“მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი უიმედოდაა. მაგრამ ვშიშობ, რომ ტრამპი შესაძლოა ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ პოზიციას: „ზელენსკი არის მთავარი პრობლემა, არ ყაბულდება იმას, რასაც ვაძლევთ, ამიტომაც არ გვაქვს მშვიდობა“. ეს კატასტროფა იქნებოდა.” - ეუბნება ოდესის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ამერიკული ცენტრის უფროსი მკვლევარი ვოლოდიმირ დუბოვიკი “რადიო თავისუფლებას” ალასკის სამიტის შეფასებისას.
“საძაგელი, საზარელი სანახაობა იყო და დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს გული ატკინა ამის ნახვამ.”
რადიო თავისუფლება - დავიწყოთ შთაბეჭდილებით და შედეგებით - რა დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?
პროფ. ვოლოდიმირ დუბოვიკი: რაც ჩვენ ვნახეთ, სხვა არაფერი იყო, თუ არა ტრამპის მიერ პუტინზე შთაბეჭდილების მოსახდენად დადგმული ლაზერ-შოუ. და ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ეს იყო ძალიან მძიმე, მეტიც, გულისამრევი სანახაობა - მთელი ეს წითელი ხალიჩა, ოვაციები, ღიმილები და ჩახუტებები, პრეზიდენტის ლიმუზინით გასეირნება... და ასე დახვდნენ იმ კაცს, რომლის ხელები უამრავი ადამიანის სისხლშია მოთხვრილი, რომლის სინდისზეცაა ამდენი ადამიანის სიკვდილი - ჩემს ქვეყანაში, მის საკუთარ ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით... საძაგელი, საზარელი სანახაობა იყო და დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს ატკინა გული ამის ნახვამ.
შეხვედრის შემდეგ პირველადი შთაბეჭდილება იყო, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, არანაირი განცხადებები, არანაირი შეთანხმება. პუტინს თითქოსდა წამოსცდა, რაღაცეებზე შეთანხმებას მივაღწიეთო, მაგრამ ტრამპმა იქვე შეუსწორა: არა, შეთანხმება არ შედგაო... ამიტომ, როდესაც სამიტი დამთავრდა, ყველამ ჩავთვალეთ - და სიმართლე რომ ითქვას, ამაში არაფერი იყო მოულოდნელი - რომ ეს იყო წარუმატებელი, ჩაფლავებული მცდელობა, „არაფრისბურგერი“ (nothingburger). მაგრამ მერე, დილით აღმოვაჩინეთ, რომ ამ არაფრისბურგერმა საკმაოდ მწარე გემო დაგვიტოვა - მას შემდეგ, რაც ვნახეთ ტრამპის ინტერვიუ ფოქსთან, სხვადასხვა მედიასაშუალებებში კი დახურულ ფარდებს მიღმა შეხვედრისა და თუ შემდგომი სატელეფონო ზარების დეტალებმა გამოჟონა... ახლა უკვე სხვა სურათი იხატება - რომ მხარეები, როგორც ჩანს, რაღაცებზე მაინც შეთანხმდნენ.
ანუ ხალხი, რომელმაც დროებით ზავსაც კი ვერ მიაღწია, ახლა განუზომლად უფრო რთულ მისიას შეეჭიდება. რა გაეწყობა, წარმატებები უნდა ვუსურვოთ!
რადიო თავისუფლება: ტონის მხრივ ყველაზე დრამატული ცვლილება ალბათ პრეზიდენტ ტრამპის პოსტი იყო „Truth Social“-ზე, სადაც დაწერა, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე“ მუშაობის ნაცვლად, ახლა მისი მიზანი „ყოვლისმომცველი მშვიდობის“ მიღწევა გახდა.
დუბოვიკი: დიახ, და ეს სწორედ ის იყო, რისი მიღწევაც პუტინს სურდა. თანაც ეს ეწინააღმდეგება - 100 %-ით - ტრამპის მანამდელ რიტორიკას, მათ შორის, უშუალოდ ალასკაში გამგზავრებისას გაკეთებულ განცხადებებს. მან თქვა: „იქ [ალასკაში] გარიგების გასაჩარხად მივდივარ, ცეცხლის შეწყვეტას უნდა მივაღწიო. თუ ცეცხლი არ შეწყდება, არც გარიგება იქნება.“ და ახლა უცებ სრულიად საპირისპირო რაღაცას ამბობს.
ეს მრავალმხრივ საშიში განვითარებაა. პირველ რიგში, ვინ აკეთებს ასეთ, 180 გრადუსიან შემობრუნებას მსგავს, ურთულეს ვითარებაში - შუა ომისას - სხვა მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე? ტრამპმა თქვა,
„ყველანი ვთანხმდებითო“ - ვინ ყველა? ევროპელი ლიდერები? ზელენსკი? არ ვიცით.
მეორე - ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, ახლა როგორც ჩანს, უნდა იმუშაონ „ყოვლისმომცველი მშვიდობის“ ხელშეკრულებაზე. და ეს იმის ფონზე, რომ დროებით ცეცხლის შეწყვეტაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ესეც კი შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა მათთვის - ანუ ხალხი, რომელმაც დროებით ზავსაც კი ვერ მიაღწია, ახლა განუზომლად უფრო რთულ მისიას შეეჭიდება. რა გაეწყობა, წარმატებები უნდა ვუსურვოთ!
ასევე ნახეთ "საფუძველი ეყრება აშშ-ის ახალ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში" - ნილ მელვინივეჭვობ, რომ ტრამპს საერთოდ არ ესმის, რას მოიცავს ასეთი შეთანხმება, რას მოითხოვს მხარეებისგან და რატომაა სრულმასშტაბიანი სამშვიდობო ხელშეკრულება ვევრად უფრო რთული მისაღწევი, ვიდრე უბრალო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მისთვის ეს ყველაფერი ასე დგას: „მინდა ეს ომი დასრულდეს. თანაც მალე. მინდა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. რაც მომიტანს ამ პრემიას - იმას გავაკეთებ“.
მთავარი, პასუხგაუცემელი კითხვა ახლა არის: ისევ დაიწყებს თუ არა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას, რათა დათმობებზე დაითანხმოს?
რადიო თავისუფლება: რამდენად ახლოს მივყავართ ამ პროცესებს ისეთ სცენართან, სადაც ყველაფერს სწორედ „დიდი ბიჭები“ გადაწყვეტენ, ევროპისა და უკრაინის აზრის გაუთვალისწინებლად? განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ პუტინის რემარკას ალასკაზე პრესკონფერენციისას - „იმედი მაქვს, ევროპელები საქმეს არ გააფუჭებენო“. შემდეგ კი ტრამპის ფრაზას „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში - „უკრაინა გარიგებაზე უნდა წამოვიდესო“...
დუბოვიკი: ძნელი სათქმელია. მთავარი კითხვა ისაა: რომელ ტრამპს ვიხილავთ? ადრინდელ, მისი პრეზიდენტობის პირველი თვეების ვერსიას, რომელიც უკრაინაზე ზეწოლით ცდილობდა მიზნის მიღწევას, რომელსაც ზელენსკი გამოჰყავდა მთავარ დაბრკოლებად მშვიდობის გზაზე, ხოლო რუსეთს კი თითქოს ომის დასრულება უნდოდა? თუ ბოლო ხანების ტრამპს, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა მხარდაჭერას იმსახურებდა და სწორედ პუტინი იყო ის, ვისაც ომის დამთავრება არ სურდა? იქნებ სრულიად ახალი, მესამე ტრამპი ვიხილოთ? ძნელი სათქმელია - ჯერ უბრალოდ არ ვიცით.
და მაინც, არ მგონია, რომ უკვე არსებობს რაიმე დეტალურად ჩამოყალიბებული შეთანხმება მათ [პუტინსა და ტრამპს] შორის. მაქსიმუმი - ზოგადი მიმართულებებზე შეთანხმებაა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები. თუმცა ტრამპმა ისიც თქვა: უკრაინის ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებულიო. ასე რომ, მთავარი, პასუხგაუცემელი კითხვა ახლა არის: ისევ დაიწყებს თუ არა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას, რათა დათმობებზე დაითანხმოს?
ზელენსკი ახლა ჩასჩერებია მენიუს, სადაც კარგი არჩევანის ფუფუნება აღარ დარჩა, მხოლოდ ნაკლებად უარესს თუ აირჩევ
რადიო თავისუფლება: რამდენად დიდი სივრცე აქვს ზელენსკის მანევრისათვის? განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბარში თქვა, რომ პუტინის მოთხოვნა უცვლელია - სრული კონტროლი დონბასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ის ნაწილი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს. რამდენად გაუჭირდება ზელენსკის უარის თქმა, თუ ორივე - ტრამპი და პუტინი - შეთანხმდებიან, რომ სწორედ ესაა გამოსავალი? მით უმეტეს, ტრამპის ადრინდელი სიტყვების ფონზე, რომ „[შეთანხმების / გარიგების ფარგლებში] მიწების გაცვლა გარდაუვალია“?
დუბოვიკი: ძალიან რთული სიტუაციაა. ზელენსკი ახლა ჩასჩერებია მენიუს, სადაც კარგი არჩევანის ფუფუნება აღარ დარჩა, მხოლოდ ნაკლებად უარესს თუ აირჩევ.
უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარი უსიტყვო კონსენსუსი, რომ უკრაინას მოუწევს შეეგუოს დე ფაქტო ოკუპაციას, რადგან ახლო მომავალში, სამხედრო ძალით ოკუპირებული მიწების გათავისუფლება არ ძალუძს. მაგრამ ამ მიწების რუსეთად აღიარება? ცივი უარი. დონბასიდან გასვლა და რუსეთისთვის დათმობა? ამაზეც მხოლოდ უარის თქმა შეუძლია. აი, ასეთ პირობებში უნდა იპოვოს ზელენსკიმ სივრცე მანევრისთვის. და ტრამპმა შეიძლება უთხრას: „კარგი რა, ვოლოდიმირ? რატომ ჯიუტობ? 70 პროცენტი უკვე დაიკავეს, ბარემ გამოდი დონბასიდან. ესაა გზა, რომელიც მშვიდობასთან მიგვიყვანს. მილიონები აღარ დაიხოცებიან“...
ტრამპთან მუშაობა შესაძლებელია - თუ იცი, როგორ.
რადიო თავისუფლება: ვეცდები, გავაგრძელო: „ვლადი სიტყვის კაცია, პრინციპების კაცი, ის მე პატივს მცემს - რადგან ამბობს, მეტს აღარ იზამს, უფრო ღრმად აღარ შემოიჭრება. უკრაინას თავს არ დაესხმება, რადგან ახლა ამერიკის პრეზიდენტი მე ვარ.“
დუბოვიკი: კი, სწორედ ესაა მისი მანტრა. მაგრამ მოდით, ერთი-ორი დღე დაველოდოთ, გავიგოთ, რეალურად რა გადაწყდა. ვნახოთ, რას განიხილავენ, როდესაც ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა.
ტრამპთან მუშაობა შესაძლებელია - თუ იცი, როგორ. პუტინს ჰქონდა თავისი მომენტი ალასკაში, გამოიყენა კიდეც. ახლა ზელენსკის ჯერი დგება. მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი უიმედოდაა. მაგრამ ვშიშობ, რომ ტრამპი შესაძლოა ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ პოზიციას: „ზელენსკი არის მთავარი პრობლემა, არ ყაბულდება იმას, რასაც ვაძლევთ, ამიტომაც არ გვაქვს მშვიდობა“. ეს კატასტროფა იქნებოდა.
პუტინმა აჯობა და ახლა ტრამპი ცდილობს, წაგებული თამაშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
რადიო თავისუფლება: საბოლოოდ რომ შევაჯამოთ - ვინ მოიგო ეს რაუნდი ალასკაში, კრივის ტერმინებს თუ გამოვიყენებთ?
დუბოვიკი: პუტინმა მოიგო, ცალსახად. მიიღო ლეგიტიმაცია. გამოვიდა იზოლაციიდან. შეთანხმებაზე საერთოდ არაფერი უთქვამს და მაინც გამარჯვებული გამოვიდა - სანქციები, რომლითაც ემუქრებოდნენ, დროებით მაინც, წარსულს ჩაბარდა. ტრამპი კი უფერული ჩანდა მის ფონზე. პუტინმა აჯობა და ახლა ტრამპი ცდილობს, წაგებული თამაშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
პუტინი ტრამპზე ბევრად უკეთესი მანიპულატორია. იცის, როგორ შეფუთოს თავისი გზავნილები და ულტიმატუმები ისე, რომ ტრამპის გულიც მოიგოს - აქო მისი „ენერგიულ ძალისხმევა“ მშვიდობის მისაღწევად, დაუდასტურა, რომ ომი საერთოდ არ მოხდებოდა, ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, და ასე შემდეგ.
რადიო თავისუფლება: პუტინს რა მიაქვს ალასკიდან, მეტნაკლებად გასაგებია, ტრამპს რითი შეუძლია დაიკვეხნოს? მან რა მიიღო, პირში ქების გარდა?
დუბოვიკი: ეს საკმარისია ტრამპისთვის. ეს მისი ვალუტაა. მას სურს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. სურს, პატივი მიაგონ, ელაქუცონ. მის ეგოს საზღვრები არ აქვს. და მიიღო კიდეც, რაც სურდა - მთელი მსოფლიოსგან უზარმაზარი ყურადღება.
მან თქვა: „ახლა ამას გავაკეთებთ, იმას მივაღწევთ“. და თუ არ გამოვა, რა პრობლემაა? სხვებს დააბრალებს.
მე ვფიქრობ, მას კვლავ სურს რაღაც სახის სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან. მას ეს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში სურდა, და ახლაც სურს, დღემდე.
ასევე ნახეთ პუტინს - წითელი ხალიჩა. ტრამპს - ჯერ არაფერი