ბაჩიაშვილის საქმე: გატაცების ვერსია და კალაძის წინააღმდეგობრივი განცხადება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება ეწინააღმდეგება სუსის ვერსიას - ბაჩიაშვილის დაკავების ეპიზოდის შესახებ.

მოკლედ

  • გიორგი ბაჩიაშვილის უცხო ქვეყნიდან გატაცების ვერსიას ნაწილობრივ ადასტურებს კახა კალაძის განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება სუსის ოფიციალურ ვერსიას.
  • ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ იკვეთება "საერთაშორისო დანაშაულის" ნიშნები, რომლის მსგავს საქმეებსაც სტრასბურგის სასამართლოც იცნობს.
  • ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გაიტაცეს. მასზე ფიზიკურად იძალადეს ციხის საკანშიც.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები აპირებენ კიდევ ერთხელ მიმართონ პროკურატურას -  “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების შემდეგ, რაც თავდაყირა აყენებს სუსის ვერსიას - ბაჩიაშვილის დაკავების ეპიზოდის შესახებ.

კახა კალაძის ნათქვამი ყველაზე ახლოს დგას თავად გიორგი ბაჩიაშვილის მონათხრობთან.

ამ ეტაპზე სამი ვერსიაა ცნობილი.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [27 მაისი]: “26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, [რომ ბაჩიაშვილი] წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
  • პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილი [29 მაისი]: “24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან… ორი დღე თვალებახვეული მატარეს [“თავზე ტომარაჩამოცმული”] … მოტაცებული ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში”.
  • „ქართული ოცნების“ გენმდივანი, კახა კალაძე [12 აგვისტო]: “ის [ბაჩიაშვილი] ჩამოყვანილ იქნა უცხო ქვეყნიდან და არანაირ მოტაცებას და გატაცებას ადგილი არ ჰქონია… რისი გამოძიება უნდა დაიწყოს?! ფაქტი არ მომხდარა [გატაცების]… ადამიანის ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან”.


კალაძის განცხადება მნიშვნელოვანი აღიარებაა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატისთვის, დავით ჯანდიერისთვის, რადგან “ის ადასტურებს” ბაჩიაშვილის მონათხრობს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოყვანის შესახებ და “პირდაპირ ეწინააღმდეგება” სუსის ვერსიას, რომ ბაჩიაშვილი საქართველოს საზღვართან დააკავეს.

“კალაძის განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ხელისუფლების წარმომადგენლის, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირის დადასტურება, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთიდან ჩამოიყვანეს, რეალურად კი - გაიტაცეს.

...[ბაჩიაშვილი] არ ექვემდებარებოდა არც დეპორტაციას, არც ექსტრადიციას და არც რაიმე სხვა კანონიერ პროცედურას. შესაბამისად - ეს განცხადება მნიშვნელოვან იურიდიულ გარემოებას წარმოადგენს“, - ეუბნება ჯანდიერი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ “საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაულს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-3 [წამების აკრძალვა], მე-5 [თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება], მე-8 [პირადი ცხოვრების დაცულობა] მუხლებს”.


გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი

სახელმწიფო სტრუქტურების “კოორდინირებული მოქმედება”

დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ბაჩიაშვილთან დაკავშირებული პროცესები, მათ შორის - “იძულებითი ტრანსფერი და მისი წამება”, მიუთითებს სახელმწიფო სტრუქტურების - პროკურატურის, სუსის, სასამართლოსა თუ პენიტენციური სისტემის “კოორდინირებულ მოქმედებაზე ბაჩიაშვილის ინტერესების შესალახად” და რომ თითოეული დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებებს აქვთ მნიშვნელოვანი წონა და ექნებათ სამართლებრივი შედეგიც.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ “ადამიანების გატაცების” მსგავსი საქმეები უცხო არ არის სტრასბურგის სასამართლოსთვის და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეა.

მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებდნენ ბაქოს ვერსიას, რომ მუხთარლი აზერბაიჯანულმა მხარემ "მწვანე საზღვრის კვეთის დროს" დააკავა.

მუხთარლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები დაადგინა.

ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დარღვევები დაადგინა

თვითმფრინავი საამიროებისკენ გაფრინდა

9 ივნისს, ასევე სასამართლო სხდომაზე, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ “ბატონი ანრი ოხანაშვილი [სუსის უფროსი] იმყოფებოდა იმ [თვითმფრინავის] ბორტზე”, რომლითაც ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით “მოიტაცეს”.

“ზღაპრებს ჰყვება”, - თქვა ანრი ოხანაშვილმა 24 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას და ისიც თქვა, რომ მზად არის პასუხის გასაცემად “ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის - პროკურატურას თუ ექნება”...

გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ 27 მაისს გახდა ცნობილი - სუსისგან. მარტის დასაწყისში ბაჩიაშვილმა მალულად დატოვა საქართველო და განმარტა, ეს გადაწყვეტილება საფრთხეების არსებობის გამო მივიღეო. სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველოს დატოვების შემდეგ, ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა და მაისის ბოლოს სწორედ იქიდან დააბრუნეს საქართველოში.

ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილი: გამიტაცეს და თვალები ამიხვიეს, თვითმფრინავით ჩამომიყვანეს
ასევე ნახეთ ზღაპრებს ჰყვება, მაგრამ თუ გამოძიებას კითხვები აქვს, მზად ვარ მივიდე - ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე

Flightradar24-ის მონაცემებით მალევე დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილის მიერ მითითებული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 26 მაისს გაფრინდა და მალევე დაბრუნდა უკან.

Georgian Airways-მა განაცხადა, რომ ჩარტერული ავიარეისები ხშირად სრულდება, კერძო პირებისა და ორგანიზაციების დაკვეთით, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და დამკვეთის ვინაობა არ დასახელდა.

“მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება, უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები...ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს", - Georgian Airways-ი ირწმუნებოდა, რომ კანონი თავად არ დაურღვევია.

ასევე ნახეთ „ჯორჯიან ეარვეისი“ ბაჩიაშვილის საქმეზე: ბორტზე არაკანონიერი გზით მოხვედრა შეუძლებელია


იძებნებოდა თუ არა ბაჩიაშვილი წითელი ცირკულარით?

მაისის ბოლოს სუსი მიუთითებდა, რომ ბაჩიაშვილი დაკავების დროს იყო “წითელი ცირკულარით ძებნილი“, თუმცა თავად ბაჩიაშვილმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ მისი „ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული”.

ადვოკატი დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ ბაჩიაშვილი რაღაც ეტაპზე მართლაც იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ, ინტერპოლმა ის ძებნიდან მოხსნა და ამ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარგარეთ ყოფნის ბოლო დღეებში მიიღო.

"რეაგირება არ მოჰყოლია"

გატაცების შესახებ ბაჩიაშვილი სასამართლოს სხდომებზე ჰყვებოდა, მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეების განხილვის დროს და გამოძიების დაწყებას ითხოვდა - უშედეგოდ. როგორც დაცვის მხარე აღნიშნავდა, გამოსაკითხად მასთან არავინ მისულა.

2 ივნისს მისმა ადვოკატებმა თავად მიმართეს გენერალურ პროკურატურას. დავით ჯანდიერი გვეუბნება, რომ მოითხოვეს გამოძიების დაწყება და “ათობით გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება”, მაგრამ “რეაგირება არ მოჰყოლია” და ამ მოთხოვნით ისევ მიმართავენ პროკურატურას.

24 ივნისს სუსის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაჩიაშვილის მონათხრობთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. “მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია, რადგან ამის ვალდებულება იყო“, - თქვა მან.

მანამდე იყო ცნობები, რომ ამ მიმართულებით გამოძიებას უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდა.

რადიო თავისუფლებამ ეს საკითხი სუსშიც მოიკითხა და გენერალურ პროკურატურაშიც. პასუხები ვერ მივიღეთ.

ასევე ნახეთ ეს ვერსია სუსის პრესტიჟს ამაღლებს - მდინარაძე ბაჩიაშვილის ნათქვამზე, რომ მისი დაბრუნებისას ბორტზე ოხანაშვილი იყო
ასევე ნახეთ თუ მართალს ამბობდა, მოხარული უნდა იყოს, რომ საქართველოშია და უსაფრთხოდაა - კობახიძე ბაჩიაშვილზე

ყოველ ჯერზე, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო სხდომებზე გატაცების ამბავზე ლაპარაკობდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ის სუსის რეკლამირებით იყო დაკავებული.

  • „ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია, თუ შეიძლება, ეს სუსის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს“ - მამუკა მდინარაძე.
  • “ამას თუ ჩვენ მოცემულობად და სიმართლედ მივიღებთ, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის, ასე რომ გააგრძელოს [ბაჩიაშვილმა] ამაზე საუბარი” - შალვა პაპუაშვილი.
  • “ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ ტიპის შეფასებებს, რადგან ქართულ სპეცსამსახურებს წარმოაჩენს ნამდვილად ყოვლისშემძლედ” - ლევან მახაშვილი.


“ქართული ოცნების” რიგებიდან საწყის ეტაპზე იყო ასევე განცხადებები, რომ “გამოძიება ყველა კითხვას გასცემს დეტალურ და ამომწურავ პასუხს“, თუმცა 12 აგვისტოს კახა კალაძემ განაცხადა, რომ გატაცების ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც გამოძიებაა საჭირო.

თავდასხმა საკანში, ბრალდებები

ბაჩიაშვილის ადვოკატებისთვის საზღვართან დაკავების ვერსია თავიდანვე არალოგიკური იყო.

“გიორგი ბაჩიაშვილმა თავიდანვე საჯაროდ განაცხადა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, რაც ციხეში 11 ივლისს მომხდარი თავდასხმითაც დადასტურდა… ამიტომ არ არსებობდა არავითარი ლოგიკური საფუძველი, რომ პოლიტიკურად დევნილი და ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების მსხვერპლი, თავად დაბრუნებულიყო საქართველოს საზღვართან”, - გვეუბნება დავით ჯანდიერი.

  • 14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ. პატიმარი ციხიდან იწერებოდა, რომ 11 ივლისს მასზე საკანში ფიზიკურად იძალადა უცნობმა პირმა; ხოლო მანამდე, 8 ივლისს, მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მიეცა წვდომა საბანკო ანგარიშებზე, კრიპტოვალუტის ბრუნვებსა და ანგარიშების მისამართებზე.
  • ბაჩიაშვილი 11 ივლისს საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს უკან დააბრუნეს. ხოლო მომდევნო დღეს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს.


ასევე ნახეთ „რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში, არ გავტყდები“ - ბაჩიაშვილი ვრცელ წერილში აღწერს ცემის ფაქტს
ასევე ნახეთ „მელაძის შაბათის“ გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ დაადგინეს, ვინ სცემა საკანში გიორგი ბაჩიაშვილს

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს, „დიდი ოდენობით თანხის მითვისებას“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”/ “ფულის გათეთრებას” ედავებიან.

  • 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მარტში დაუსწრებლად გამოტანილი 11-წლიანი საპატიმრო განაჩენი.
  • ამ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი მისგან 9000 ბიტკოინის [868 მილიონი დოლარი] გადახდას მოითხოვს.


ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ მოულოდნელი არც 12 აგვისტოს გადაწყვეტილება არ ყოფილა და აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში.

გიორგი ბაჩიაშვილი თავს ბიძინა ივანიშვილის “პირად ტყვედ” მიიჩნევს და მუდმივად იმეორებს, რომ ივანიშვილმა მას და მის ოჯახს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არა "მითვისების", არამედ “გამოძალვის” პროცესს აწარმოებენ.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წაყენებული კიდევ ორ საქმეზე:

  • “მტკვარი ჰესის” საქმეზე - [გულგრილობა - სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, მძიმე შედეგით - სსკ-ის 220​ პრიმა მუხლი];
  • საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე - [344-ე მუხლის პირველი ნაწილი]. 2 მარტს ბაჩიაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც, აღკვეთის ღონისძიება - გირაო - პატიმრობით შეუცვალეს.


ასევე ნახეთ ციხეში ოჯახის წევრის დახმარებისთვის - ზარალის „მარტივად, სწრაფად და ეფექტიანად“ ანაზღაურების კანონპროექტი

ბაჩიაშვილი დასახელდა ერთ-ერთ ინსპირატორად, როდესაც სადავო პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" მუშაობა დაიწყო საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც დაზარალებულთათვის ზარალის სრულად ანაზღაურებას ისახავს მიზნად, ხოლო ბრალდებულისთვის უმკაცრეს პირობებს ადგენს - მათ შორის ქვეყნიდან გასვლის ხანგრძლივად აკრძალვას.

პროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანი ნასამართლევი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის თუ მეგობრის დახმარებისთვის 5 წლით დაიჭირონ, თუკი, მაგალითად, მას სახლს დაუთმობს ან ავტომობილს ათხოვებს.

თუკი ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული ზარალს არ აანაზღაურებს, თვეში შეუძლია მიიღოს და მოიხმაროს მხოლოდ "საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა" - [461 ლარი - 2024 წლის მაჩვენებლით].

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ახალი ნორმები გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.

ასევე ნახეთ ცნობები ბაჩიაშვილის გატაცებაზე დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის - სენატორი შაჰინი