რუბიო რუსეთსა და ტრამპზე: პრეზიდენტი არ აპირებს მარადიულ ლოდინს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

"პრეზიდენტი ექვს თვეზე მეტია იცდის და ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართა.“

„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მხარესთან ურთიერთობას, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ორშაბათს თუ სამშაბათს, გვქონდა მათთან საუბარი - არა პუტინთან, მაგრამ პუტინის ზოგიერთ მაღალჩინოსანთან, იმ იმედით, რომ მშვიდობისკენ წინსვლის საკითხზე რაღაც გაგებას მივაღწევდით და ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახეთ", - ასე იწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პასუხი Fox Radio-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე მეორე ვადის დაწყებიდან დღემდე და მის მიერ რუსეთისთვის ათდღიანი ვადის დაწესებაზე, - "ის აშკარად ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ათ დღეში?"

რუბიომ განმარტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ყველაზე მეტად რუსების მასთან საუბრის შინაარსისა და მათი რეალური მოქმედების შეუსაბამობა აღელვებს:

"ვფიქრობ, პრეზიდენტს ყველაზე მეტად აწუხებს ის, რომ აქვს ეს შესანიშნავი სატელეფონო საუბრები, რომლების დროსაც ყველა აცხადებს: დიახ, ჩვენ გვსურს ამისი დასრულება, თუკი გამოვნახავთ გზას და შემდეგ ის ჩართავს ახალ ამბებს და ხედავს, რომ მორიგი ქალაქი იბომბება, მათ შორის - ფრონტის ხაზიდან შორსაც. რაღაც მომენტში, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კიდევ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოს მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, თუკი ორიდან ერთი მხარე არ არის ამაში დაინტერესებული".

ასევე ნახეთ ტრამპმა მედვედევს შეუთვალა, თავის სიტყვებს დააკვირდეს

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ტრამპს "უამრავი ვარიანტი" აქვს. ერთ-ერთი მათ შორის არის რუსეთის ნავთობის მეორადი გაყიდვის დასანქცირება, აგრეთვე სექტორულად საბანკო სანქციების დაწესება, "რაც ასევე ძალიან მძლავრი იქნებოდა".

რუბიო გამოთქვამს იმედს, რომ აშშ-ს არ მოუწევს ამისი გაკეთება და გამონახავს ბრძოლის შეწყვეტის გზას:

"ვთვლით, რომ ეს არის წინსვლის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ სხვა გზებისთვისაც. საუკეთესო კი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა და ლაპარაკის დაწყება. თუმცა ამ დრომდე, როგორც ვხვდებით, არ არსებობს ამ მიზნის მიღწევის მიმართ გულწრფელი ინტერესი რუსეთის მხრიდან".

"ასე რომ, კვლავაც ვიქნებით მზად და მოსურნეები, რომ ჩავერთოთ რაიმე მსგავსში, თუკი ასეთი რამ შესაძლებელი იქნება. თუმცა, ცხადია, პრეზიდენტი არ აპირებს მარადიულ ლოდინს".

ასევე ნახეთ ტრამპი ინდოეთისთვის 25%-იან ტარიფსა და ჯარიმაზე - “პირველი აგვისტოდან. გმადლობთ ყურადღებისთვის”

ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა დმიტრი მედვედევის განცხადებებს ეხებოდა. "სერიოზულად აღიქვამთ მედვედევს?" - ჰკითხა მან მარკო რუბიოს:

"ვერ უგულებელყოფ ვერცერთ ნათქვამს, თუმცა ის სინამდვილეში არ არის რელევანტური მოთამაშე რუსეთის პოლიტიკაში. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები. ის არ ყოფილა არცერთ შეხვედრასა თუ საუბარში, რაც კი ოდესმე გვქონია. როგორც გახსოვთ, ის პრეზიდენტი იყო დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, როცა პუტინმა აღარ იყარა კენჭი, შემდეგ კი, ცხადია, დაბრუნდა, ამდენად ის [მედვედევი] იყო ადგილის დამკავებელი. ასე რომ, მე მას არ ვუწოდებდი რელევანტურ გადაწყვეტილების მიმღებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის რუსეთის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ის ნამდვილად იკავებს ოფიციალურ თანამდებობას რუსეთში და ამბობს შუღლის გამღვივებელ რაღაცებს".

ასევე ნახეთ პესკოვი: ტრამპის განცხადებები ცნობად მივიღეთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ თვლის, რომ რუსეთს შესწევს აშშ-სთან ტოტალური სამხედრო დაპირისპირების უნარი, თუმცა განმარტავს, რუსეთის რა სავარაუდო ქმედებები იქნებოდა სანერვიულო:

„ეს [აშშ-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება] წარმოუდგენელიც კია. ვგულისხმობ იმას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ომი არის ის, რასაც ვერასდროს ვნახავთ. ეს არის ბირთვული იარაღის მქონე ორი უდიდესი სახელმწიფო მსოფლიოში და საფრთხე, უბრალოდ, ძალიან დიდი იქნება. არა მგონია არსებობდეს ეჭვი, რომ კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების კუთხით რუსები ვერ შეძლებდნენ აშშ-სთან დაპირისპირებას და გულწრფელად რომ ითქვას, ვერც ევროპის ბევრ ქვეყანასთან. ვფიქრობ გაუჭირდებოდათ. მათ გაუჭირდათ უკრაინასთან, რომელიც ახლა არის უდიდესი არმია ევროპაში, თუმცა შეჭრის დროს არ იყო. ვფიქრობ, მათ ძალიან გაუჭირდებოდათ კონვენციური ფრონტის წარმოება.

ვფიქრობ, რაც უფრო უნდა გაღელვებდეთ, ეს არ არის ტოტალური ომი რუსეთთან. ვფიქრობ, რაც უფრო სანერვიულოა, ეს არის შეტაკება ან არასწორი გათვლა, რომელსაც კონფლიქტამდე მივყავართ. ვინაიდან რუსები არ არიან ძლიერები კონვენციური შეიარაღების თვალსაზრისით, მათ თითქმის გარდაუვლად მოუწევთ სხვა რაღაცების იმედად ყოფნა - როგორიცაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, რომ მიაღწიონ ბრძოლის ველზე ესკალაციას, ბრძოლის დეესკალაციის მიზნით.

ასევე ნახეთ მოსკოვი ითხოვს რუსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესებას

ასე რომ, ამაზე უნდა ღელავდეთ. თუმცა ამაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს არ არის რეალისტური ან, გულწრფელად რომ ვთქვათ, შესაძლებელი არცერთი მხარისთვის".

ორი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა 50-დღიანი ვადა მისცა მოსკოვს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში "მკაცრი ტარიფებით" დაემუქრა. მოგვიანებით (29 ივლისს) მან ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა. 30 ივლისს კი გამოაცხადა, რომ 1 აგვისტოდან ინდოეთს დაუწესა 25%-იანი ტარიფი იმის გამო, რომ ის რუსეთისგან დიდი მოცულობით ენერგორესურსებს ყიდულობს და ეს რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ეხმარება.