Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს წერილი ყაველაშვილმაც გაუგზავნა


მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი 1 სექტემბერს გამოქვეყნდა(ფოტოკოლაჟი)
მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი 1 სექტემბერს გამოქვეყნდა(ფოტოკოლაჟი)

„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ დღეს, 1 სექტემბერს გავრცელებულ წერილში საუბარია „დიპ სტეიტზე“, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდი ხანია ადანაშაულებს ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობებსა და დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებაში, საქართველოსადმი აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის არასათანადო ყურადღებასა და ამით „ქართული საზოგადოების გაკვირვებაზე“ და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მიზანზე.

წერილი იმით იწყება, რომ ყაველაშვილი ტრამპს უდასტურებს ღრმა პატივისცემას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობა „გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს".

ამის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ „როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“.

ყაველაშვილი ტრამპს შეახსენებს, რომ „აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა“.

ყაველაშვილი სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ „არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს“.

„საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სტეიტი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს“, - ნათქვამია ყაველაშვილის წერილში.

მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს იმასაც სწერს, რომ მან პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, წარმატებით შეუწყო ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ხელისუფლებასთან და აღადგინა პარტნიორობა ვლადიმირ პუტინთანაც კი, თუმცა ამ ფონზე, არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ.

„ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება“, - ნათქვამია ტრამპისადმი ყაველაშვილის წერილში.

დონალდ ტრამპისადმი წერილს მიხეილ ყაველაშვილი ასრულებს იმედით, რომ საქართველოს მიმართ მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება: „მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სტეიტთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს."

თავად ყაველაშვილი მზად არის, ხელი შეუწყოს „საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის" და ამ მიზნის მიღწევის „აუცილებელ პირობად" ასახელებს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის „სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებას".

  • შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
  • ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.






ფორუმი

XS
SM
MD
LG