ვლადიმირ პუტინს მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენა სურდა. დონალდ ტრამპს კი - სამშვიდობო შეთანხმება.
რუსეთის ლიდერმა თავისი მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა - არა. ყოველ შემთხვევაში - ჯერ არა.
ტრამპსა და პუტინს შორის 15 აგვისტოს სამიტი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრად იქცა: აშშ-რუსეთის ურთიერთობებისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომისთვის.
ტრამპი დარწმუნებული იყო, რომ შეთანხმებების დადების თავის უნარს გამოიყენებდა და შეაჩერებდა რუსეთის 42-თვიან ომს უკრაინასთან, რომელმაც მილიონზე მეტი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად უკრაინელები, იმსხვერპლა.
პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მის სამხედროებს უკრაინის გამოფიტვის ძალა შესწევთ. მას სურდა საერთაშორისო მედიას დაეფიქსირებინა, როგორ ართმევს ის ხელს ტრამპს აშშ-ის ტერიტორიაზე - საერთაშორისო იზოლაციაში აღარაა და მოლაპარაკებებს თანასწორის სტატუსით აწარმოებს.
საბოლოოდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სისხლისღვრის შესაჩერებლად შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. არ გამოცხადებულა არც შეიარაღების კონტროლის ახალი შეთანხმება, რაზეც მანამდე პუტინი ლაპარაკობდა და არც ტრამპის შეთავაზებული ახალი ბიზნეს ინვესტიციები.
„კარგი არაფერი მოხდა, მაგრამ ცუდიც არ მომხდარა“
შესაძლებელია, რომ მიაღწიეს შეთანხმებებს, რომელთა შესახებაც ჯერ არ გამოუცხადებიათ. ინტერვიუებსა და შემდგომ განცხადებებში ტრამპმა მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა გარკვეული ხელშეკრულებები დაიდოს.
„სულ მცირე რამე მაინც რომ ჰქონოდათ გამოსაცხადებელი, რა თქმა უნდა, ტრამპი ამას გააკეთებდა“, - თქვა ლუკ კოფიმ, რუსეთის ანალიტიკოსმა და ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა. „ის ფაქტი, რომ უმნიშვნელოც კი არაფერი უთქვამთ, იმაზე მეტყველებს, რომ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.“
„პოზიტიურად თუ შევხედავთ, ტრამპს არაფერი გაუცია. ყოველ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციიდან ასე ჩანს“, - თქვა კოფიმ. „მან ტრიბუნიდან განაცხადა, რომ დროს დაუთმობს ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ზელენსკისთან კონსულტაციებს და თქვა, რომ შეთანხმება არ შედგება, სანამ შეთანხმება არ იქნება.“
16 აგვისტოს დილით, სამიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით „დადებითი სიგნალები“ იყო. მან ასევე განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში გაემგზავრებოდა.
„კრემლი ამას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მნიშვნელოვან გადატვირთვად აფასებს, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს წითელი ხალიჩით დახვდნენ და მოსკოვში კიდევ ერთი სამიტის ჩატარებაზე იყო ლაპარაკი“, - განაცხადა სტივენ ფლანაგანმა, რომელიც ორჯერ იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი.
„პუტინის კომენტარი, რომ ხანგრძლივი და გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად საჭიროა კონფლიქტის ყველა ძირითადი მიზეზის აღმოფხვრა, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს თავის მკაცრ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით“, - თქვა მან. „პუტინს სურს კიევში უფრო მორჩილი მთავრობის ხილვა და მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების აღიარება.“
სამიტამდე ტრამპმა „მიწების გაცვლის“ შესაძლებლობა ახსენა: რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრეტენზიის აღიარება ცეცხლის შეწყვეტის ან სხვა პირობების სანაცვლოდ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს წითელი ხაზი იყო.
ევროპაში ზოგიერთს, ვის როლსაც უკრაინის კონფლიქტში ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად აკნინებს ხოლმე, ეშინოდა კიდევ ერთი „მიუნხენის“ - როდესაც დასავლელი მოკავშირეები 1938 წელს ჰიტლერის მოთხოვნებს დათანხმდნენ ან კიდევ ერთი „იალტის“ - სადაც სტალინმა, ფრანკლინ რუზველტმა და ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა გაიყვეს.
მიწის გაცვლის შესახებ არაფერი გამოცხადებულა. თუმცა არც რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალ სადამსჯელო სანქციებზე არ უთქვამთ რამე.
„კარგი არაფერი მოხდა, მაგრამ არც ცუდი მომხდარა“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, უილიამ ტეილორმა. „არც მიუნხენი იყო და არც იალტა, სადაც უკრაინას გაყიდდნენ“.
„მისალმება, წითელი ხალიჩა, ხელის ჩამორთმევა“
„კიევისთვის, ცხადია, უარესიც შეიძლება მომხდარიყო“, - განაცხადა შტეფან მაისტერმა, გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის წესრიგისა და მმართველობის ცენტრის დირექტორმა.
„შესაძლოა, ისინი რაღაცაზე შეთანხმდნენ. მაგრამ, ასე რომ ექნათ, ამას გამოაცხადებდნენ კიდეც“, - თქვა მან.
„ტრამპი მზად არ არის, იყოს ცუდი ბიჭი და უკრაინელებს საშინელი გარიგების დადება აიძულოს“, - თქვა ერიკ ჩიარამელამ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ამჟამად კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსმა მკვლევარმა. „არც პუტინია მზად რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ტრამპს გამარჯვება მოუტანოს.“
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პუტინი დასავლეთსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში პარიად იქცა. აშშ-მა მას სანქციები დააკისრა, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა კი მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ტრამპის წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა, უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.
ამ სამიტის ჩატარების ფორმა - აშშ-ის ტერიტორიაზე შეხვედრა, წითელი ხალიჩით დახვედრა, აშშ-ის პრეზიდენტის პირადი მისალმება - კრემლისთვის უკვე გამარჯვებად იქცა.
„პუტინმა ამ შეხვედრიდან ნამდვილად მიიღო ის, რაც სურდა“, - თქვა მიხაილ ალექსეევმა, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა და ექსპერტმა უკრაინის საკითხებში. „მან მიიღო დახვედრა, წითელი ხალიჩა. მან მიიღო ხელის ჩამორთმევა. მან ტრამპისგან აპლოდისმენტებიც კი მიიღო, როდესაც თვითმფრინავიდან გადმოვიდა. არსებითად, ეს მისი, როგორც მსოფლიო ლიდერის, პოზიციის ნორმალიზებაა.“