ის ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას „უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით“.
იგი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, „შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი“.
8 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირებისას, რომლის დასაწყისშიც პოლიცია თითქმის არ იყო შემთხვევის ადგილას, დაშავდა ათამდე მოქალაქე, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის, სულ ცოტა, ოთხ შემთხვევას.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ საპროტესტო მარშის წევრებს.
9 სექტემბერს ძალადობას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. განცხადებაში ვკითხულობთ:
- „8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირება მოხდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პირებს შორის.
- საგულისხმოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.
- გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიც“.
ომბუდსმენის განცხადებაში „უპირველეს ყოვლისა“ ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები“.
„მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს“, - წერს ის.
ომბუდსმენის მოწოდება დემონსტრანტებს
სახალხო დამცველი წერს, რომ შეკრების თავისუფლება თავის თავში „მართალია მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც“, თუმცა ასევე აცხადებს, რომ „უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა“.
„ამდენად, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ქართული ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უფლებადამცველი ლევან იოსელიანს აკრიტიკებენ განცხადების ამ ნაწილის გამო და მიუთითებენ, რომ აქციის მიმდინარეობა არ უშლიდა ხელს პარტიის შტაბის მუშაობას.
„გუშინ აქციის მონაწილეებმა რა გააკეთეს, რითაც შტაბის მუშაობას შეექმნა საფრთხე? ხალხი მართავდა აქციას და დაესხნენ თავს. სირცხვილი და ტყუილია ამის დაწერა. რომელიმე თანამშრომელმა დაადოკუმენტირა შტაბის საქმიანობის ხელშეშლა“? - წერს ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ომბუდსმენის ფეისბუკის გვერდზე კომენტარებში.
მოწოდება ხელისუფლებას
ამავე განცხადებაში სახალხო დამცველი წერს, რომ „ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით“.
ამისთვის კი, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შესაძლოა, „საჭირო გახდეს ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება, მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთისკენ მიმართული დროული ღონისძიებების გატარება და შეკრების მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სხვა პირებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა“.
„საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები“, - აცხადებს ომბუდსმენი.
„შესაბამისად, - წერს ის, - განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა“.
სახალხო დამცველის განცხადებითვე, დაფიქსირდა „არაერთი შემთხვევა“, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს“, - აცხადებს ის.
ამასთან, ის მიუთითებს, რომ „ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს“.
„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან“, - წერია განცხადებაში.
დაბოლოს, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „მანდატის ფარგლებში განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას“ და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, „შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი“.
ასევე ნახეთ შსს-მ კალაძის შტაბთან ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, ამჯერად წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობაზე- 9 სექტემბერს შსს-მ კალაძის შტაბთან ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, - ამჯერად წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტზე.
- ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.