Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიო ფრანგ კოლეგას ესაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის უზრუნველყოფაზე


ჟან-ნოელ ბარო (მარცხნივ) და მარკო რუბიო (მარჯვნივ). ფოტო არქივიდან
ჟან-ნოელ ბარო (მარცხნივ) და მარკო რუბიო (მარჯვნივ). ფოტო არქივიდან

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს - დისკუსია, სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევის გზებს შეეხო.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტამი ბრიუსმა განაცხადა, 4 აგვისტოს რუბიო-ბაროს საუბარი არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის:

  • მათ „კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ირანმა ვერასდროს შექმნას ან არ შეიძინოს ბირთვული იარაღი“;
  • „მათ ასევე განიხილეს ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა“;
  • „რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება“;
  • „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა“ და
  • „სუდანში მიმდინარე კონფლიქტი“.

შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში

4 აგვისტოსვე ვაშინგტონში მყოფმა რეპორტიორმა ალექს რაუფოღლუმ, - რომელიც ამჟამად აზერბაიჯანული დამოუკიდებელი გამოცემა „ტურანისთვის“ მუშაობს, - წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, 8 აგვისტოს, იგეგმება თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ვიზიტი.

რაუფოღლუს თანახმად, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღებს ჯერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, შემდეგ უმასპინძლებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რის შემდეგაც სამი ლიდერი ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამჟამად არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას და თქვეს, რომ მსგავსი ვიზიტების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება.

ბაქოსა და ვაშინგტონში ჯერჯერობით ამ ცნობებს არ გამოხმაურებიან და შეხვედრები ოფიციალურად არ დაანონსებულა.

ალიევი და ფაშინიანი ბოლოს ერთმანეთს 10 ივლისს შეხვდნენ აბუ-დაბიში. დონალდ ტრამპმა აქედან ერთი კვირის თავზე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა „საკმაოდ ახლოსაა“ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოოდ დადებასთან, - რის მზაობასაც ორივე მათგანი თვეებია, ადასტურებს.

10 ივლისს ალიევი-ფაშინიანის შეხვედრის დღის წესრიგში იყო აშშ-ის ინიციატივა, ვაშინგტონმა იჯარით აიღოს „ზანგეზურის დერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჩევანთან და თურქეთთან ხმელეთით დააკავშირებს - სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. ჯერ უცნობია, რა გაგრძელება ექნება ამ ინიციატივას.

"როიტერსის" ცნობები

პირველ აგვისტოს ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ დონალდ ტრამპის სურვილია, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებას“.

ეს არის შეთანხმება, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ბოლოს, მისი ადმინისტრაციის მედიაციით იქნა მიღწეული და რომლითაც ისრაელი ორ არაბულ სახელმწიფოსთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან შეთანხმდა ურთიერთობის ნორმალიზებაზე. მოგვიანებით შეთანხმებას შეუერთდნენ სუდანი და მაროკო.

თუმცა, „როიტერსის“ წყაროების ცნობითვე, "აბრაამის შეთანხმებასთან" შეერთების წინაპირობად შეერთებული შტატები აზერბაიჯანისგან ითხოვს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.

აზერბაიჯანსა და ისრაელს წლებია, მჭიდრო კავშირები აქვთ და პარტნიორობენ ენერგორესურსებითა და იარაღით ვაჭრობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG