Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იყო ჩარლი კირკი?


ჩარლი კირკი - ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკაში
ჩარლი კირკი - ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკაში

10 სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას სასიკვდილოდ დაჭრეს ჩარლი კირკი, პრეზიდენტ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვინ იყო ჩარლი კირკი, რით დაამახსოვრა თავი ხალხს და რა შეიძლება მოჰყვეს მის მკვლელობას?

10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში ჩარლი კირკის მოსასმენად ათასობით სტუდენტი ღია ცის ქვეშ შეიკრიბა. ბევრი შეხვედრას მობილური ტელეფონით იღებდა. რა თქმა უნდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ მათი კადრები ცოტა ხანში მთელ მსოფლიოს მოივლიდა.

ჩარლის მიკროფონით ხელში ლაპარაკი 20 წუთის დაწყებულიც არ ჰქონდა, როცა ესროლეს. ტყვია ყელში მოხვდა. რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ „ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“.

შეგიძლია მითხრა ქალი ვინ არის? - დისკუსიები ახალგაზრდებთან

ჩარლი კირკი 1993 წლის 14 ოქტომბერს ჩიკაგოს გარეუბანში დაიბადა. ერთ თვეში 32 წლის გახდებოდა. კოლეჯში სწავლას თავი დაანება და 18 წლისამ დააარსა ორგანიზაცია Turning Point USA და ლიბერალურად განწყობილ ამერიკულ კოლეჯებში კონსერვატიული იდეების გავრცელება დაიწყო. შემდეგ შეეცადა ელიტურ ამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. დიპლომი რომ არ ჰქონდა, ამაზე თავადაც ხუმრობდა.

ის MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო, ვარსკვლავიც კი. ბევრმა ახალგაზრდამ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში მხარი სწორედ მისი გამოისობით დაუჭირა. 2020 წელს დაწერა ბესტსელერი The Maga Doctrine („MAGA-ს დოქტრინა“).

დონალდ ტრამპი და ჩარლი კირკი
დონალდ ტრამპი და ჩარლი კირკი

ჩარლი კირკი ხვდებოდა სტუდენტებს, ატარებდა დებატებს, ესაუბრებოდა ხალხს რწმენაზე, გენდერულ იდენტობაზე, მიგრაციაზე… მისი შეხედულებები ხშირად ცხარე კამათს იწვევდა.

ჩარლი კირკი: შეგიძლია მითხრა, ქალი ვინ არის?

გოგონა აუდიტორიიდან: ქალი არის ის, ვინც თავს ქალად აღიქვამს.

- ყველას შეუძლია ქალი გახდეს?

- დიახ.

- ბიოლოგიური კაცი შენს საძინებელში რომ შემოვიდეს და ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყოს, მოგეწონება?

- კი, რა თქმა უნდა, ეს მე რანაირად მეხება? თუ ქალად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მე რაში მენაღვლება?

- ვაუ, კარგი.

აუდიტორიიდან: შენ ქრისტიანებს ანიჭებ უპირატესობას!

ჩარლი კირკი: ვფიქრობ, ყველა უნდა მივიდეს ქრისტესთან.

- ჩემი ებრაელი ოჯახის წევრებიც, ჰო?

- დიახ, იმედი მაქვს, მიიღებთ ქრისტეს, როგორც მეუფეს. თუ ქრისტეს მიიღებთ, შეიცვლებით მასში.

- და თუ არ მივიღებთ? რა გველის? რა გინდა, რომ ებრაელებს დაემართოს?

- მე მიყვარს ებრაელები, ისრაელს მხარს ვუჭერ, მათ მხარეს არ ვარ?

აუდიტორიიდან: ანუ ჩვილებსაც უნდა გაუკეთონ დეპორტაცია?

ჩარლი კირკი: დიახ, მშობლებთან ერთად.

- არ ფიქრობთ, რომ მათ უნდა მიეცეთ საშუალება, ამერიკის სრულფასოვანი მოქალაქეები გახდნენ? არ გჯერათ ამერიკული ოცნების?

- მჯერა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკელი მოქალაქეებისთვის და არა ყველასთვის მსოფლიოში.

„ნებისმიერ დროს შეეძლო ტრამპთან დალაპარაკება“ - კირკის მილიონობით მიმდევარი

ჩარლი კირკი მხარს უჭერდა ისრაელს. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კი ტრამპივით მიაჩნდა, რომ უკრაინის დახმარება უფრო ევროპის საქმეა, ვიდრე ამერიკის.

„ამერიკული უნივერსიტეტები და კოლეჯები უფრო მემარცხენე შეხედულებებისაა, რასაც მემარჯვენეები უმწვავეს პრობლემად მიიჩნევდნენ. ჩარლი კირკი მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რადგან მან საკუთარ თავზე აიღო სტუდენტური პროცესების ცვლილება. ამას აკეთებდა, როგორც პოლიტიკური ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ არც კონგრესმენი იყო, არც სენატორი, თავად არ ჰქონდა ამის სურვილი, - ამბობს „ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ლაბაძე. - მხოლოდ პლატფორმა X-ზე 5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, რაც ძალიან ბევრია. ნებისმიერ დროს შეეძლო დონალდ ტრამპთან ან კაბინეტის სხვა წევრებთან დალაპარაკება. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული პოლიტიკური როლისთვისაც ამზადებდნენ. ამერიკულმა მემარჯვენე მოძრაობამ მნიშვნელოვანი სახე დაკარგა“.

ჩარლი კირკის სახსოვრად მოწყობილი კუთხე
ჩარლი კირკის სახსოვრად მოწყობილი კუთხე

ჩარლი კირკი საზოგადოებას თავს ქრისტიანად აცნობდა და სხვებსაც მოუწოდებდა, გადარჩენა ქრისტეში ეძებნათ. არ სწყალობდა მიგრანტებს, ძირითადად ლათინო ამერიკელებსა და მუსლიმებს, მიაჩნდა, რომ მათი კულტურა აშშ-ზე კარგად არ მოქმედებს. აბორტებსაც ეწინააღმდეგებოდა, ფიქრობდა, რომ ჩანასახს თავისი უფლებები აქვს.

„ლგბტ თემთან დაკავშირებით განსაკუთრებით რადიკალური მიდგომა არ ჰქონდა, ძირითადად ეწინააღმდეგებოდა ჰორმონალურ თერაპიას ადრეულ ასაკში, ასევე იმას, რომ, მაგალითად, ქალის საპირფარეშოში ტრანსგენდერი ქალიც შესულიყო, - ამბობს გიორგი ლაბაძე. – მისი მკვლელობა არ შეიძლება ამერიკის კეთილმოსურნეებს აძლევდეს ხელს, რადგან ის დაპირისპირება, რაც იდეოლოგიებს შორის არსებობდა, უფრო გამძაფრდება და შესაძლოა გადავიდეს ისეთ არაცივილურ ფაზაში, რაც ამერიკისთვის დამახასიათებელი არ არის. ეს მკვლელობა ასუსტებს ამერიკას, როგორც დიალოგისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დისკუსიის არეალს“.

ჩარლი კირკის მკვლელს ჯერაც ეძებენ. დაკითხეს და გაათავისუფლეს ორი ეჭვმიტანილი. ჩარლი კირკი მოკლეს 3 ათასამდე ადამიანის თვალწინ. ადგილს, სადაც შეხვედრა იმართებოდა, რამდენიმე კოლეჯისა და თავად კირკის დაცვა აკონტროლებდა.

ასევე ნახეთ:
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG