სამოქალაქო აქტივისტი და მასწავლებელი, რომელსაც გამოძიება საჯარო მოხელეზე, კონკრეტულად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე, გიორგი შარიქაძეზე თავდასხმას ედავება, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 7 აგვისტოს კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მან თქვა, რომ არსებობს ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ამიტომ ნინო დათაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიება გაეუქმებინა, არ დააკმაყოფილა.
7 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი ისიც, რომ ერთი დღით ადრე, 6 აგვისტოს, ნინო დათაშვილთან, საპატიმროში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით მაღრაძე და კიდევ რამდენიმე ექსპერტი იყო შესული.
დაკავებული მასწავლებლის ადვოკატებმა თქვეს, რომ არც პროკურატურას და არც პენიტენციურ დაწესებულებას ამის შესახებ ადვოკატებისთვის არ უცნობებია:
„გუშინ ჩუმად შეაპარეს ნინოსთან სამხარაულის ექსპერტები... ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე“, - მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა, თამარ გაბოძემ.
ნინო დათაშვილის ადვოკატები, ელისო რუხაძე, თამარ გაბოძე და თამარა ზარქუა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, 7 აგვისტო, 2025 წელი
არადა, 31 ივლისს გამოცემული სასამართლოს განჩინებით, რომელიც ნინო დათაშვილისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის არანებაყოფლობით ჩატარებას ეხებოდა და რომლის ჩატარებაც პროკურატურამ მოითხოვა, ნინო დათაშვილს არა ამბულატორიული, არამედ სტაციონარული ექსპერტიზა უნდა ჩასტარებოდა. ანუ ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უნდა გადაეყვანათ და მას იქ 20 დღე უნდა გაეტარებინა:
„ერთი მხრივ, განჩინებაში ეწერა, რომ ნინოს უნდა ჩასტარებოდა სტაციონარული ექსპერტიზა და მეორე მხრივ, ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. შეიყვანეს შეცდომაში სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული, მოტყუებით ჩაუტარეს მათ ნინოს გასაუბრება“, - თქვა თამარ გაბოძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რა მიზნით შევიდნენ ექსპერტები ნინო დათაშვილთან საპატიმროში, მასთან მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლნენ თუ ექსპერტიზა ჩაატარეს. კითხვა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ადვოკატებმა უკვე გააგზავნეს, თუმცა, პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.
თავად ნინო დათაშვილმა მისთვის დანიშნულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე სასამართლო დარბაზში თქვა:
"ეს ჩემთვის არის სამარცხვინო ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის რეპრესია, ჩემს მიმართ, ადვოკატების მიმართ, რადგან ადვოკატებზე აწარმოვეს პროპაგანდა, რომ შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზაო, დღეს ასე მითხრეს პენიტენციურ დაწესებულებაში.
პროკურატურას ეკითხა ჩემთვის, იქნებ მეც მინდოდა ექსპერტიზაზე წასვლა, ციხეში კვირაში ორჯერ ვბანაობ და იქ ყოველ დღეა ბანაობაო, და იქნებ მინდოდა ბანაობა“, - იხუმრა ნინო დათაშვილმა.
ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც პროკურატურამ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნას დაუდო საფუძვლად, არის 2019 წელს ნეიროქირურგის მიერ დაწერილი „ფორმა 100“, რომელიც დაცვის მხარემ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე 21 ივნისს წარადგინა და რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კონკრეტულად ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილების ფონზე თან ერთოდა ემოციური ლაბილობა, ანუ ტკივილზე მგრძნობელობა და ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ ამ ტკივილების ფონზე, ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, კიდევ უფრო დაამძიმებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას:
„მინიმუმ არაკომპეტენტურობაა, დაგუგვლა შეიძლება, რა არის ემოციური ლაბილობა. ეს არ არის დიაგნოზი, ეს სიმპტომია", - თქვა ნინო დათაშვილმა 7 აგვისტოს გამართულ სხდომაზე და დაამატა:
"ნეიროქირურგები ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ სვამენ. რა თქმა უნდა, არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ იცით თქვენ რა ქენით? საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს, გააძლიერეთ სტიგმა, ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე და ფსიქოთერაპიაზე, ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ეს და ეუბნებიან, რომ ადგილი არ გვაქვს. ძალიან ბევრი მოსწავლე გადამიმისამართებია ფსიქიატრთან, რადგან მათ სჭირდებოდა ეს. არანაირი პრობლემა არ მაქვს ფსიქიატრიასთან. ისედაც ბევრი სტერეოტიპებია ჩვენთან ფსიქიატრიის მიმართ და არ მინდოდა ამის ხელშემწყობი ვყოფილიყავი“, - თქვა ნინო დათაშვილმა სხდომაზე.
ნინო დათაშვილმა და მისმა ადვოკატებმა 7 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოითხოვეს, რომ სასამართლო დარბაზი დაეტოვებინა მანდატურის დაცვის სამსახურის უფროსს, დავით მატიაშვილს, რადგან მათი თქმით, ის იყო ერთ-ერთი მანდატური, რომელმაც 9 ივნისს ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.
"როდესაც აქ მოვდივარ, ყოველ ჯერზე მიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. ჩემთვის ძალიან მძიმეა მოძალადეების ხილვა ყოველ ჯერზე”, - თქვა ნინო დათაშვილმა.
მოსამართლე:“არის ამ დარბაზში ისეთი მანდატური, რომელმაც თქვენზე იძალადა?”
დათაშვილი:“დიახ”
მოსამართლე: “გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი იმ მანდატურებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, არიან აქ ასეთები?”
ნინო დათაშვილი და დარბაზი:“კი, არის”... და უთითებენ მანდატურის სამსახურის უფროსზე, დავით მატიაშვილზე, რომელიც კარში დგას.
დავით მატიაშვილი დარბაზიდან გასვლაზე თავდაპირველად უარს ამბობს და ამტკიცებს, რომ მას ნინო დათაშვილზე არ უძალადია. დარბაზი ხმაურობს - “გაჩვენებთ კადრებს”.
მოსამართლე მას კვლავ სთხოვს, დატოვოს დარბაზი.
მანდატურის სამსახურის უფროსი ხალხის შეძახილის ფონზე, უკმაყოფილო ტოვებს დარბაზს: “კი ბატონო, დავტოვებ”.
დავით მატიაშვილი, მოსამართლის მოთხოვნის შემდეგ, უკმაყოფილო ტოვებს დარბაზს, 7 აგვისტო, 2025 წელი
ერთ-ერთი პირველი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა, თამარ გაბოძემ, ელისო რუხაძემ და თამარა ზარქუამ სასამართლო სხდომაზე დააყენეს, ეს იყო მთლიანად თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შემდეგ უკვე პროკურორის, მედეა ცირამუას აცილება. ამის მიზეზი კი ასე განმარტეს:
„მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური მაშინ, როდესაც უნდა განიხილოს საქმე, რომელშიც მოწმეები და დაზარალებული არიან მისი თანამშრომლები. არსებობს სტანდარტი, ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლიდან გამომდინარე და ასევე არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლე არა თუ უნდა იყოს ობიექტური, არამედ საზოგადოების და განსაკუთრებით, ბრალდებულის თვალში ასეთად უნდა აღიქმებოდეს. მაშინ, როდესაც სასამართლომ უნდა განიხილოს თავისი თანამშრომლების საქმე, რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური კითხვები ობიექტურობასთან დაკავშირებით“.
რაც შეეხება პროკურორის აცილებას, ადვოკატებმა თქვეს:
"ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ საქმეს გაეკაროს პროკურორი მედეა ცირამუა. ვითხოვთ, შესწავლილი იყოს პროკურორის ქცევის კანონიერება, როდესაც მან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა, რომ ნინო დათაშვილი გადაეყვანათ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე".
ნინო დათაშვილის საქმის პროკურორები, 7 აგვისტო, 2025 წელი
მედეა ცირამუა, ადვოკატების ამ მოთხოვნას ასე გამოეხმაურა:
„დაცვის მხარემ თავად წარმოადგინა და გააჟღერა ინფორმაცია ფსიქოემოციური ლაბილობის შესახებ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, რომ პირად ინფორმაციაზე შემხებლობა გვიწევს, პირიქით, მხოლოდ სწორი ინფორმაციის გაჟღერებას ვცდილობდით.
რაც შეეხება სტიგმატიზებას, ამის მიზანი და სურვილი არავის ჰქონია. ესეც უტრირებულია. როდესაც ასეთი სახის დოკუმენტია წარმოდგენილი, ყველა სისხლის სამართლის საქმეში ინიშნება ასეთი ექსპერტიზა. შეგიძლია მოიძიოთ ასეულობით ასეთი საქმე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სტიგმატიზება.
ამ ექსპერტიზის ჩატარება არის აუცილებელი, რომ სასამართლომ მიიღოს შემაჯამებელი დასკვნა, სწორედ ამიტომ იქნა დანიშნული ექსპერტიზა. არცერთ შემთხვევაში ეს წამებას არ ემსახურება და არ არის სადამსჯელო ღონისძიება. გუშინ შესულები იყვნენ ბრალდებულთან ექსპერტები, ჰგავდა ეს წამებას?“, - თქვა მედეა ცირამუამ.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაცვის მხარის შუამდგომლობები სასამართლოსა და პროკურორის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.
7 აგვისტოს გამართულ სხდომაზე სასამართლომ მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა.
დაცვისა და ბრალდების მხარემ არაერთი მტკიცებულების დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, საბოლოოდ, მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, მათ შორის, დაცვის მხარის ის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის დაუშვებლობასაც ბრალდების მხარე ითხოვდა.
ამ მტკიცებულებებს შორისაა რადიო თავისუფლების საიტზე გამოქვეყნებული ვიდეოები და ასევე იმ მოწმეების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საუბრობენ საქალაქო სასამართლოს მანდატურების ძალადობრივ ქმედებებზე.
ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა, 7 აგვისტო, 2025 წელი
7 აგვისტოს წინასასამართლო სხდომა, რომელსაც ნინო დათაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ თითქმის 8 საათს გაგრძელდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ნინო დათაშვილი ფეხზე იდგა. მას არაერთხელ შესთავაზა მოსამართლე ლალა კალიჩენკომ სკამზე დაჯდომა, თუმცა, ის ყოველ ჯერზე იმეორებდა: „მე არ დავჯდები საბრალდებო სკამზე, რადგან თავს დამნაშავედ არ ვთვლი“.
დღის მიწურულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ხერხემლის პრობლემებს უკავშირდება, როცა მას უკვე აშკარად უჭირდა ფეხზე დგომა და მოსამართლემ კიდევ ერთხელ შესთავაზა სკამზე დაჯდომა, ნინო დათაშვილმა თქვა:
„მზია ამაღლობელმა ისეთი თამასა დაგვიწესა პოლიტპატიმრებს“...
„ბათუმელებისა და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, რომელსაც გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებოდა, 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თვეების განმავლობაში, როცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომები იმართებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ის ერთხელაც კი არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე. ეს იყო მისი პროტესტი, რადგან წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლიდა.
7 აგვისტოს, საბრალდებო შუშის კაბინიდან ნინო დათაშვილმა დარბაზში შეკრებილებს ფურცელზე დაწერილი გზავნილი - „თავისუფლება მზიას“ - არაერთხელ აჩვენა.
მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, რომ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე არსებითად განსახილველად არ გადასცემოდა სასამართლოს, მოსამართლე კალიჩენკომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არსებითი განხილვის პირველი სხდომა 21 აგვისტოს, 13 საათზე დანიშნა.
ასევე ნახეთ "ვგმობთ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას" - ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები ნინო დათაშვილის საქმეზესამოქალაქო აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას, უკეთეს შემთხვევაში, დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.
იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოში, როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატი თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე. გამოძიება მხოლოდ მანდატურის სამსახურიდან განხორციელებული ზარის შემდეგ დაიწყო.
ასევე ნახეთ ნინო დათაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, რომ აქტივისტის საქმე არა თბილისის, არამედ სხვა სასამართლომ განიხილოს