"საკმაოდ ძლიერი" სილა
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, პოლიციელის ალიყურისთვის, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) აქვს წაყენებული, რაც სულ მცირე 4-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი კი 7 წელია.
ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ ამაღლობელის “საკმაოდ ძლიერმა” სილამ მას ტკივილი მიაყენა და ლოყასთან ერთად, ყურიც გაუწითლა.
“პოლიციელი ხელშეუხებელია” - ასეთია "ქართული ოცნების" არგუმენტი.
მზია ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს დააკავეს - ჯერ ადმინისტრაციული წესით - პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო, ხოლო გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს - სისხლის სამართლის წესით.
ასევე ნახეთ „სისხლით დავიჭერ“ - პროკურატურა „ბათუმელების“ დირექტორის წინასწარ პატიმრობას ითხოვს1 აგვისტოს სასამართლოზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა 9 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომას ესწრებოდნენ მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ნორვეგიიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან თუ ლიეტუვიდან.
ჟურნალისტის მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა სხდომაზე შესვლა ვერ მოახერხა, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორების ნაწილმა. სხდომის დარბაზში აღწევდა საპროტესტო აქციის შეძახილები - “თავისუფლება მზიას!”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”.
რადიო თავისუფლება სასამართლო სხდომას ესწრებოდა და მთელი დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ვიდეობლოგში უყრიდა თავს.
ამაღლობელის ადვოკატს 89-გვერდიანი დასკვნითი სიტყვა ჰქონდა მომზადებული. მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ სისტემა მზია ამაღლობელს ჩაგრავს - ადამიანსა და პროფესიონალს, რომლის მიერ დაფუძნებული გაზეთი “ბათუმელები” “დამოუკიდებელ საქართველოზე ზუსტად 10 წლით უმცროსია”, სწორედ 26 მაისს შეიქმნა ის “თავისუფალი საქართველოს რწმენით” და მზია ამაღლობელი ღამეებს ათენებდა - “ქვეყნის მომავლისთვის“, მაგრამ თავის 50 წლის იუბილეს საპატიმროში შეხვდა.
ადვოკატმა თქვა, რომ, თავიანთი მძიმე ბრალდებებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ამაღლობელს განაჩენი წინასწარ გამოუტანეს და მიმართა მოსამართლე ნინო სახელაშვილსაც:
„როგორ დაგვარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ ის უნარი, რომ გაუძლოთ ამ ზეწოლას”.
ასევე ნახეთ საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ - მზია ამაღლობელის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა დაასრულამშვიდი პატიმარი მკაფიო მესიჯებით, შემართებით
მზია ამაღლობელი ხშირი წერილებითა და განცხადებებით არ გამოირჩევა - საჯაროდ არ ლაპარაკობს ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე, არ უწევს ხმას და ემოციურად არ საუბრობს. მაგრამ მისი მესიჯები ყოველ ჯერზე - მკაფიო და ხმამაღალია.
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ - 2025 წლის 14 იანვარს, სასამართლო პროცესზე, ამაღლობელი ნობელიანტი მწერლის, მარია რესას წიგნით მივიდა. შემდეგ კი - ჟურნალისტის დაპატიმრებას თავად მწერალიც გამოეხმაურა.
მთელი 7 თვის მანძილზე ამაღლობელი ერთხელაც არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე და ასე იყო 1 აგვისტოსაც, თითქმის 10 საათის განმავლობაში, ფეხზე მდგომი უსმენდა ადვოკატის დასკვნით სიტყვას.
„ბრძოლა ბოლომდე“ - წერია მზია ამაღლობელის მიერ 18 მარტს საკუთარ სასამართლოზე აღმართულ ფურცელზე.
პატიმარმა თითქმის 40 დღე იშიმშილა, დაკავების პირველი წუთებიდან
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მზია ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც კიდევ უფრო წუხდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები, როდესაც მან შიმშილობა დაიწყო.
სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს სხვა პატიმრებმაც.
- შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მზია ამაღლობელმა 38-ე დღეს მიიღო, მას შემდეგ - რაც ბათუმში, “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ტრაგიკულად დაიღუპა ორი მოზარდი.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა”, - წერდა ამაღლობელი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში 18 თებერვალს და შიმშილობის შეწყვეტისკენ სხვა პატიმრებსაც მოუწოდებდა.
“არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - იყო ასევე მესიჯი თანამოაზრეებისთვის, კოლეგებისთვის, მეგობრებოსთვის, ოჯახისთვის.
ასევე ნახეთ აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის - პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენმეორე დაკავება - “სისხლით…”
12 იანვარს, როცა მეორედ დაკავებული მზია ამაღლობელი პოლიციის განყოფილებაში შეჰყავდათ - “ბათუმელების” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის მამაკაცების უშვერი გინება და მუქარა: “სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 8 მაისს სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, მართლაც მისია.
დგებუაძემ თქვა, რომ ეს არ იყო მუქარა - უბრალოდ კოლეგებს, რომლებსაც, მისი თქმით, ფაქტი არ დაუნახავთ, განუმარტავდა, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით იყო დასაჭერი. არგუმენტის სახით დაამატა ისიც - რომ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულების ერთმანეთისგან გარჩევა არ უჭირს.
მზია ამაღლობელი მართლაც სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს - პროკურატურა თვლის, რომ „სახეზეა პოლიციელზე თავდასხმა მისი საპოლიციო საქმიანობის შესრულების დროს“.
სასამართლომ მზია ამაღლობელი 14 ივლისს გამოჰკითხა. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ბრალდებულმა განაცხადა, რომ სილის გაწვნა “იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო თავკერძა კომუნიკაციაზე”. ხოლო დაკავების შემდეგ, ძალადობის ეპიზოდი შემდეგნაირად აღწერა:
„კარი შემოანგრია ვიღაც ახალგაზრდამ, მაგინებდა უშვერად, იწევდა საცემრად, სხვებს რომ არ გაეკავებინათ, მცემდა კიდეც, სახეში არ ვუყურებდი, მხოლოდ ერთ მომენტში ავხედე და მაგ დროს გამოიწია და სახეში შემაფურთხა. მერე ვიკითხე ეს ვინ არის მეთქი და მითხრეს, როგორ არ იცი, [ირაკლი] დგებუაძეაო.
დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ამ სიჩუმეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე. როცა შემაფურთხა, ერთადერთი, რაც შევძელი ფეხზე წამოვარდნა იყო და ვთქვი – წყალი მომიტანეთ, საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი. ოთახში მყოფმა ქალმა პოლიციელმა აიღო ჭიქა წყალი რომ მოეტანა, ხმამ შეაჩერა, დგებუაძის ხმა იყო: არა, არანაირი წყალი და მისივე ხმა – „ჩაიფსას!” [ჩვენების ამ მონაკვეთს “პუბლიკა”აქვეყნებს].
ასევე ნახეთ "არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე" - მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე“მე განვიცადე ტკივილი” - პოლიციის უფროსი ალიყურზე
დგებუაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტმა მას “საკმაოდ ძლიერად” დაარტყა, რის გამოც - ლოყა და ყური აუწითლა და ტკივილიც იგრძნო. “მე განვიცადე ტკივილი” - ეს მისი სიტყვებია.
პოლიციელის განცხადებებს საზოგადოებაში ფართო რეზონანსი მოჰყვა - იყო ირონიული კომენტარები, გამოჩნდა მემებიც - როგორ ტირის პოლიციის უფროსი აწითლებული ლოყითა და ყურით. -“ფუა აქვს”, “რა ქნას, ეტკინა ძალიან”, “გეტკინა თუ გეწყინა?!” - წერდნენ სოციალურ ქსელებში.
ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს რაღაცას უხსნის, ის კი ზურგს აქცევს და წასვლას აპირებს. ამ დროს ამაღლობელი მის ქურთუკს ქაჩავს და სილას აწნავს. მას სწრაფად აკავებენ.
ასევე ნახეთ "ტკივილის ობიექტური ნიშნები არ იკვეთება" - სპეციალისტი მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის გაწნულ სილაზე ასევე ნახეთ "ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია" - მზია ამაღლობელის საქმეზე გრიგოლ ბესელია გამოჰკითხესპირველი დაკავება - სტიკერისთვის
მზია ამაღლობელი ძალადობრივ მოპყრობას აღწერს 11 იანვრის ეპიზოდშიც, როცა ის გვიან საღამოს, სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. სტიკერზე იყო წარწერა - „იფიცება საქართველო“.
როგორც სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა, საპროტესტო აქციაზე აქტივისტ ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ, ადვოკატ თამარ წულუკიძესთან ერთად მივიდა. იმ დროს ასევე დააკავეს პროევროპული პროტესტის სხვა მონაწილეებიც.
“უცბად პოლიციელების ძალიან სწრაფი გამოვარდნა დავინახე და პოლიციელების ალყაში აღმოვჩნდი. შავნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს, წინ და უკან ხალხს მასა აწვებოდა, მეც ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, იქ შეუძლებელი იყო, მყარად მდგარიყავი.
ზურგიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, დარტყმის შედეგად დავვარდი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გონება დაკარგული მქონდა, გონს რომ მოვედი, ფეხები მტკიოდა, პოლიციის ტალღამ გადამიარა. ორ მომენტში გონება დავკარგე, არ ვიცი, ვინ გამომიყვანა იქიდან, ვინ წამომაყენა. ჩემი ძმისშვილი მოვიდა და მკითხა, თუ როგორ ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ მეცვა. არ ვიცი, კედები როდის დამეკარგა”- [მზია ამაღლობელის ჩვენების ამ მონაკვეთს ინტერპრესნიუსი აქვეყნებს].
- 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი, ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარით დააჯარიმა პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობის გამო.
- 18 ივნისსაც დააჯარიმეს - 1000 ლარით, „იერსახის დამახინჯების“ გამო, სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე. გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.
#თავისუფლებამზიას
ეს ჰეშტეგი სოციალურ ქსელებში უკვე მე-7 თვეა ტრიალებს და აღარავინ კითხულობს - ვინ არის მზია. ამ პერიოდში გაიმართა მრავალი აქცია - ჟურნალისტების, ასევე უფლებადამცველებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისა მონაწილეობით.
მზია ამაღლობელს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მის პატიმრობას საერთაშორისო პარტნიორები და უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს, გაზვიადებულსა და გამოგონილს უწოდებენ. მის გვარს ახსენებენ განცხადებებში, სხდომებზე დებატებისას, რეზოლუციებში.
მთავარი მოთხოვნა - მისი უპირობო გათავისუფლებაა.
„მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც სახალხო დამცველმა გააპროტესტა, და საქმე განსასჯელად მიანდო მოსამართლეს, რომელსაც არ ჰქონდა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის სფეროში“; „ის ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის“, - აღნიშნავს ევროპარლამენტი, 19 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციაში.
აცხადებს ასევე, რომ „მზია ამაღლობელი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას”.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო და მისი უპირობო გათავისუფლება მოითხოვა ასევე ნახეთ მზიას საქმე გვახსენებს საქართველოში პრესის მდგომარეობის სიმძიმეს - კლუნების ფონდი ასევე ნახეთ განახორციელეთ ეფექტური ზეწოლა „ოცნებაზე“ - პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ევროკავშირს ასევე ნახეთ Amnesty: „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც ამაღლობელისადმი პოლიციის სავარაუდო ძალადობა გამოავლინამზია ამაღლობელის პატიმრობას საგანგაშოდ თვლის ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწიდებს. იანვრის შემდეგ, პლატფორმის ბაზაში ინფორმაცია მუდმივად ახლდება.
ბაზაში მოხვდა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 10 ივლისს გახმოვანებული ბრალდება, რომ თითქოს მზია ამაღლობელი - "ძალოვანი სტრუქტურების დაკნინების" დაკვეთას ასრულებდა და “მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში”.
ამაღლობელის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც განიხილავენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა საჩივრის გაგზავნიდან ორ თვეში დაიწყო და შესაძლოა, მან მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე (Impact Case) საქმის სტატუსიც შეიძინოს.
ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - საიაჟურნალისტების დაკავება - არასათანადოდ დასაბუთებული ბრალდებებით - საგანგაშო სიგნალია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს ქმნის ნათელ წარმოდგენას, რომ ქვეყნის დემოკრატიაში პრობლემები გაჩნდა. ხოლო საქართველოს შემთხვევაში - ეს უკვე აღიარებული ფაქტია.
დემოკრატიის უკუსვლის, პროტესტის მონაწილეთა მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების, მოძალადეთა დაუსჯელობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - საქართველო იზოლაციაში ექცევა:
- შეჩერებულია ევროინტეგრაცია და მაღალი დონის ვიზიტები.
- დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც.
- შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
- სანქცირებულია “ქართული ოცნების” ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი.
- ჩინოვნიკების დიდ ნაწილს სავიზო შეზღუდვებიც დაუწესდათ.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ითხოვენ, ცალკეული განცხადებებითა თუ შეკითხვებზე პასუხების დროს. მაგალითად, კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ„ნეტგაზეთს“ 29 ივლისს უთხრა, რომ მას სურს „ყველა დაპატიმრებული, ვისაც არა აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, გარეთ იყოს, მზია ამაღლობელის ჩათვლით”.
“არის რაღაც, რასაც ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა გაუწიოს ანგარიში. ეს უკან დახევა არ არის. მე არ ვიცი, ყოველ მეორე წუთას ყველას დაჭერა და ციხეში ჩაგდება რა არის? არ მესმის. ამდენი ახალგაზრდა…” - ესეც დოლიძის სიტყვებია.
არის თუ არა ალიყური სისხლის სამართლის დანაშაული?
ჟურნალისტმა პოლიციელს სილა გააწნა - ზოგისთვის მთავარი ფაქტი მხოლოდ ეს არის და შესაბამისია კომენტარებიც: “რა თქმა უნდა, ასეთი რაღაც უნდა დაისაჯოს მთელი სიმკაცრით!”, “აბა პოლიციელს როგორ გაარტყა”, “აშშ-ში, საფრანგეთში გაარტყან აბა სილა პოლიციელს…”.
„პოლიციელი ხელშეუხებელია“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც პროევროპული პროტესტის მონაწილეთა სასტიკი და ხშირად ჯგუფური ცემისა და დასისხლიანების ფაქტებზე, ამ დრომდე არცერთი ძალოვანი არ დაუსჯია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.
ასევე ნახეთ არის თუ არა ალიყური თავდასხმა? რას ნიშნავს, როცა "პოლიციელი ხელშეუხებელია"უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებდნენ იურისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრებში მზია ამაღლობელისთვის წაყენებულ ბრალდებას, ხოლო წინასწარი პატიმრობის შეფარდებას - სამართლებრივად არალოგიკურს უწოდებდნენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება თავდასხმად და შესაბამისად - სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს.
სილა, იგივე ალიყური - მათთვის აღელვებისა და ბრაზის გამოხატულებაა, რომელიც შესაძლოა შეურაცხყოფას მოჰყვეს და ის არ გულისხმობს „ადამიანისთვის დაზიანების ან ფიზიკური ტკივილის მიყენებას“ და ამიტომ, ეს ქმედება არა სისხლის სამართლის დანაშაულად, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ითვლებოდეს.
სისხლის სამართლის კოდექსში, მათ შორის - 353-ე პრიმა მუხლში, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, სილის გაწვნა თუ ალიყური ნახსენები არ არის.
მაგალითები
7 თვის განმავლობაში, ვიდრე მზია ამაღლობელი საპატიმროშია - მედიამ გაიხსენა მრავალი ფაქტი, როცა ალიყურს მსუბუქი სასჯელი მოჰყვა, ანდა სასჯელი საერთოდ არ მოჰყოლია.
„ნეტგაზეთი” აღწერს წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტს, როცა, სამეგრელოში, მოქალაქე მაკა სახურიამ [მაშინდელი ოპოზიციონერის - ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ] სილა გააწნა პოლიციის იმდროინდელ მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას, რომელიც შემდეგ არაერთ მძიმე დანაშაულში იქნა მხილებული და ამჟამად პატიმარია. ამ ფაქტის გამო მაკა სახურიასთვის ბრალი არავის წარუდგენია.
ასევე ნახეთ სილის გაწვნის მოკლე ისტორია ბეატე კლარსფელდიდან მზია ამაღლობელამდერადიო თავისუფლების ბლოგერი, ლაშა ოთხმეზური იხსენებს ამბავს, როცა ვერმახტის ჯარისკაცის ქალიშვილმა, გერმანელ-ფრანგმა ჟურნალისტმა ქალმა, 29 წლის ბეატე კლარსფელდმა, 1968 წელს სილა გააწნა დასავლეთ გერმანიის კანცლერს - კურტ გეორგ კიზინგერს - წარსულში ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო („საგარეო საქმეთა გებელსი“ კურტ გეორგ კიზინგერის მეტსახელი იყო მესამე რაიხში).
ახალგაზრდა ქალმა ეს აქტი წინასწარ დაგეგმა და პარიზიდან ამ მიზნით ჩავიდა ბერლინში, სადაც, კიზინგერის მონაწილეობით, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა უნდა გამართულიყო. მან ამ მიზანს მიაღწია.
კანცლერის ალიყურისთვის ქალს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ - ციხეში არავის ჩაუსვამს.
„მე არ ვუჩივი ქალბატონებს, რომლებიც ხელს მირტყამენ“, - განაცხადა თავად კიზინგერმა, ხოლო ბეატე კლარსფელდის სილა იქცა სიმბოლოდ - ნაცისტური წარსულის მქონე ყველა თანამდებობის პირის წინააღმდეგ.
2018 წელს, სილის გაწვნიდან 50 წლის თავზე, პარიზის შოას (ჰოლოკოსტის) მუზეუმი გამოფენას მიუძღვნის ბეატე კლარსფელდსა და მის მეუღლე სერჟს მათი წვლილისათვის ნაციზმის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ასევე ნახეთ მამაკაცი, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა, ოთხ თვეს გაატარებს ციხეში2021 წელს ივნისში საფრანგეთში სილა გააწნეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. საფრანგეთის მოქალაქე დამიან ტარელს სინანული არ გამოუხატავს, მაგრამ მაინც შეუმსუბუქეს 3-წლიანი პატიმრობის შესატყვისი თავდაპირველი ბრალდება. ახალგაზრდა კაცს ციხეში ყოფნის ვადა 4 თვემდე შეუმცირეს, 14-თვიანი პირობითი სასჯელის დამატებით.
ახლო წარსულში ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში რეზონანსული იყო საქმე, როდესაც 16 წლის მოზარდმა გოგომ ურთიერთშელაპარაკების დროს პოლიციელს სილა გააწნა. პოლიციის უფროსმა საქმის აღძვრა თავდასხმის კვალიფიკაციით მოითხოვა. ოლქის პროკურორმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.
ამერიკელი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ პროკურორი სწორად მოიქცა, რადგან სილის გაწვნა არ მიესადაგება ფორმულირებებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში თავდასხმის შემთხვევებს აღწერს.
„ერთი ალიყური, გაშლილი ხელით, რომელიც არ იწვევს არანაირ დაზიანებას, ვერ ჩაითვლება თავდასხმად, პენსილვანიის კანონის თანახმად“, - აცხადებს ამერიკელი ადვოკატი ზაკ გოლდსტინი.
„ალიყური ხშირად აღიქმება უფრო უპატივცემლობის გამოვლინებად, ვიდრე ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობად“, - კანონით კი, თავდასხმისას უნდა იყოს ან სხეულის დაზიანება, ან დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. მსგავსი ჩანაწერები იძებნება ამერიკის სხვა შტატების კანონმდებლობაშიც.
ასევე ნახეთ ვის სჯიან, ვის არა - შეადარეთ მაგალითებიმზია ამაღლობელის პატიმრობა ბევრისთვის კიდევ უფრო დიდ უსამართლობის განცდას იწვევს იმის გათვალისწინებითაც, რომ ათეულობით დემონსტრანტისა თუ ჟურნალისტის სასტიკი ცემის გამო დღემდე არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. როგორც თავად დაკავებულები ჰყვებიან, ადამიანებს გამეტებით ურტყამდნენ როგორც აქციებზე, ქუჩაში, ასევე დაკავების შემდეგაც - ავტომანქანებში.
„ეს პროცესი არის სარკე იმისა, თუ შიგნით ჩაიხედავთ, ძალაუფლებას როგორ ბოროტად იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები: პოლიცია, პროკურატურა, ხელისუფლება, ყველაფერია ამ საქმეში, ყველაფერს წაიკითხავთ. პროგნოზი ერთადერთია, აქ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება - ეს არის დაცინვა სამართალზე და სამართლიანობაზე“, - განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა, 1 აგვისტოს გამართულ პროცესზე. ადვოკატის თქმით, თუკი სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს სასამართლოს პაროდია იქნება.
მზია ამაღლობელის საქმის შესახებ რადიო თავისუფლების სტატიებს გაეცნობით ამ ბმულზე.