Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საფუძველი ეყრება აშშ-ის ახალ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში" - ნილ მელვინი


„პირველად, ათწლეულზე მეტის შემდეგ, ჩნდება პერსპექტივა, რომ აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესი ჰქონდეს”, - ეუბნება ნილ მელვინი, ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი რადიო თავისუფლებას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გაფორმებულ “ტრამპის მარშრუტის” - TRIPP-ის - შეთანხმებაზე საუბრისას, მელვინი განმარტავს, თუ როგორ შეცვლის 99-წლიანი სატრანზიტო შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ რუკას, რატომ შეიძლება, რომ ირანმა და რუსეთმა ღია წინააღმდეგობის ნაცვლად საბოტაჟს მიმართონ და როგორ ასახავს ეს შეთანხმება როგორც ვაშინგტონის რეგიონულ ამბიციებს, ისე ანკარის „თურქულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ სტრატეგიას. მელვინი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარსადგენად თანდათან რეალისტური ხდება და მკაფიო გაფრთხილებას უგზავნის საქართველოს, რომელიც, მისი თქმით, „რისკავს, მარგინალიზებული აღმოჩნდეს“, თუ ახალი „შუა დერეფნის“ რეალობას ვერ მოერგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მოყოლებული, ვხედავდით ამერიკული ინტერესის თანდათან შემცირებას სამხრეთ კავკასიაში.

რადიო თავისუფლება: ამ ეტაპზე რა ვიცით? რას მოიცავს TRIPP-ის შეთანხმება და როგორი იქნება მისი შესაძლო გავლენა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ პარადიგმაზე?

ნილ მელვინი: ვფიქრობ, ამას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გარღვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში. ისინი, კარგა ხნის განმავლობაში ჩართულნი ერთგვარ დიპლომატიურ ცეკვაში, ვერ ყალიბდებოდნენ, როგორ წაეწიათ წინ სამშვიდობო პროცესში და ბოლო ბარიერებთან ითრევდნენ ფეხს. პრეზიდენტმა ტრამპმა კი ამ სატრანზიტო დერეფანზე მიღწეული შეთანხმების მეშვეობით - რომელსაც ამერიკული კომპანიები 99 წლის განმავლობაში ადმინისტრირებას გაუწევენ - ორივე მხარეს მისცა ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ: ეს მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია და არა ამბის დასასრული. წინ კიდევ არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამის პარალელურად, რეგიონში უკვე ვხედავთ გარკვეულ ნეგატიურ რეაქციას, განსაკუთრებით ირანის მხრიდან - მეტიც, თეირანი არც მალავს აშკარად მტრულ დამოკიდებულებას. რუსეთის პოზიცია უფრო კომპლექსურია - მოსკოვმა, ამ ეტაპზე, გადაწყვიტა, ოფიციალურად არ გაეწია წინააღმდეგობა. შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მაგრამ მისი რეალური გავლენა იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ რეალიზდება იგი - როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში, ისე ზოგადად რეგიონში. სრული შედეგის ხილვას დრო დასჭირდება.

რადიო თავისუფლება: სკეპტიკოსები მიუთითებენ პრეზიდენტ ტრამპის, როგორც მათ მიაჩნიათ, არაპროგნოზირებად ბუნებაზე: რამდენად თანმიმდევრული იქნება ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, რამდენად გაჰყვებიან ამ შეთანხმებას ბოლომდე, ასე ვთქვათ, სიტყვიდან საქმემდე?

ნილ მელვინი: მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს გარიგება ციდან არ ჩამოვარდნილა. ის ეფუძნება საკმაოდ დიდ სამუშაოს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გასწია — საფუძველი სწორედ წინა ადმინისტრაციის დროს ჩაიყარა. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივანი რუბიო პირადადაც აცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელობას. თეთრი სახლის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტსა და, ალბათ, Pentagon-შიც, საკუთარი ინტერესები აქვთ, რომ ეს შეთანხმება ამუშავდეს და განხორციელდეს.

ჯერ კიდევ არ ვიცით, ზუსტად როგორ იმუშავებს ეს 99-წლიანი იჯარა — იქნება ეს წმინდად კომერციული თუ სახელმწიფო მხარდაჭერით გამყარებული მექანიზმი. ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებითაც, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ვინ განახორციელებს სასაზღვრო და საბაჟო შემოწმებებს და მსგავს ოპერატიულ დეტალებს. ეს ყველაფერი უნდა დაზუსტდეს.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს საშუალებას აძლევს აშშ-ს, „ჩაეჩხიროს“ ირანსა და რუსეთს შორის.

რადიო თავისუფლება: მოდით, განვავრცოთ ის მრავალმხრივი ამერიკული ინტერესები, რომლებიც ახსენეთ — რატომ არის ეს ვაშინგტონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

ნილ მელვინი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მოყოლებული, ვხედავდით ამერიკული ინტერესის თანდათან შემცირებას სამხრეთ კავკასიაში და, უფრო ფართოდ, კასპიის რეგიონში. ცივი ომის შემდგომი იდეა, რომ სამხრეთი კავკასია ევროპულ წესრიგში ინტეგრირებულიყო, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. ამ შეთანხმებით კი საფუძველი ეყრება ამერიკის ახალ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში, ოღონდ ამჯერად ეს აღარაა მიბმული ევროპულ წესრიგზე. ეს დრო წავიდა.

ახლა საუბარია ეკონომიკურ და სავაჭრო ინტერესებზე — ე.წ. შუა დერეფანზე, რომელიც ევროპასა და თურქეთს სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს საშუალებას აძლევს აშშ-ს, „ჩაეჩხიროს“ ირანსა და რუსეთს შორის, რაც კარგად ჯდება ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ხედვაშიც — მოარყიოს ის კოალიციები და ალიანსები, რომლებიც ყალიბდება რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის გარშემო.

პირველად, ათწლეულზე მეტის შემდეგ, ჩნდება პერსპექტივა, რომ აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესი ექნება. ეს გაამყარებს ტენდენციას მრავალვექტორული რეგიონისკენ — სადაც, ტრადიციულ მოთამაშეებთან ერთად, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და თურქეთი, ჩნდებიან ახალი აქტორები: შეერთებული შტატები, ევროპა, ჩინეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები. ასეთი მრავალფეროვანი ჩართულობა რეგიონულ სახელმწიფოებს მეტ სუვერენიტეტს მისცემს, ნაცვლად იმისა, რომ იძულებულნი იყვნენ, ერთ რომელიმე ძალას მხოლოდ იმიტომ მიემხრონ, რომ სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ ეს არის ნაბიჯი სომხეთ-აზერბაიჯანის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისკენ. პრეზიდენტმა ალიევმა ვაშინგტონში განაცხადა: „ეჭვს ნურავინ შეიტანს, რომ რომელიმე მხარე უკან დაიხევს“. რამდენად დიდი ნაბიჯია ეს? შეგვიძლია ნახტომიც დავარქვათ?

ნილ მელვინი: ნახტომი ალბათ არ არის, მაგრამ სერიოზული წინსვლაა. ჯერ კიდევ ბევრი რთული საკითხია გადასაჭრელი. აზერბაიჯანი ითხოვს, რომ სომხეთმა შეცვალოს კონსტიტუცია, ამოიღოს მინიშნებები არაპირდაპირ პრეტენზიებზე სომხეთის საზღვრებს გარეთ მდებარე ტერიტორიებზე — განსაკუთრებით კი ყარაბაღზე. ეს რთული იქნება, მით უმეტეს, რომ ვუახლოვდებით მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებს, რომლის საბოტაჟსაც შესაძლოა შეეცადოს რუსეთი და ირანიც. ეს ალბათ გადაიქცევა სერიოზულ საარჩევნო თემად.

თავის მხრივ, სომხეთი აზერბაიჯანისგან მოითხოვს, რომ ყარაბაღიდან იძულებით გამოდევნილ ეთნიკურ სომხებს უკან დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, გახსნის თუ არა თურქეთი სომხეთთან საზღვარს. თუ ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგა, პროცესები შეიძლება სწრაფად განვითარდეს და რეგიონში სრულიად ახალი რეალობის მომსწრენი გავხდეთ.

ამ შეთანხმების, ალბათ, ყველაზე დიდი გამარჯვებული თურქეთია.

რადიო თავისუფლება: თუ თურქეთი მართლაც გახსნის საზღვარს, ეს სომხეთს შუა დერეფნის სრულფასოვან წევრად აქცევს, არა?

ნილ მელვინი: სწორედ ასეა. ეს შეცვლის პოლიტიკურ დინამიკას მთელ სამხრეთ კავკასიაში. რა თქმა უნდა, მცდელობები იქნება, რომ ეს პროცესები ჩაშალონ რუსეთის, ირანის და შესაძლოა სხვა ძალების მხრიდანაც, მაგრამ აშშ-ის მხარდაჭერის პირობებში შეიძლება სერიოზულ ცვლილებებს შევესწროთ.

ამ შეთანხმების, ალბათ, ყველაზე დიდი გამარჯვებული თურქეთია, რომელსაც უზარმაზარი სარგებელი ეძლევა. დერეფნის გახსნის შემდეგ, ნახიჭევანი — აზერბაიჯანის ექსკლავი, რომელიც თურქეთს ესაზღვრება — გადაიქცევა სატრანზიტო ბმულად აზერბაიჯანის ძირითად ნაწილთან და კასპიის გასწვრივ. ეს იდეალურად ჯდება თურქეთის დიდ სტრატეგიულ ხედვაში, იქცეს პანთურქული სივრცის ლიდერად: ეკონომიკური დერეფნების შექმნა სამხრეთ კავკასიის გავლით, შავი ზღვის მიმართულებით და ცენტრალურ აზიამდე, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, თურქეთს რეგიონში წამყვან მოთამაშედ აქცევს.

რუსეთი არ დანებებულა, ის თამაშში რჩება - უბრალოდ აღიარა, რომ ეს ბრძოლა პირდაპირ ვერ მოიგო.

რადიო თავისუფლება: მოდით, ამ იდილიის შესაძლო ჩამშლელებზეც ვისაუბროთ — რეალურად რა შეუძლიათ რუსეთსა და ირანს, რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდეთ?

ნილ მელვინი: ყველაზე რთულ მდგომარეობაში ირანია, განსაკუთრებით მისი ბირთვული ობიექტების დაბომბვისა და ომის შემდეგ. ახლა თეირანს უწევს იმ პერსპექტივასთან შეგუებაც, რომ შეერთებული შტატები 99 წლის განმავლობაში პირდაპირ მის საზღვართან — ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში — იჯდება.

ეს ართულებს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფ ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანს, რომლის შექმნასაც ირანი და რუსეთი ცდილობენ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ახლა, როცა აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფანი, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, პირდაპირ კვეთს ამ მარშრუტს, გამოდის, რომ ამ გზაზე რუსეთისკენ - ან რუსეთიდან ირანისკენ მოძრავი ყველა ტვირთი ამერიკული დაკვირვებისა და კონტროლის ობიექტი გახდება.

რაც შეეხება რუსეთს, რომელიც საჯაროდ და ფრთხილად მიესალმა ამ შეთანხმებას, ამ მომენტისთვის მოსკოვი უკრაინაზე მოლაპარაკებებშია ჩართული. ეს ნიშნავს, რომ კრემლს მოუწევს, ასე ვთქვათ, თოკზე გაიაროს. ისინი არ უნდა იყვნენ ზედმეტად ნეგატიურები, რადგან ტრამპი აშკარად განიხილავს სომხეთ–აზერბაიჯანის შეთანხმებას, როგორც ერთ-ერთ კოზირს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, მოსკოვი ვერ შეძლებს ამ შეთანხმების დაბლოკვას ისე, რომ პარალელურად უკრაინის მოლაპარაკებებიც რისკის ქვეშ არ დააყენოს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეცდებიან არაპირდაპირი გზებით იმოქმედონ: სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების სირთულეების გამოყენებით, დივერსიებით, სომხეთის არჩევნებში ჩარევით, შესაძლოა ირანთან კოორდინაციით. რუსეთი არ დანებებულა, ის თამაშში რჩება - უბრალოდ აღიარა, რომ ეს ბრძოლა პირდაპირ ვერ მოიგო.

ახლა მათი მიზანი იქნება სომხეთში ფეხის მოკიდება. მათ ისევ აქვთ ბერკეტები — ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო კავშირები და, რა თქმა უნდა, სამხედრო ბაზა გიუმრიში. მაგრამ თუ სომხეთის ურთიერთობა თურქეთთან მართლაც გაუმჯობესდება და საზღვარი გაიხსნება, შესაძლოა ერევანი ნაკლებად დაინტერესდეს ამ ბაზის მასპინძლობით. თამაში ისევ გრძელდება, თუმცა ეს შეთანხმება რეგიონულ ძალთა ბალანსში სერიოზულ ცვლილებას მოასწავებს.

ნობელის კომიტეტისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება, თვალი დახუჭონ და არ აღიარონ, რომ ტრამპი ძლიერი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი, კანდიდატია.

რადიო თავისუფლება: ნობელის პრემია ახსენეთ. რამდენად ახლოსაა პრეზიდენტი ტრამპი ახლა ამ პრემიის მიღებასთან? და კიდევ რამდენი მსოფლიო ლიდერის ხელმოწერა სჭირდება?

ნილ მელვინი: ვფიქრობ, ნობელის კომიტეტი ახლა სადღაც იმალება და ლოცულობს, რომ ვერავინ იპოვოს. მათთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება, თვალი დახუჭონ და არ აღიარონ, რომ ტრამპი ძლიერი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი, კანდიდატია. სავარაუდოდ, ისეთი კანდიდატი არაა, როგორიც მათ მოეწონებოდათ, მაგრამ უარის თქმა გაუჭირდებათ.

თუ შევადარებთ მის მიღწევებს ნობელის მშვიდობის პრიზის ბოლო გამარჯვებულების დამსახურებებს, ტრამპის პოზიცია საკმაოდ მყარია. თუნდაც იგივე ობამასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი უფრო მეტად იყო კონცენტრირებული მშვიდობიანი გამოსავლის ძიებაზე. და ამ კომიტეტს მანამდეც მიუღია რთული გადაწყვეტილებები — პრემია მიუღიათ ადამიანებს, რომელთა მიმართაც სიმპათიები არ ჰქონდათ, მაგალითად, ჰენრი კისინჯერს ვიეტნამის ომის დასრულებისთვის. ასე რომ, ახლა ყველაფერი კომიტეტის ხელშია. მათ უნდა იპოვონ ძალიან დამაჯერებელი მიზეზები იმისთვის, რომ ტრამპს ეს პრიზი არ მისცენ.

რადიო თავისუფლება: რამდენად არის ეს დამოკიდებული მის მიერ უკრაინის ომის მოგვარებაზე?

ნილ მელვინი: ვფიქრობ, ეს უკვე მხოლოდ უკრაინაზე აღარ არის დამოკიდებული. ტრამპს უკვე შეუძლია მიუთითოს მის მიერ წარმატებით დასრულებულ შუამავლობებზე: ტაილანდსა და კამბოჯას შორის, ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა თქმა უნდა, ღაზა და უკრაინა ყველაზე დიდი თემებია— და ურთულესიც. მაგრამ აქ სხვა კითხვაც შეიძლება დაისვას: ვინ არის მისი კონკურენტი? ვისზე შეუძლია ნობელის კომიტეტს მიუთითოს და თქვას: „ეს ადამიანი უფრო მეტად იმსახურებს პრემიას მშვიდობის დარგში, ვიდრე ტრამპი“?

საქართველო რისკავს, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე მარგინალიზებული აღმოჩნდეს.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდეთ ისევ სამხრეთ კავკასიას — კონკრეტულად კი საქართველოს. თეთრ სახლში საქართველო საერთოდ არ უხსენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „სრულად უნდა გამოვავლინოთ სამხრეთ კავკასიის პოტენციალი"-ო. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველომ შანსი ხელიდან გაუშვა?

ნილ მელვინი: საქართველო ძალიან ყურადღებით უნდა იყოს. რეგიონული სიტუაცია იცვლება და ის ვექტორი, რომელზეც ახლა საქართველო დგას, შეიძლება არ იყოს მისთვის ხელსაყრელი. ეს შეთანხმება ამყარებს შუა დერეფნის მთლიან კონცეფციას, რომელიც არსებითად აღმოსავლეთ–დასავლეთის მარშრუტია.

იმ ფონზე, რომ საქართველომ ბოლო წლებში გააფუჭა ურთიერთობა დასავლეთთან, რაც ხელისუფლების ბრალია, და რომ ალტერნატიული მარშრუტი იხსნება სამხრეთით, თბილისს მოულოდნელად კონკურენტები გაუჩნდა, როგორც კავკასიაში სატრანზიტო ქვეყანას.

თუმცა აუცილებელი არაა, ეს ნულოვანი ჯამის თამაშად იქცეს. იდეალურ შემთხვევაში, მეტი ვაჭრობა, მეტი მარშრუტი და მეტი ინვესტიცია ყველასთვის უფრო დიდ „ნამცხვარს“ უნდა ნიშნავდეს. მაგრამ საქართველოს მოუწევს საკუთარი პოზიციის გადახედვა და იმის გადააზრება, თუ როგორ გახდეს აქტუალური ყველა იმ მოთამაშისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნის ფორმირებაში მონაწილეობენ. რუსეთისკენ სვლა ამაში ვერ დაეხმარება. ამ ეტაპზე, საქართველო რისკავს, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე მარგინალიზებული აღმოჩნდეს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG