Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბაჩიაშვილი: გამიტაცეს და თვალები ამიხვიეს, თვითმფრინავით ჩამომიყვანეს


გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი

„ბიტკოინების საქმეზე“ ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს საპატიმროშია, მისი ქვეყანაში შემოყვანის დეტალებზე სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

ის კიდევ ერთ, „მტკვარი ჰესის“ საქმეზეა ბრალდებული, რომლის ფარგლებშიც დღეს, 29 მაისს გაიმართა სასამართლო სხდომა. სწორედ ამ სხდომაზე მიეცა მას საშუალება საქართველოში დაბრუნების დეტალებზე ესაუბრა.

„არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და დღეს მე კიდევ ერთ საერთაშორისო დანაშაულს შეგატყობინებთ.

საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოხდა: შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში: ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში.

საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებითა და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, აჯობა თავის თავს.

მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის - ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“, - თქვა მან და მოსამართლეს სთხოვა, მისი მონაყოლის გამო დაიწყოს გამოძიება და გამოხატა მზაობა გამომძიებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა საქმის პროკურორს, მიხეილ სადრაძეს ჰკითხეს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის მონაყოლზე, რომლის მიხედვითაც, ის „მოტაცებით“ შემოიყვანეს ქვეყანაში.

„ის საკითხები, რაზეც ბრალდებულმა გააკეთა აქცენტი, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამ ორგანომ გააკეთა შესაბამისი განმარტება. შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება და ეს უწყება გააკეთებს კომენტარს..." - უპასუხა პროკურორმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ამ საქმეზე დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან გამოძიებას სხვა უწყება ატარებს.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ სასამართლო თავად არ მიმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცველებს, გამოძიებას დაცვის მხარე მოითხოვს.

"გიორგიმ [ბაჩიაშვილმა] გააკეთა დღეს იმგვარი განცხადება, რომელიც შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, არაერთი დანაშაულის, მან მოსთხოვა მოსამართლეს, რომ მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მიიღებს პირისგან ინფორმაციას, შესაძლო დანაშაულის შესახებ ის თავად არის ვალდებული მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება ანუ ფაქტის გადამოწმება.

ამას გარდა, ამ ფაქტიდან გამომდინარე რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს და მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დღეს დეტალურად".

რაც შეეხება სუსის ვერსიას „მწვანე ზონაში“ ყოფნასთან დაკავშირებით, ადვოკატის თქმით, დღეს ბაჩიაშვილმა განაცხადა რომ „მწვანე ზონაში“ არაფერი ესაქმებოდა, ის გადმოაფრინეს თვითმფრინავით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც, ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტი მარტივად გადამოწმებადია შესაბამისი ელექტრონული ბაზების მეშვეობით, რადარებზე ხდება ამ ფრენის რეგისტრაცია“.

შეკითხვაზე აბუ-დაბიში იმყოფებოდა თუ არა გიორგი ბაჩიაშვილი, ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა უპასუხა, რომ ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუსახელებია ქვეყანა, შესაბამისად „მე დღეს ამ ქვეყანას არ დავასახელებ. თუმცა მან თქვა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამომძიებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც:

„26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი“.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს”.

ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, საიდან და როგორ მოხდა ბაჩიაშვილის „იძულებით დაბრუნება“.

იურისტების საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ ბაჩიაშვილს წამების საფრთხე ემუქრება და აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებისთვის.

რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ. მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.

„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია“, - ამბობს ბაჩიაშვილი.

გამოცემის ცნობით, ის ასევე ვარაუდობდა, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:

„ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG