რუსეთში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, კიდევ ერთ ქარხანაზე, ამჯერად - სტავროპოლში

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი „ვამპირი"

12 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სტავროპოლში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებს.

ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე ღამის ოთხი საათისთვის წერდა, რომ კვამლი დაფიქსირებულია სტავროპოლის კულაკოვის გამზირზე, სადაც ქიმიური მრეწველობის ქარხანა „მონოკრისტალი“ მდებარეობს.

გამთენიისას ASTRA-მ შესაბამის ფოტოსთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.

დილის შვიდი საათის მდგომარეობით, ადგილობრივ ხელისუფლებას „მონოკრისტალზე“ დრონებით შეტევისა და ხანძრის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს შეტევას არზამასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე

განახლება: დილის რვის ნახევრისთვის სტავროპოლის მერის, ივან ულიანჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მოგერიებულია, არავინ დაშავებულა და მხოლოდ ერთ-ერთი სოციალური ობიექტის ფანჯრები ჩაიმსხვრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში სტავროპოლის მხარეში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.