ევროპასთან უვიზო მიმოსვლა - რა მოხდება 31 აგვისტოს შემდეგ? - ევროკავშირის საელჩოს განმარტება

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი სტენსილი თბილისში 2024 წლის 11 დეკემბერი

მოკლედ

  • ევროკომისია განიხილავს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დემოკრატიის "სერიოზული უკუსვლის" გამო, რეკომენდაციების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა დასახელებული.
  • ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.
  • საქართველოს მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციებს "შანტაჟად" აფასებს და უპირატესობას "მშვიდობასა და სტაბილურობას" ანიჭებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში უპასუხა რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ მსჯელობას, ასევე ამ საკითხზე წევრი სახელმწიფოების პოზიციებს შეეხება.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის 1 სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება", 2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად.

ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას – წერილი

"კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით", - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოდან მიღებულ წერილში.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის მოხსნის გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან ის 15 სახელმწიფო, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ი ცხოვრობს).

რაც შეეხება კვალიფიციური უმრავლესობის მექანიზმს – აქვს თუ არა დელეგაციას ინფორმაცია, ევროკავშირის რამდენი წევრი ქვეყანა უჭერს ამ ეტაპზე მხარს საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებას? ამ შეკითხვის პასუხად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში რადიო თავისუფლებას უპასუხებს, რომ დელეგაციას არ შეუძლია წევრი სახელმწიფოების პოზიციებით „სპეკულირება“ „მით უფრო, რომ ის შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის“.

"დადგენილი პროცედურის შესაბამისად, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების წინადადება უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის საბჭოს (წევრი სახელმწიფოების) მიერ კვალიფიციური უმრავლესობით — რაც გულისხმობს, რომ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%-მა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის სულ მცირე 65%-ს წარმოადგენენ".

საქართველო, სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, 2017 წლის 28 მარტიდან შენგენის 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს - საქართველოს მოქალაქეს ამ ქვეყნებში მოგზაურობისთვის არ სჭირდება ვიზა, რომლის აღებასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა და თვე და დამატებითი ხარჯები დასჭირდეს. დადებითი პასუხიც გარანტირებული არ არის ხოლმე.

უვიზო მიმოსვლა იძლევა მოგზაურობის სპონტანურად დაგეგმვის შესაძლებლობას, წლების წინ გაყოფილი ოჯახების წევრებს კი ერთმანეთთან შეხვედრას უმარტივებს.

2024 წლის პირველი თვეებიდან კი „ქართულმა ოცნებამ“, პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო ორგანიზაციების, მოწყვლადი ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სამუშაო გარემო და დაავიწროვა დემოკრატიისთვის სასუნთქი სივრცე.

საპასუხოდ ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა საქართველოს მთავრობას წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა ანგარიში რვა რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. მათ შორის იყო:

  • საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებს, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა და დაიცვა ;
  • ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შემზღუდავი იმ კანონმდებლობების გაუქმება, რომლებიც არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.


"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შეკითხვაზე აპირებს თუ არა ევროკავშირის იმ რეკომენდაციების შესრულებას აგვისტოს ბოლომდე, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება, უპასუხა, რომ "თუ ასე დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია - რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია".

ასევე ნახეთ კობახიძემ უპასუხა, აპირებს თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და სადავო კანონების გაუქმებას

"ქართული ოცნება" ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს "შანტაჟად" და "მუქარად" აფასებს.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილია

ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების მიზეზი „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილია.

ჯერჯერობით არაა ცნობილი მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ რვა პუნქტიდან რომელიმე ერთის შესასრულებლად მაინც.

ასევე ნახეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - გზა "მნიშვნელოვანი მიღწევიდან" "დიპ სტეიტის ბოლო კოზირამდე"

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.

ასევე ნახეთ უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება - ჰერჩინსკი