Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ კალაძის შტაბთან ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, ამჯერად წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობაზე


8 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით - კალაძის შტაბთან დაპირისპირებისას დაშავდა ათამდე ადამიანი, რომელთა ნაწილი ჰოსპიტალში მოხვდა. დაფიქსირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის, სულ ცოტა, ოთხი შემთხვევა.
8 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით - კალაძის შტაბთან დაპირისპირებისას დაშავდა ათამდე ადამიანი, რომელთა ნაწილი ჰოსპიტალში მოხვდა. დაფიქსირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის, სულ ცოტა, ოთხი შემთხვევა.

შსს-მ კალაძის შტაბთან ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, ამჯერად წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტზე - ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რადიო თავისუფლება ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაერკვია, გამოიკვეთნენ თუ არა დანაშაულში ეჭვმიტანილები იმ გამოძიებაში, რომელიც კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გამო 8 სექტემბერსვე დაიწყო ჯგუფური ძალადობის მუხლით. უწყებამ ჩვენი კითხვა კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაწყებული გამოძიებების კვალდაკვალ, საქართველოს საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ლევან მაისურაძესთან შეხვედრას ითხოვს პარტია "თავისუფლების მოედანი."

"პოლიცია ჩვენი ყველას გადასახადებით ფინანსდება და ვალდებულია დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება. მას არ ევალება „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესების სამსახური.

მოვითხოვთ საქართველოს საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ლევან მაისურაძესთან, შეხვედრას, სადაც გაგვაცნობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს საპატრულო პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების რეალურად უზრუნველყოფისთვის", - ასეთია პარტიის პოზიცია.

კალაძის შტაბი გახსნის დღესვე მოინიშნა, როგორც ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების ახალი კერა. ამ დღეს საზეიმო ღონისძიებამ, რომელმაც, სულ რამდენიმე წუთს გასტანა, ხალხის მიერ მოწყობილი "სირცხვილის კორიდორის" და პოლიციის ცოცხალი ჯაჭვების ფონზე ჩაიარა.

8 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირებისას, რომლის დასაწყისშიც პოლიცია თითქმის არ იყო შემთხვევის ადგილას, დაშავდა ათამდე მოქალაქე, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის, სულ ცოტა, ოთხ შემთხვევას.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ საპროტესტო მარშის წევრებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG