ტრამპის მსოფლმხედველობას არ შეესაბამება ირანთან და ჩინეთთან დაახლოება, რუსეთის დახმარება სანქციების არიდებაში - ლუკ კოფი

ლუკ კოფი მოხსენებით წარდგა „ჰელსინკის კომისიის“ წინაშე

„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ ისინი დონალდ ტრამპის მომხრენი არიან, მცდარია.

„სიმართლე პირიქითაა. ირანთან დაახლოება არ შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის მსოფლმხედველობას. ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოწვევა არ შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის მსოფლმხედველობას“, - განაცხადა მან.

მანამდე ირანთან დაახლოების მაგალითად მან დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი ირანის საელჩოში, „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც მან ირანს სოლიდარობა გამოუცხადა.

ასევე ნახეთ ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია მინისტრის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო

„მცირე ხნით ადრე საქართველოს მოქალაქე ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაგეგმვით ირანელი-ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში“, - თქვა კოფიმ.

2025 წლის 21 მარტს ამერიკულმა სასამართლომ ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი - დმანისელი კრიმინალური ავტორიტეტი, მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდი“.

ასევე ნახეთ ვინ არის დმანისელი კაცი, რომელიც აშშ-ში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნეს

ლუკ კოფის თქმით, ეს და სხვა მაგალითები „აჩვენებს, რომ „ქართული ოცნებას“ აქვს ნება, რომ დაუახლოვდეს ისლამურ რესპუბლიკას და საშუალებას აძლევს მის სპეცსამსახურებსა და „პროქსი-ძალებს ქვეყანაში უფრო თავისუფლად იმუშაონ“.

„ბუნებრივია, რომ საქართველოს სურდეს პეკინთან თბილი ურთიერთობების დამყარება. თუმცა საგანგაშოა ის ენთუზიაზმი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები იჩენენ ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისას“, - განაცხადა კოფიმ.

„რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის მიცემა ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის შესაძლებლობას, მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში, რაც ამ თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ასევე ლუკ კოფიმ.

მან ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება, როდესაც ამტკიცებს, რომ დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აძალებენ და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობენ.

„ეს სისულელეა და მნიშვნელოვანია, რომ ამას პასუხი გაეცეს. ვაშინგტონში არავისგან მსმენია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი უნდა გახსნას“, - თქვა მან

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული უკუსვლა ნებისმიერ ქვეყანაში შემაშფოთებელია, თუმცა „საქართველოს შემთხვევაში შედეგები სერიოზულია, რადგან ეს ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ასევე ნახეთ ტრამპს წერილი ყაველაშვილმაც გაუგზავნა
  • დღეს, 10 სექტემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში იმართება მორიგი მოსმენა საქართველოს შესახებ.
  • დღევანდელი მოსმენის სახელწოდებაა „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.
  • სხდომა გახსნა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კომისიის თანათავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ „ანტიამერიკულ ნაბიჯებზე“, მათ შორის გააკრიტიკა ხელისუფლება ჩინეთთან დაახლოების გამო.
  • დღეს მომხსენებლები არიან მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ლუკ კოფი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი.
  • „მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომლის მიზანიც დამოუკიდებლობისა და აშშ-სთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებაა“, - წერია ანონსში.