პატელმა 15 სექტემბრის სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის დნმ ნაპოვნია სახრახნისზე, აგრეთვე პირსახოცზე, რომელიც შემოხვეული ჰქონდა ავტომატურ იარაღს, რომლიდანაც, სავარაუდოდ, გაისროლეს.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ პირსახოცზე, რომელიც ავტომატურ იარაღს ჰქონდა შემოხვეული და სახრახნისზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშები ემთხვევა დაკავებული ეჭვმიტანილისას“, - განაცხადა პატელმა.
არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სროლიდან მალევე, იუტა ველის უნივერსიტეტიდან გაქცევამდე რობინსონი სახურავიდან გადახტა. შემდეგ მან გაირბინა ტყის მონაკვეთი და იქვე მდებარე დასახლებაში შევიდა. პირსახოცში გახვეული იარაღი კი ტყეში დატოვა.
რობინსონი ახლა „საგანგებო დაკვირვების“ ქვეშ იმყოფება. პოლიცია აცხადებს, რომ ინტერვიუების დროს ის არ თანამშრომლობს.
გამოჩნდა ახალი ვიდეოჩანაწერი: მასში მოჩანს ტაილერ რობინსონი, რომელმაც, ხელისუფლების ინფორმაციით, მოკლა ჩარლი კირკი. ის ფეხით მიდის იუტა ველის უნივერსიტეტის კამპუსისკენ, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე კირკს ესროდა. რობინსონს აცვია იგივე ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა, როცა პირველად მივიდა კამპუსის ღონისძიებაზე. ვიდეოჩანაწერი ოთხშაბათს დილით, 8:07 საათზეა გადაღებული: მასზე გადაადგილდება კაცი მუქ ბორდოსფერ მაისურში, ღია ფერის შორტებში, მზის სათვალეებში, ბეისბოლის კეპითა და მსუბუქი სპორტული ფეხსაცმლით, რომელიც უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ არეალში მიდის. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი უნივერსიტეტის კამპუსზე რუხი ფერის „დოჯ ჩელენჯერით“ მივიდა, 8:30 საათზე.
ეს არის პირველი ვიდეო, რომელზეც მოჩანს ეჭვმიტანილი სროლამდე და მანამდე, სანამ ტანსაცმელს გამოიცვლიდა.
ასევე ნახეთ დააკავეს ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - 22 წლის ტაილერ რობინსონიმანამდე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, უწყების თანახმად, მკვლელი კამპუსის შენობის სახურავზე წევს. შემდეგ ის ხტება სახურავიდან და ახლომდებარე დასახლებულ ტერიტორიისკენ გარბის.
31 წლის ჩარლი კირკი, პოპულარული პოდკასტისა და რადიოპროგრამა „ჩარლი კირკის შოუს“ წამყვანი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა. ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, იუტის უნივერსიტეტში გამოსვლისას მას კისრის არეში ესროლეს. ის მოგვიანებით გარდაიცვალა საავადმყოფოში. ტრამპმა დანაშაულს „ჯოჯოხეთური“ უწოდა.
კირკი იყო კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის, Turning Point USA-ის დამფუძნებელი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდების მობილიზებაში 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მხარდასაჭერად. მას სოცქსელ X-ზე 5,2 მილიონი გამომწერი ჰყავდა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ყველაზე თვალსაჩინო კონსერვატორ ინფლუენსერებს შორის იყო. კირკი ხშირად აკრიტიკებდა მეინსტრიმ მედიას და ხშირად პროვოკაციული ტონით საუბრობდა რასასთან, გენდერთან და იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ასევე ნახეთ ვინ იყო ჩარლი კირკი?