MI6-ის ხელმძღვანელი: "პუტინმა მეტი მოკბიჩა, ვიდრე დაღეჭვა შეუძლია"

MI6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური. ლონდონი, 30 ნოემბერი, 2021.

ბრიტანული სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია.

„პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინმა იმაზე მეტი მოკბიჩა, ვიდრე დაღეჭვა შეუძლია. მას ეგონა, რომ ადვილად გაიმარჯვებდა. მაგრამ მან - და ბევრმა სხვამ - არასაკმარისად შეაფასა უკრაინელები“, თქვა მურმა თურქეთში წარმოთქმულ სიტყვაში, სადაც ის ბრიტანეთის ელჩი იყო 2014 წლიდან 2017 წლამდე. სიტყვის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე.

რიჩარდ მურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორის ტანჯვა არ შეიძლება გაიგივდეს მსხვერპლთა ტანჯვასთან, მაგრამ ცხადია, რომ პუტინის მიერ ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფა საკუთარ ხალხზეც ვრცელდება. რუსეთმა უკვე განიცადა მილიონზე მეტი მსხვერპლი, რომელთა მეოთხედი დაიღუპა, რადგან ქვეყნის უღარიბესი რეგიონებიდან ფრონტზე იგზავნებიან ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცები.

მურმა აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად, პრეზიდენტ ზელენსკის მზადყოფნა რთული კომპრომისებისთვის და ევროპელი ლიდერების ძალისხმევა, რომლებიც სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის იღვწიან. თუმცა, მურის თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პუტინი დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, თუ უკრაინა სრულ კაპიტულაციას არ გამოაცხადებს. მურის აზრით, ის მოლაპარაკებებს მხოლოდ საჩვენებლად აგრძელებს. პუტინი უარყოფს უკრაინის უფლებას, იარსებოს როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

ასევე ნახეთ "რისიც კრემლს ეშინია, საუკეთესო გზაა მის შესაჩერებლად" - რობერტ პშელი დრონებზე, ვარშავის, ნატოს და მოსკოვის რეაქციებზე


მურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი ძალა და არასაკმარისად შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობა. ამავე დროს პუტინის ქმედებებმა გააძლიერა უკრაინის ეროვნული თვითშეგნება, დააჩქარა მისი ინტეგრაცია დასავლეთთან და შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებისკენ უბიძგა.

მურმა აღნიშნა, რომ პუტინი ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო რუსეთის გამარჯვების გარდაუვალობაში, მაგრამ ეს ტყუილია. ის ატყუებს მსოფლიოს, თავის ხალხს და, შესაძლოა, საკუთარ თავსაც. სხვა ქვეყნის ლიდერის ნებისმიერი ზარი მასში რეაქციას იწვევს იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს სისტემა, რის მოსმენა სურს თავად პუტინს, მაგრამ ეს არ ასახავს კრემლის ნამდვილ ძალას.

რიჩარდ მურმა გაიხსენა, რომ 2022 წლის შეჭრამდე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს: მოახდინეს იმ სადაზვერვო მონაცემების განსაიდუმლოება, რომლებიც ამხელდა პუტინის ტყუილებს და ააშკარავებდა მისი შეჭრის გეგმებს. ამან ძირი გამოუთხარა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას, შეანელა რუსეთის წინსვლა და მობილიზება გაუწია უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას.

გრძელვადიან პერსპექტივაში მური თვლის, რომ პუტინი პირად ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს, რაც რუსეთის ეკონომიკასა და დემოგრაფიულ მაჩვენებლებს დაღმასვლისკენ უბიძგებს. ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ნაცვლად ის ინვესტირებას ახორციელებს სამხედრო პროგრამებში. თუ საერთაშორისო საზოგადოება თავშეკავებას გამოიჩენს, პუტინი აღმოჩნდება არჩევანის წინაშე: ან გარისკოს შიდა კრიზისი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის ძალაუფლებას, ან მიაღწიოს გონივრულ შეთანხმებას, მიაჩნია MI6-ის ხელმძღვანელს.

გარე მხარდაჭერამ - ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის მხრიდან - რუსეთს საშუალება მისცა, გადაევადებინა ეს არჩევანი. თუმცა, მურის თქმით, მშვიდობა ასევე სასარგებლო იქნებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა და მისი სააგენტოები არ არიან მტრულად განწყობილნი რუსეთის როგორც ქვეყნის მიმართ, ისინი მხოლოდ კრემლის ქმედებებს ეწინააღმდეგებიან. „პუტინი რუსეთი არ არის და ყველა რუსი არ უჭერს მხარს მის პოლიტიკას. ზოგი ღიად ეწინააღმდეგება, მაგალითად, ალექსეი ნავალნი, ზოგი კი ფარულად მოქმედებს და საერთაშორისო სადაზვერვო სააგენტოებთან თანამშრომლობს“, დაასკვნა რიჩარდ მურმა.