ერევანი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში გაიმართება ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წინა შეხვედრა 10 ივლისს, აბუ-დაბიში გაიმართა

სომხეთის მთავრობამ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.

სომხეთის მთავრობის ტელეგრამ-არხზე 6 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს შედგება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში.

სომხეთის მთავრობის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპს შეხვდება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

სომხეთის მთავრობის ცნობითვე, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრაც, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აშშ-ში ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ რუბიო ფრანგ კოლეგას ესაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის უზრუნველყოფაზე

გამოცემა Washington Post-ის ცნობით, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წინა შეხვედრა 10 ივლისს, აბუ-დაბიში გაიმართა.

14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის წარმატებით დასრულება ახლოსაა.

მედიით გავრცელებული ცნობებით, შეერთებული შტატების წინადადებაა, რომ ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.

ასევე ნახეთ აშშ-ის მართული ზანგეზურის დერეფანი - გეოპოლიტიკური ჩიხი თეირანისთვის, ახალი წესრიგი რეგიონისთვის?

აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი 1990-იან წლებში დაიწყო მთიანი ყარაბაღის გამო, როცა სომხებით დასახლებულმა ამ რეგიონმა ბაქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი სამხედრო ძალით დაიბრუნა და 2023 წლის სექტემბერში სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.

ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა რეგიონის დაცლა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან.

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე. მხარეები ხელშეკრულების ტექსტზე 2025 წლის მარტში შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმებული არ არის.