Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერიტორიული კომპრომისები: რას შეიძლება შეეხოს ალასკაში მოლაპარაკებები?


"ხოლოდნი იარის" სახელობის 93-ე ბრიგადის უკრაინელი არტილერისტი დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკასთან ახლოს, რუსულ პოზიციებს ესვრის. 2025 წლის ივლისი.
"ხოლოდნი იარის" სახელობის 93-ე ბრიგადის უკრაინელი არტილერისტი დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკასთან ახლოს, რუსულ პოზიციებს ესვრის. 2025 წლის ივლისი.

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრამდე, რომელიც კანდაში გაიმართება 15 აგვისტოს, რამდენიმე დღეღა რჩება. ყველაზე რთული პრობლემაა ტერიტორიების საკითხი. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეულ „ტერიტორიულ კომპრომისებს“ ვარაუდობს. უკრაინა და ევროპა იმის წინააღმდეგი არიან, რომ ტერიტორიების საკითხს ერთმანეთთან ათანხმებდნენ აშშ და რუსეთი, შემდეგ კი ეს საკითხი უკრაინას მოახვიონ თავს. გარდა ამისა, ტერიტორიების კონტროლის ან გაცვლის საკითხში არის რამდენიმე ასპექტი, რომლებიც მხარეებს სხვადასხვაგვარად ესმით...

ერთი მხრივ, მოსკოვს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ტერიტორიების საკუთრების შეცვლის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებამდე, ხოლო უკრაინა და ევროპა ამტკიცებენ, რომ ჯერ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, ის უნდა ამოქმედდეს, შემდეგ კი მოგვარდეს ტერიტორიული საკითხები.

მაგრამ, რა თქმა უნდა, კიევი არ აპირებს საკუთარი ტერიტორიებით ვაჭრობას და რუსეთის საკუთრებად არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს.

მაგრამ ახლა საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, როგორც ჩანს, საუბარი იქნება ტერიტორიულ კონტროლზე. აქაც არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, რომლებზეც პოლიტიკოსები და მედია საუბრობენ.


„კომპრომისები ორივე მხრიდან“

დონალდ ტრამპმა ახლახან თქვა, რომ ნებისმიერი დარეგულირება „შეიძლება მოიცავდეს ტერიტორიების გაცვლას“.

თავის მხრივ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ უკრაინაც და რუსეთიც მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. მაგრამ ამავე დროს მან თქვა, რომ აშშ მიზნად ისახავს კონფლიქტის მოგვარებას „შეხების ამჟამინდელი ხაზის გათვალისწინებით“.


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები 2025 წლის 15 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს ალასკაში (კოლაჟი).
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები 2025 წლის 15 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს ალასკაში (კოლაჟი).

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე აღიარა რეალობა - რომ რუსეთი ომამდელი უკრაინის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს.

რუსეთი დე ფაქტო აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილს, ეს უნდა იყოს ეფექტური აღიარება და არა პოლიტიკური აღიარება დე იურე.
მარტკ რიუტე

„როცა საქმე ეხება ტერიტორიების საკითხს, როცა საქმე ეხება იმის აღიარებას, მაგალითად, შესაძლოა მომავალ შეთანხმებაში, რომ რუსეთი დე ფაქტო, ფაქტობრივად, აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილს, ეს უნდა იყოს ეფექტური აღიარება და არა პოლიტიკური აღიარება დე იურე“, - თქვა რუტემ.

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, ტრამპის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ და მეგობარმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

„მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან: უკრაინა ყველა რუსს არ გააძევებს და რუსეთი კიევს არ დაიკავებს, ამიტომ საბოლოოდ მოხდება ტერიტორიების გარკვეული გაცვლა“, განუცხადა გრემმა NBC News-ს ალასკის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.


წარწერა დაფაზე კლონდაიკის მაგისტრალზე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალასკაში“. ალასკა, აშშ (საილუსტრაციო ფოტო)
წარწერა დაფაზე კლონდაიკის მაგისტრალზე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალასკაში“. ალასკა, აშშ (საილუსტრაციო ფოტო)

რა ტერიტორიულ კომპრომისებზეა ლაპარაკი: ვინ რას ითხოვს და ვინ რას არ ეთანხმება? ზუსტი სურათი არავის მოეპოვება, მაგრამ მედია შემდეგზე იუწყება.


დონეცკის ოლქი

ფართოდ მსჯელობენ იმაზე, რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის სპეციალურ წარგზავნილს, სტივ უიტკოფს, გადასცა თავისი მზადყოფნა დაზავების თაობაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ სანაცვლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალები დატოვებენ მთელს დონეცკის ოლქს. ამჟამად რუსეთის არმია და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მებრძოლები, რომლებსაც მოსკოვი უმაგრებს ზურგს, დონეცკის ოლქის ტერიტორიის ორ მესამედს აკონტროლებენ.

საბოლოოდ მოხდება ტერიტორიების გარკვეული გაცვლა.
ლინდსი გრემი

აღსანიშნავია, რომ რუსეთი და მისი მხარდაჭერით მოქმედი „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მებრძოლები ლუგანსკის ოლქის დაახლოებით 98%-ს აკონტროლებენ.

ანუ პუტინი ფაქტობრივად ითხოვს კონტროლს მთელს დონბასზე და ამას დაზავებაზე თანხმობის პირობად აყენებს.

ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებზე გასვლა უკვე დიდი ხანია განიხილება როგორც რუსეთის სტრატეგიული მიზანი ომში, მაგრამ დონეცკის ოლქში წინსვლას რუსეთის არმია ძალზე ნელა და უზარმაზარი დანაკარგებით ახერხებს.

უკრაინაში უარყოფითად აღიქვამენ კრემლის ამ თითქოს მოთხოვნას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ დონეცკის ოლქი.


უკრაინის შეიარაღებული ძალების მეფე დანიელის სახელობის 24-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე რუსეთის არმიის პოზიციების ჰაუბიცით დაბომბვისას დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ-იარის მახლობლად. 22 ივლისი, 2025.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეფე დანიელის სახელობის 24-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე რუსეთის არმიის პოზიციების ჰაუბიცით დაბომბვისას დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ-იარის მახლობლად. 22 ივლისი, 2025.

საქმე ისაა, რომ ამ რეგიონისთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლია, უბრალოდ აიღოს და დატოვოს უკრაინის ეს სუვერენული ტერიტორიები.

მეორე - ასეთი გაყვანა ნიშნავს ძალიან მძიმედ გამაგრებული ტერიტორიის დათმობას კრამატორსკისა და სლოვიანსკის აგლომერაციების გარშემო. იქ აშენდა ძლიერ გამაგრებული თავდაცვითი ხაზი - ზოგიერთი გამაგრება იქ დონბასში ჯერ კიდევ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროიდან, ანუ 2014 წლიდან არსებობს.

დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსების გასვლა ავტომატურად საფრთხეს შეუქმნიდა როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქს, ასევე ხარკოვის ოლქს. ფაქტობრივად, ეს რუსებს გზას გაუხსნიდა უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქის - დნეპრისკენ, ასევე უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის - ხარკოვისკენ.

ამიტომ ნათელია, რომ უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის დონბასის არაოკუპირებული ტერიტორიების გადაცემას.


უკრაინის სამხრეთი

აქ ბევრი გაურკვევლობაა იმის თაობაზე, თუ რა მოისმინა და როგორ გაიგო პუტინთან 6 აგვისტოს შეხვედრისას ტრამპის სპეციალურმა წარგზავნილმა სტივ უიტკოფმა.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, კრემლის ლიდერი თითქოს წინააღმდეგი არ არის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში არსებული ფრონტის ხაზის გაყინვისა. ამჟამად თითოეული რეგიონის - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების - 72-73 პროცენტი რუსეთის კონტროლქვეშაა.

სხვა მონაცემებით, პუტინი თითქოს დონბასზე სრული კონტროლის სანაცვლოდ თანახმაა, თავისი ჯარები გაიყვანოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.

უკრაინამ ხერსონი 2022 წლის ნოემბერში დაიბრუნა წარმატებული ოპერაციის შედეგად, მაგრამ ხერსონის ოლქის (დნეპრის მარცხენა სანაპიროზე) 70 პროცენტზე მეტი კვლავ რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა.
უკრაინამ ხერსონი 2022 წლის ნოემბერში დაიბრუნა წარმატებული ოპერაციის შედეგად, მაგრამ ხერსონის ოლქის (დნეპრის მარცხენა სანაპიროზე) 70 პროცენტზე მეტი კვლავ რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა.

ანუ უიტკოფსა და პუტინს შორის უკვე მეხუთე მოლაპარაკებების შემდეგ ბოლომდე არაა ნათელი, სწორედ ეს შესთავაზა თუ არა პუტინმა უიტკოფს და ამ უკანასკნელმა სწორად გაიგო თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი.

ეს ყურადღება დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა - პუტინისგან კონკრეტულად რა მოისმინა და სწორად გაიგო თუ არა უიტკოფმა უკრაინის სამხრეთთან დაკავშირებით?


სხვა შესაძლო კომპრომისები

სხვა ტერიტორიულ კომპრომისებს შორის ასახელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის უკრაინისთვის გადაცემის სავარაუდო შესაძლებლობას, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში რუსეთის არმიის კონტროლქვეშ მოექცა.

ჩვენს დასავლელ პარტნიორთა შორის ერთიანობის ეს ნაკლებობა არის ის, რის ექსპლუატაციასაც სრული ძალით მოახდენს რუსეთის ფედერაცია.
მიკოლა ბელესკოვი

ასევე საუბარი იყო ხარკოვის რეგიონიდან რუსების სრულად გასვლის სავარაუდო შესაძლებლობაზე. ამჟამად, ხარკოვის რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 2% მათ კონტროლს ექვემდებარება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგეს 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში.

რამდენიმე თვის წინ საპროტესტო ტალღა გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის თითქოს მზადყოფნამ, დე იურე აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია. მაგრამ შემდგომში ეს უარყვეს.

მიუხედავად ამისა, ახლა უკრაინაც და ევროპაც მიდრეკილი არიან იმისკენ, რომ დააფიქსირონ ამჟამინდელი დე ფაქტო შეხების ხაზი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების გზით, შემდეგ კი დაიწყონ სერიოზული დიპლომატიური მუშაობა ფართო, გრძელვადიანი მოგვარების მიზნით, რათა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას იმის გარანტიებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ აღარ განმეორდება აგრესია.

მაგრამ ასე ფიქრობს თუ არა ვაშინგტონი?

„რა საინტერესოდ გამოდის. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ახალი ტერიტორიული რეალობის შესაძლო იურიდიულ დადასტურებაზეც კი ლაპარაკობს. ნატოს გენერალური მდივანი წონასწორობას ინარჩუნებს. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ყველაზე უფრო თანმიმდევრულია და აპელირებს საერთაშორისო სამართალზე,“ წერს ფეისბუკში უკრაინელი ანალიტიკოსი მიკოლა ბელესკოვი. „და ჩვენს დასავლელ პარტნიორთა შორის ერთიანობის ეს ნაკლებობა არის ის, რის ექსპლუატაციასაც სრული ძალით მოახდენს რუსეთის ფედერაცია“.


XS
SM
MD
LG