რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონიდან - როგორც რუსეთის ომის დასრულების პირობა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ შეუძლია ფრონტის ხაზის დანარჩენი ნაწილის გაყინვა იმ შემთხვევაში, თუ მისი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, იტყობინება შაბათს, 16 აგვისტოს, ალასკის სამიტის მეორე დღეს Financial Times-ი.
პუტინმა ეს მოთხოვნა 15 აგვისტოს, ალასკაში ტრამპთან შეხვედრის დროს წამოაყენა, წერს FT-ი, რომელიც იმოწმებს ოთხ პირს, რომლებიც უშუალოდ იცნობენ მოლაპარაკებების მსვლელობას.
პუტინმა განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონის სანაცვლოდ, გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონებში, ნათქვამია ცნობაში.
შემდეგ ტრამპმა, გამოცემის თანახმად, ეს შეტყობინება ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს გადასცა სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც მოუწოდა მათ, უარი თქვან მოსკოვისგან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მცდელობებზე.
რუსეთის ძალები დონეცკის დაახლოებით 70 პროცენტს აკონტროლებენ, მაგრამ მისი ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქების ჯაჭვი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება და მნიშვნელოვანია მისი სამხედრო ოპერაციისა და აღმოსავლეთ ფრონტზე თავდაცვისთვის. ლუგანსკის უკიდურესი დასავლეთის ნაწილის გარდა, ტერიტორიას რუსეთის ძალები აკონტროლებენ.
Financial Times-ი იმოწმებს ასევე ზელენსკის პოზიციაში კარგად ჩახედულ პირებს, რომლების თქმით, ის დონეცკის გადაცემას არ დათანხმდებოდა, მაგრამ ღია იქნებოდა ტერიტორიის საკითხის განსახილველად ტრამპთან ვაშინგტონში, სადაც ისინი 18 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს.
ამ შეხვედრაზე, New York Times-ის ცნობით, ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.
უკრაინის ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკების თაობაზე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გერმანიის ტელეარხ ZDF-ს განუცხადა, რომ უკრაინის და ევროპელების თანხმობის გარეშე უკრაინის ტერიტორიების გარშემო მოლაპარაკება არ გაიმართება.
Financial Times-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა არ უპასუხა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების არსის შესახებ კომენტარის გაკეთების მოთხოვნას. კომენტარის თხოვნაზე რეაგირება არ ჰქონია ასევე პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს.