ინფორმაციას ამის შესახებ „მზიას მოძრაობა“ ავრცელებს.
ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ სწორედ “მზიას სია” უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მიმართული სასანქციო პაკეტის, ასევე რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ დასავლეთის მიზანმიმართული რეაგირების ინსტრუმენტის სახელი.
„უკვე მომავალი კვირიდან ემიგრანტული ორგანიზაციები მიმართავენ ევროკავშირს, მისი წევრი ქვეყნების მთავრობებსა და სხვა პარტნიორებს „მზიას სიით“, რომელშიც შევა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, წამებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ცრუ ჩვენებების მიცემასა და უსამართლო განაჩენების გამოტანაში“, - წერია განცხადებაში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
პატიმრობაში ყოფნისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%", - ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ სასამართლო სხდომების მსვლელობისას გაავრცელა მისმა ადვოკატმა.
ასევე ნახეთ ვგმობთ ამაღლობელის განაჩენს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ის - ევროკავშირი