ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია. ალასკა. 2025 წლის 15 აგვისტო

ალასკაში დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც მოჰყვა მოლაპარაკებას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.

პრესკონფერენციამ დაახლოებით 10 წუთს გასტანა - პუტინმა 8 წუთის განმავლობაში ისაუბრა, ტრამპის სიტყვა 3 წუთსა და 53 წამს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. პუტინის და ტრამპის გამოსვლების შემდეგ ჟურნალისტებს არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება.

პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი, რომელმაც კონსტრუქციული უწოდა ტრამპთან მოლაპარაკებას და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მეგობრული ტონისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთგაგებას მიაღწია და უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, არ დააზიანონ ახალგანვითარებული პროგრესი. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეხვედრის ალასკაში გამართვა ლოგიკური იყო, რადგან ის ორი ქვეყნის საერთო ისტორიის ნაწილია.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია - რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად უნდა აღმოიფხვრას ის, რასაც რუსეთი უწოდებს კონფლიქტის "გამომწვევ მიზეზებს". ეს მიანიშნებს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება.

ტრამპის განცხადებით, სამიტზე "დიდი პროგრესი" იქნა მიღწეული - თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.

"არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით - მე ვიტყოდი, უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა", - თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს ნატოელ პარტნიორებს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაელაპარაკოს ალასკის სამიტის შემდეგ.

პრესკონფერენციიდან ბუნდოვანი დარჩა, გამოიკვეთა თუ არა სამიტზე კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.

ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.

ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.

სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მოქცეული სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან - როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.

პუტინი ძებნილია სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (ICC) ორდერით - მას ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, უკრაინიდან ასობით ბავშვის გაყვანით. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ტრიბუნალის ორდერს არ ცნობს.

რუსეთი და აშშ არ არიან ICC-ის წევრი სახელმწიფოები.

ასევე ნახეთ ალასკაში დასრულდა ტრამპის და პუტინის შეხვედრა