალი - დასკვნის მიხედვით, გური მირცხულავას წინააღმდეგ არსებული მტკიცებულება დამონტაჟებულია, სულ მცირე, ორჯერ;
- შესაძლებელი იყო თუ არა ჩანაწერში გამოჩენილი მასალის გარჩევა - პასუხში წერია, რომ საგნის რაობის და სიმძიმის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მახასიათებლების აღწერა.
მას შემდეგ, რაც ომარ ფურცელაძემ დაასრულა საუბარი, პატიმრობის სხვა ნაკლებად შემზღუდველი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის საკითხი დააყენა სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმაც.
„ამ ადამიანების პატიმრობა არის უკანონო“, - მიმართა მან მოსამართლეს.
იგივე საკითხი წამოსწია მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმაც. მისი თქმით, საქმეში არსებული გარემოებებით, არათუ ჯგუფური ძალადობა, არამედ განცალკევებულად ძალადობის ფაქტიც კი ვერ დასტურდება.
„ერთადერთი, ვინც ანდრო ჭიჭინაძეს ავალებდა რამეს, საკუთარი თავი იყო, ყოფილიყო აქციაზე და დაეცვა სამშობლო მშვიდობიანი წესით. ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოთ, არის ანდრო ჭიჭინაძის დარბაზიდან გათავისუფლება, სხვა ყველა ზომა იქნება უკანონო“, - უთხრა თორნიკე მიგინეიშვილმა ნინო გალუსტაშვილს.
მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება დაასახელა პატიმრობის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ლუკა ჯაბუას ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა. მისი თქმით, ბრალდებულს მისთვის წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია და სწორედ ამიტომ ის დარბაზიდან გათავისუფლებას იმსახურებს.
იმავეს ამტკიცებდა ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ჰიპოთეზური მსჯელობა არ უნდა გამხდარიყო მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.
ირაკლი ქერაშვილის, ლუკა ჯაბუასა და სხვა დანარჩენების მსგავსად, ნასამართლევი არ არის ვალერი თეთრაშვილიც. მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა სწორედ ამ გარემოებას ასახელებდა მისი დარბაზიდან გათავისუფლების არგუმენტად.
„თუ არა თქვენი დაინტერესება, დღეს ეს ადამიანები იყვნენ საპატიმროში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გამოიყენოთ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იმის მიუხედავად, რომ მე მიმაჩნია, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს“, - თქვა ჭკადუამ.
პროკურორებმა ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღაშვილმა, რომლებიც სახელმწიფო ბრალმდებლები არიან, აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებიან ადვოკატებს, რადგან მიაჩნიათ, რომ „ყველა გარემოება, რაც აქამდე აღკვეთის ღონისძიების საფუძველი იყო, ისევ სახეზეა“.
ადვოკატების არგუმენტები არ გაიზიარა ნინო გალუსტაშვილმა. მოსამართლის თქმით, სასამართლო „ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“ და დასძინა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებამ დაასრულოს მტკიცებულებების გამოკვლევა, ეს არ არის საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს“.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სხდომა დასრულდა.
„მაინც მოვიგებთ ბოლოს, ხო იცით, ბიჭებო“, - ამ შეძახილით გააცილეს ბრალდებულები, რომლებიც დარბაზიდან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
ასევე ნახეთ 11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (31/07/2025)