აშშ ცდილობს ჩინეთთან მოლაპარაკებები პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენოს

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი, ვლადიმირ პუტინი (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კრემლისთვის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად დადგენილ 8 აგვისტოს ვადამდე, ვაშინგტონი მოსკოვის ეკონომიკურად შეზღუდვას ცდილობს და ამისათვის ახალი სამიზნე დაისახა: რუსული ნავთობის გაყიდვები ჩინეთში.

ჩინეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი ნავთობის რაოდენობის შეზღუდვა მოულოდნელ დაბრკოლებად იქცა სტოკჰოლმში მიმდინარე აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებისას. აქ ორივე მხარე ცდილობს მრავალი უთანხმოების მოგვარებას, რათა თავიდან აიცილოს მძიმე ტარიფები და მიაღწიოს უფრო ფართო სავაჭრო შეთანხმებას.

ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ სულ უფრო მეტადაა იმედგაცრუებული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობების უარყოფის გამო. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს ჩამოართმევს და ამით მეტ ბერკეტს მოიპოვებს მის წინააღმდეგ.

„ტრამპის ადმინისტრაციამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ნავთობის გაყიდვები ჩინეთში“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას დენის უაილდერმა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მთავარი მრჩეველი იყო ჩინეთის საკითხებში. - „მათ გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე ვარდნაში იქნებოდა“.

ასევე ნახეთ როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ?

მაგრამ პეკინს არ სურს აშშ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩინეთის ოფიციალური პირები მიმდინარე მოლაპარაკებებისას უარი განაცხადეს ნავთობის შესყიდვების შემცირებაზე. საპასუხოდ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 100%-იანი ტარიფის შესაძლებლობა წამოჭრა.

„ჩინეთი ყოველთვის უზრუნველყოფს ენერგომომარაგებას ისე, რომ ის ემსახუროს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას X-ზე. - „იძულება და ზეწოლა არაფერს მოიტანს. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს“.

ანალიტიკოსები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა ჩინეთმა რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტოს. თუმცა, შესაძლოა პეკინი მზად იყოს კეთილი ნების ნიშნად მოკლე დროით შეზღუდოს შესყიდვები.

„შესაძლებელია პეკინმა გადაწყვიტოს რუსული ნავთობის ყოველთვიური იმპორტის მცირედით შემცირება, მაგრამ არ მოველი, რომ ისინი მთლიანად შეწყვეტენ მას ან საჯაროდ გამოაცხადებენ რაიმე ცვლილებას.“ - თქვა უაილდერმა.

ასევე ნახეთ აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი, რუსეთი - რა ხდება ტარიფების ომში?

შეუძლია აშშ-ს ჩინეთის დარწმუნება, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა?

ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირება დამოკიდებული იქნება შვედეთში მიმდინარე აშშ-ჩინეთის რთულ სავაჭრო მოლაპარაკებებზე. შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადა 12 აგვისტოა.

ვაშინგტონმა პეკინისგან ასევე ითხოვს ირანის ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას. ირანი, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშაა, ამჟამად თავისი ნავთობის ექსპორტის 90 პროცენტზე მეტს ჩინეთში ახორციელებს.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი ჩინეთს მთლიანი ნავთობის დაახლოებით მეხუთედით ამარაგებს.

ტრამპმა ასევე გააძლიერა ზეწოლა ინდოეთზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთთან ერთად რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია.

4 აგვისტოს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ის ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო ტარიფებს „მნიშვნელოვნად გაუზრდის“. მანამდე ის ინდური პროდუქციას 25%-იანი ტარიფით დაემუქრა.

თუ ჩინეთი და ინდოეთი შესყიდვებს შეზღუდავენ, ამას მოსკოვი ნამდვილად იგრძნობს, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, პეკინსაც აქვს კარტი შეერთებული შტატების წინააღმდეგ სათამაშოდ.

ასევე ნახეთ ჩინეთს უნდა, სათავისოდ გამოიყენოს დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის

თეთრი სახლი ახლა აქტიურად მოუწოდებს ჩინეთს, შეიძინოს მეტი ამერიკული პროდუქტი, მათ შორის ამერიკული ტექნოლოგიები. ტრამპმა და ბესენტმა ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ჩინეთმა აშშ-ის ბიზნესებს ფუნქციონირება გაუადვილოს და ასევე გაზარდოს აშშ-ის ენერგიის შესყიდვები.

თუმცა, ჩინეთი ასევე იყენებს თავის დომინანტურ პოზიციას იშვიათ მიწათა ელემენტების სფეროში თავისთვის დათმობების მოსაპოვებლად.

ეს განსაკუთრებით კარგად ივლისში გამოიკვეთა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა შეამსუბუქა აკრძალვა რეაქტიული ძრავებისა და Nvidia-ს H20 ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გაყიდვაზე, პეკინის მიერ იშვიათი მიწათა ელემენტების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის სანაცვლოდ.

ნავთობის შესყიდვებზე ზედმეტმა ზეწოლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-ისა და ჩინეთის მომლაპარაკებლების მიერ უკვე მიღწეულ სავაჭრო პროგრესს.

„პეკინმა აჩვენა, რომ იშვიათი მიწების ელემენტების ექსპორტზე მისი შეზღუდვები ძლიერი იარაღია და აშშ-ის ადმინისტრაციას არ უნდა სურდეს ამ მყიფე ზავის საფრთხის ქვეშ დაყენება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მარია შაგინამ, ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ უკრაინაში ჩინელი მებრძოლების დატყვევების შემდეგ პეკინი ამოიღო სამიზნეში

რა ბერკეტები აქვს ვაშინგტონს ჩინეთთან მიმართებაში?

პეკინი შესაძლოა ასევე ყოყმანობდეს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთის საომარ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ.

ჩინეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარ მხარდამჭერად რჩება. პუტინმა და სი ძინპინმა „უსაზღვრო“ პარტნიორობა გამოაცხადეს კრემლის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი თავს იკავებს მომაკვდინებელი იარაღის რუსეთში გაგზავნისგან, ის კრემლს მაინც აწვდის ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს შეავსოს რაკეტების, დრონების და სხვა საბრძოლო მასალის მარაგი.

ივლისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურს, კაია კალასს, განუცხადა, რომ პეკინს არ შეუძლია შეეგუოს ომში რუსეთის დამარცხებას, რადგან ეს ვაშინგტონს საშუალებას მისცემს მთელი ყურადღება ჩინეთს დაუთმოს. კომენტარები თავდაპირველად South China Morning Post-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი რადიო თავისუფლებამაც დაადასტურა.

ექსპერტების თქმით, აშშ-ის სენატში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ვაშინგტონის მიერ პეკინის წინააღმდეგ გამოყენებული ინსტრუმენტი.

ასევე ნახეთ როგორ ეჭიდება პუტინი სი ძინპინის სარტყელს

ეს კანონი 500%-მდე ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას მისი ნავთობისა და გაზის შეძენით. ორი მთავარი სამიზნე ჩინეთი და ინდოეთია. თუმცა, თუ კანონპროექტს კონგრესი მიიღებს, ამ ზომების მიღება დაძაბულობას მკვეთრად გაამწვავებს.

პეკინიც, თავის მხრივ, ვარიანტების აწონ-დაწონის პროცესშია. რუსეთიდან ნავთობის შესყიდვების შეზღუდვის გარდა, ისინი შეეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის გულის მოგებას შეერთებულ შტატებში მეტი ინვესტიციის ჩადებით და აშშ-ის ენერგეტიკული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვების გაზრდის დაპირებებით.

ჯო ვებსტერი, ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ჩინეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების დარგში, ამბობს, რომ პეკინს რუსული ნავთობის შესყიდვის შემცირებას ურჩევნია აშშ-ისგან ენერგეტიკული შესყიდვების გაზრდა.

„აშშ-ის ექსპორტის გაზრდა ჩინეთისთვის საკმაოდ მარტივად გადასადგმელი ნაბიჯია“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. - „რუსეთიდან იმპორტის შემცირება კი უფრო დიდი გამოწვევაა, რადგან ამან შეიძლება რუსეთს რეალური მატერიალური ზიანი მიაყენოს და პეკინს აშკარად არ სურს, რომ მოსკოვმა ომი წააგოს“.

თუმცა, პეკინი ამასაც კი შეიძლება ყოყმანით შეხვდეს.

ასევე ნახეთ სტრატეგიული მოკავშირეები თუ ფარული მეტოქეები? – სიორენ ურბანსკი ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობაზე

ჩინეთის ხელისუფლება დიდი ხანია შიშობს, რომ შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება უცხოური ნავთობის მიწოდების შეწყვეტით. ამის გამო ჩინეთმა ასობით მილიარდი დოლარი დააბანდა საკუთარი შიდა წარმოების გაზრდაში და მსოფლიოში წამყვანი ელექტრომობილების ინდუსტრიის მშენებლობაში.

„პეკინს არ სურს ვინმეზე დამოკიდებული იყო, მათ შორის რუსეთზე ან, კიდევ უფრო, შეერთებულ შტატებზე“, - თქვა ვებსტერმა. - „ამას ყოყმანით შეხვდებიან“.