5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები 6 წლის შემდეგ პირველად ხვდებიან პირისპირ.

მოკლედ

  • პუტინი ეცდება ტრამპთან შეხვედრა საერთაშორისო იზოლაციის დასასრულებლად გამოიყენოს;
  • ტრამპი სამიტს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჩართულობით მეორე შეხვედრისთვის ამზადებს, თუმცა მისი მხრიდან ტერიტორიული დათმობების მინიშნება კიევში შეშფოთებას იწვევს;
  • ზელენსკის იმედი აქვს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე უკრაინისთვის მიუღებელ შეთანხმებას არ მიაღწევენ;
  • რუსეთი უკრაინის ტერიტორიების მეხუთედს აკონტროლებს და მცირე, მაგრამ სტაბილურ სამხედრო წარმატებებს აღწევს აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი მსხვერპლის ფასად;
  • მშვიდობის მიღწევა რთულია, რადგან ორივე მხარის მიზნები ერთმანეთის „წითელ ხაზებს“ კვეთს.
სანამ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ხვდებიან პირისპირ, ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ.

რა სურს პუტინს?

ბევრი ანალიტიკოსი ტრამპთან შეხვედრას პუტინისთვის უკვე გამარჯვებად მიიჩნევს, რადგან კრემლის ლიდერი ცდილობს, დაასრულოს თავისი საერთაშორისო იზოლაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ტრამპთან გადაღებული ფოტოც საქმეა.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ [პუტინს] დასავლეთის არცერთი ლიდერი არ შეხვედრია. ახლა კი მას აშშ-ის პრეზიდენტთან აქვს სამიტი ისე, რომ არანაირ დათმობაზე არ წასულა“, — ამბობს იანა კობზოვა, რომელიც სლოვაკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იყო.

პუტინის მიზნები დიდად არ შეცვლილა ომის დაწყების შემდეგ.

„კრემლი მიიჩნევს, რომ ახლა ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს, ამიტომ თუ დათმობებს ვერ მიაღწევს დიპლომატიის გამოყენებით, შეუძლია უბრალოდ განაგრძოს შეტევა“, — ამბობს კობზოვა.

ამ მიზეზით, მოსალოდნელია, რომ პუტინი წინააღმდეგობას გაუწევს ცეცხლის შეწყვეტის მიღებას.

უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ. ანკორიჯი, ალასკა, აშშ. 14 აგვისტო, 2025 წელი

რას ელის ტრამპი?

ტრამპმა განაცხადა, რომ სურს ამ სამიტის გამოყენება „მოლაპარაკებების მაგიდის გასაშლელად“ მეორე შეხვედრისთვის, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩაერთვება.

„მგონია, რომ ეს კარგი შეხვედრა იქნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მეორე შეხვედრა. გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩემთან და შეიძლება ზოგიერთი ევროპელი ლიდერიც დავპატიჟოთ, შეიძლება — არა“, — თქვა ტრამპმა 14 აგვისტოს.

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ რაც შეიძლება მალე სურს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, როგორც პირველი ნაბიჯი ხანგრძლივი შეთანხმებისკენ. თუმცა ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ პუტინი შეეცდება წყლის ამღვრევას სხვა შეთავაზებებზე ყურადღების გადატანით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი მიიჩნევს, რომ პუტინმა ტრამპს შესაძლოა ფინანსური სარგებელი შესთავაზოს, რათა თავიდან აიცილოს ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმება.

„შეიძლება ორმხრივი შეთანხმებებიც გაჩნდეს, განსაკუთრებით კომერციული გარიგებების შესახებ, რომლებიც რამდენიმე ამერიკულ კომპანიას მოუტანს სარგებელს“, — ამბობს ის.

ტრამპი-პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმართება

რის მოლოდინი აქვს ზელენსკის?


ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტმა გააფრთხილა ტრამპი მის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების უსარგებლობაზე.

ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბრების დაწყებას ზელენსკი აქამდე წარმატებით იცილებდა თავიდან. ტრამპმა სამიტის წინ თქვა, რომ კიევს ტერიტორიების დათმობას არ აიძულებს, თუმცა მისი მინიშნება, რომ "ტერიტორიების გაცვლა" მოუწევთ და პუტინმა და ზელენსკიმ შეიძლება „გაიყონ“ რაღაცები, კიევში შეშფოთებას იწვევს.

ასეთი მოთხოვნები არა მხოლოდ ზედმეტად დიდი ლუკმაა პირადად ზელენსკისთვის, რომ გადაყლაპოს, არამედ უკიდურესად რთულია შესთავაზოს უკრაინის საზოგადოებას.

ზელენსკის იმედი აქვს, რომ ტრამპი და პუტინი მისთვის მიუღებელ შეთანხმებას არ მიაღწევენ, რათა თეთრ სახლში არ ჩამოყალიბდეს შთაბეჭდილება, თითქოს მშვიდობის გზაზე მთავარი დაბრკოლება თავად ზელენსკია.

რუსული დრონის თავდასხმის შედეგები დრუჟკივკის ბაზარზე, დონეცკის რეგიონში, უკრაინა. 2 აგვისტო, 2025.


რა მდგომარეობაა ბრძოლის ველზე?


რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს — 114 500 კვადრატულ კილომეტრს — აკონტროლებს.

ფრონტის ხაზი დაახლოებით 1 000 კილომეტრზეა გადაჭიმული ხარკივის (ხარკოვის), ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე მძიმე დანაკარგებს განიცდის, რუსეთმა ამ თვის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა — დაახლოებით 10 კილომეტრით წაიწია წინ, განსაკუთრებით ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით.

ეს ასახავს რუსულ სტრატეგიას, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსები აღწერენ, როგორც მცირე, მაგრამ სტაბილური წარმატებების მიღწევას დიდი მსხვერპლის ფასად.

ასევე ნახეთ ტერიტორიული კომპრომისები: რას შეიძლება შეეხოს ალასკაში მოლაპარაკებები?

შემდეგ რა მოხდება?


ტრამპმა მიანიშნა, რომ მეორე, სამმხრივი შეხვედრა შეიძლება სწრაფად გაიმართოს — და შესაძლოა ისევ ალასკაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 14 აგვისტოს ის პირობები დაასახელა, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

„ყველას ესმის, რომ უნდა იყოს საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე. უნდა იყოს საუბარი, იცით, ტერიტორიულ დავებზე, პრეტენზიებზე და იმაზე, რისთვისაც იბრძვიან“, — თქვა რუბიომ.

რუსეთი კვლავ მოითხოვს „კონფლიქტის ფესვებზე“ მსჯელობას, რაც კრემლის ენაზე ნიშნავს უკრაინის ნატოში გაწევრიანების იმედების დასრულებას და უკრაინული არმიის ფაქტობრივ განიარაღებას.

ორივე მხარის მიზნები ერთმანეთის „წითელ ხაზებს“ კვეთს. მშვიდობა არც სწრაფად და არც იოლად არ მოვა.