პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას ითხოვს და მურთაზ ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას

Your browser doesn’t support HTML5

მოკლედ

  • პროკურატურამ 11 სექტემბერს დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა;
  • ხაბეიშვილს გამოძიება სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა დანაშაულს ედავება - საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებას და მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ.
  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ და თვლიან რომ ეს დაკავება 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.
ლევან ხაბეიშვილის ანტიკორუფციული სააგენტოს ჩატარებული გამოძიების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურაში 13 სექტემბერს გამართულ ბრიგფინგზე ითქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის დანაშაულად ითვლება 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებები, რომლის ადრესატებიც ძალოვანი უწყების თანამშრომლები იყვნენ.

"[ხაბეიშვილი] შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მას ბრალი სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, ასევე სხვა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმაც კი, სოციალურ ქსელში იგივე მოწოდებები გაავრცელეს, რაც ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიებას დაედო საფუძვლად - ამჯერად ისინი გაორმაგებულ თანხას სთავაზობდნენ პოლიციელებსა და სპეცრაზმის წევრებს თანამშრომლობისთვის.

ასევე ნახეთ ხაბეიშვილს იგივე გზავნილი აქვს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან - ადვოკატი
ასევე ნახეთ „პენსიების მომატების დაპირებისთვისაც ციხეა“? - პოლიტიკოსები ხაბეიშვილის დაპატიმრებას ეხმაურებიან

ხაბეიშვილს პროკურატურამ ასევე საჯარო განცხადებების საფუძველზე ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში, ხელისუფლების დამხობის მოწოდებების გამოც წარუდგინა - ესაა სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

პროკურატურა ხაბეიშვილისთვის აღკვეთი ღობისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"ორივე ბრალი არის აბსურდული. რაც შეეხება მტკიცებულებებს, არის პატაკები პოლიციის თანამშრომლების, გდდ-ს თანამშრომლების, რომლებიც აცხადებენ, რომ ტელევიზიით მოისმინეს ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ, იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად და ეს პირები არიან გამოკითხული მოწმის სახით.

ანალოგიური კონტექსტში არის მეორე ბრალდება, რაც შეეხება 317-ე მუხლს, რომ ერთ ერთი პოლიციელი, სუს-ის თანამშრომელი წერს პატაკს , სადაც აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში მოისმინა ლევანის განცხადება რომ ეს არის დანაშაულის შემცველი და ამის საფუძველზე ლევანს წაუყენეს ბრალდება უკვე სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობის მოწოდებისაკენ, თუმცაღა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მტკიცებულებებში არის ლევანის ინტერვიუები და რამდენიმე პოლიციელის პატაკი და გამოკითხვის ოქმი. ყველა განცხადებაში ლევანი აზუსტებდა, რომ აქ საუბარი არის ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე , მშვიდობიან დამხობაზე და სისხლის სამართლის კოდექსი გულისხმობს ხელისუფლების ძალდობით დამხობის საჯაროდ მოწოდებას" - ამბობს ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ასევე ნახეთ ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ წითლიძე $400 000-ს ჰპირდება „ძალოვნებს, ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს“

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ის დაკავებულია იმისთვის, რომ ლევან ხაბეიშვილს დაკავებისას გამოართვა მობილური ტელეფონი, რომელიც მას ხაბეიშვილმა მიაწოდა.

"მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება" - ამბობს პროკურატურას.

ზოდელავას ბრალი სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თანახმაა ზოდელავა გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდეს.

ასევე ნახეთ კობახიძე ხაბეიშვილს „ოცნების ყოფილი წევრებისგან შავი ფულის მიღებაში“ ადანაშაულებს