Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რისიც კრემლს ეშინია, საუკეთესო გზაა მის შესაჩერებლად" - რობერტ პშელი დრონებზე, ვარშავის, ნატოს და მოსკოვის რეაქციებზე


"ვინაიდან პოლონეთი ნატოს წევრია, ამ პრობლემასთან მარტო გამკლავება არ გვიწევს..." - რობერტ პშელი.
"ვინაიდან პოლონეთი ნატოს წევრია, ამ პრობლემასთან მარტო გამკლავება არ გვიწევს..." - რობერტ პშელი.

“პოლონეთში ეჭვი არავის ეპარება, რისთვის ჩატარდა ეს ოპერაცია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლონელი ექსპერტი, დიპლომატი, და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი მოსკოვში (2015 წ), 9-10 სექტემბრის ღამეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 20-მდე დრონის შეჭრის შესახებ საუბრისას.

ნატოს წევრი ქვეყნების გამანადგურებლებმა იმ დღეს რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინციდენტს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.

პშელი ამბობს, რომ ამ პროვოკაციის მიზანი პოლონეთის.საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის შემოწმება, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთსულოვნებისა და ნატოს ერთიანობის გამოცდა იყო.

“ეს იყო “ოპერაცია-პროვოკაცია”

რადიო თავისუფლება: დრონების ინციდენტზე მოგვიწევს საუბარი – რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე?

რობერტ პშელი: რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ რუსეთის მხრიდან, თუმცა ბელარუსის მიმართულებიდან, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების ჯგუფი შემოვიდა. ბევრი დეტალი ჯერ კიდევ ირკვევა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, მისი ვარაუდი, თითქოს ეს შეიძლებოდა შეცდომა ყოფილიყო, რეალობასთან ახლოს არ არის. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო ე.წ. „ოპერაცია-პროვოკაცია“. შეცდომები, რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ჩვენ აქ ერთ შემთხვევით შემოფრენილ დრონზე არ ვსაუბრობთ. ეს იყო დრონების სერიოზული რაოდენობა, რომელიც განსაზღვრულ მარშრუტს მიჰყვებოდა და კონკრეტულ, წინასწარდასახულ მიზნებს ემსახურებოდა.

ვინაიდან პოლონეთი ნატოს წევრია, ამ პრობლემასთან მარტო გამკლავება არ გვიწევს. გააქტიურდა ის რესურსები, რომლებიც უშუალოდ SACEUR-ს (ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლობას) ექვემდებარებოდა: საქმეში ჩაერთვნენ ჰოლანდიური გამანადგურებლები, პოლონური F-16-ები, ასევე იტალიური თვითმფრინავები, პლუს გერმანული „პატრიოტები“. ეს ნატოს თავდაცვითი ოპერაცია იყო, რაც თავისთავად უკვე ძალიან სერიოზულად აქცევს საკითხს.

რადიო თავისუფლება: ზოგი ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ ეს ნატოსთვის შესაძლოა ამ საუკუნის ყველაზე დიდი გამოცდა იყოს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ასეთი შეფასება?

რობერტ პშელი: ეს მეც მომხვდა თვალში - შემხვდა მოსაზრებებიც, თითქოს ეს იყო პირველი შემთხვევა, ნატო-რუსეთის პირველი სამხედრო დაპირისპირება. ეს ხედვა მცდარია: დაახლოებით ათი წლის წინ, რუსეთის ორი გამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს – თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. და ეს მოხდა ალიანსის სრული მხარდაჭერით.

მეორე მხრივ, მაშინ ჩვენ არ გვქონდა ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ომი. ახლა გვაქვს. ამიტომ მოდი, ისტორიკოსებს დავუტოვოთ განსასჯელად, მართლაც ნატოს უდიდესი გამოცდაა თუ არა ეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – გამოცდა ნამდვილად არის. და სულ ცოტა, პოლონეთში, ეჭვი არავის ეპარება, თუ რისთვის ჩატარდა ეს ოპერაცია.

პირველი მიზანი იყო პროვოკაცია და ჩვენი საჰაერო თავდაცვის რეაგირება / ეფექტურობის შემოწმება. მეორე – პოლონეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთსულოვნების გამოცდა. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და არავისთვის არის საიდუმლო, რომ პოლონეთის პოლიტიკური სცენა საკმაოდ პოლარიზებულია. მაგრამ ამ საკითხში არათუ უთანხმოება არ ყოფილა – პირიქით. ერთსულოვნების შესაშური მაგალითი ვაჩვენეთ. რუსების მესამე მიზანი იყო ნატოს ერთიანობის გამოცდა, და აქაც მარცხი განიცადეს.

რადიო თავისუფლება: არის თუ არა ამ ყველაფერში გარკვეული საკრალური ელემენტიც – იმ ფსიქოლოგიური ბარიერის ჩამოშლა, რომ თითქოს წარმოუდგენელი იყო რუსეთის მხრიდან ნატოზე ასე ღიად თავდასხმა, და აი, ახლა ეს მოხდა, რეალობად იქცა.

რობერტ პშელი: გარკვეული თვალსაზრისით, დიახ. მაგრამ ისევ – დამოკიდებულია, ვის ჰკითხავთ. მათთვის, ვინც უკვე წლებია რუსულ საფრთხეებზე ვმუშაობთ, ეს სიურპრიზი არ ყოფილა. ეს კრემლის modus operandi-ია. მოსახლეობა კი, რა თქმა უნდა, შეშფოთებულია.

ალასკის სამიტი ამერიკის ისტორიას შავ ლაქად დარჩება. ომის დამნაშავეს წითელი ხალიჩებითა და ხელის ჩამორთმევით არ უნდა ხვდებოდნენ.

რადიო თავისუფლება: სამაგიეროდ, კრემლში არც შეშფოთება შეიმჩნევა და არც შიში, მეტიც, საკმაოდ აგდებულად მოეკიდნენ ამ ყველაფერს, დიდი წუხილი ნამდვილად არ ეტყობათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ეს შეკავების არქიტექტურა ამ ეტაპზე რუსებს დიდად ვერ აკავებს.

რობერტ პშელი: მართებული კითხვაა, მაგრამ ნება მომეცით პოსტულატებად დავყო ჩემი პასუხი და თანდათანობით განვიხილოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე მაღალი ინსტანციის შეკავებაზე (Deterrence) მაშინ ჩემი პასუხი უცილებლად ასეთი უნდა იყოს: არა, არ მჯერა, რომ რუსეთი მზად არის, ნატოს რომელიმე ქვეყანას პირდაპირ დაესხას თავს.

დიახ, პუტინის თავში – და მის გარემოცვაში, რომლებიც ან თუთიყუშივით იმეორებენ მის ნათქვამს, ანაც უყოყმანოდ ასრულებენ მის მითითებებს – რეალობისგან მოწყვეტის დონე ცალსახად იზრდება. შეგვიძლია გრძელი დისკუსია გვქონდეს რუსი დიქტატორის მენტალურ მდგომარეობაზე, რომელსაც კვლავ ჰგონია, რომ ამ ომს მოიგებს, და ყველაფერს „მე გავიმარჯვებ“ პრიზმიდან აღიქვამს. არ დაგავიწყდეთ, ეს “კაგებეშნიკი” ტვინია, ჩეკისტის ტვინი – ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს. მაგრამ შეხედეთ მის ქცევას კოვიდის დროს: ეს იყო ადამიანი, რომელიც გარემოცვის უახლოეს წევრებსაც აიძულებდა, შეხვედრამდე ერთკვირიან კარანტინში ყოფილიყვნენ, რომ „რამე არ გადაედოთ“. ეს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანის ქცევა არ არის. და ნატოს ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა – პუტინიც კარგად ხვდება ამას.

მაგრამ თუ ერთი საფეხურით ქვევით ჩავალთ – პროვოკაციები, ჰიბრიდული ომი – საქმე გაცილებით უფრო რთულდება. სამწუხაროდ, აქ უკვე თავის როლს თამაშობს მისი გათვლები ნატოს ყველაზე ძლიერი წევრის – ამერიკის შეერთებული შტატების – პოზიციასთან დაკავშირებით. ამ ადმინისტრაციის აშკარა ყოყმანი სანქციებზე - რამდენჯერ გადაიწია „დედლაინი“, მე თავადაც ვეღარ ვითვლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსკოვში ითვლიან. მერე იყო ალასკის სამიტი, რომელიც ამერიკის ისტორიას შავ ლაქად დარჩება. ომის დამნაშავეს წითელი ხალიჩებითა და ხელის ჩამორთმევით არ უნდა ხვდებოდნენ.

ამგვარი ქცევა პუტინს უფრო ამხნევებს. ის თამამდება და კიდევ ცდილობს, წითელ ხაზებს გადააბიჯოს. თუ დიდ სურათს დავხედავთ – რუსეთი მტაცებელია. ეს რეჟიმი ომს შეწყვეტას არ აპირებს – შეიძლება ითქვას, ვერც შეძლებს, ომი შეწყვიტოს, რადგან ეშინია, რომ ამას ვერ გადაურჩება. ერთადერთი აშკარა დასკვნა, რაც აქედან შეიძლება გამოიტანო, ასეთია: რუსეთს უნდა აიძულო, ეს ომი შეწყვიტოს. ამისთვის კი საჭიროა ერთიანი ფრონტი და ყველა არსებული ბერკეტის გამოყენება.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ერთიან ფრონტს - ნატოს პასუხზე მინდა გკითხოთ. რამდენად ადეკვატური იყო ეს რეაგირება? თუ პუტინი ხარ და ამ ყველაფერს კრემლიდან უყურებ - ეს შეგაკავებს თუ მეტი სითამამისკენ გიბიძგებს?

რობერტ პშელი: თუ ნატოს, როგორც ინსტიტუციის რეაქციაზე ვსაუბრობთ, მაშინ წუწუნის საფუძველი არ გვაქვს – პირიქით, ნატო სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებდა.

მაგრამ შეაკავებს თუ არა ეს პუტინს? ნატოს ამ პასუხს ამერიკის მხრიდან მკვეთრი რეაქცია რომ დამატებოდა, მაშინ, დიახ, ვიტყოდი, რომ პუტინმა საკადრისი პასუხი მიიღო. მაგრამ შეკავება მხოლოდ ქაღალდზე არსებული სამხედრო შესაძლებლობებით არ შემოიფარგლება – აქ კომუნიკაციასაც, სიგნალებსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. და ამ ინციდენტისას, [აშშ-ს მხრიდან] კომუნიკაციის ნაკლებობამ, ამ ბუნდოვანებამ პუტინი, ალბათ, დააიმედა, რომ ასეთი რამეები შეიძლება დაუსჯელად გაუვიდეს.

ნატოს ყველა მოკავშირე თანასწორია, რა თქმა უნდა, მაგრამ არასერიოზული იქნებოდა მსჯელობა, თითქოს აშშ primus inter pares - უპირატესი თანასწორთა შორის - არ არის. და რუსები კი „დიდ ბიჭებთან“ საქმის დაჭერის მანიით არიან შეპყრობილები. პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან მკაფიო განცხადების ნაცვლად მხოლოდ წყლის ამღვრევაზე გათვლილმა განცხადებებმა, რუსები, ალბათ, ძალიან გაახარა. და ეს ცუდია, რადგან მათ მეტ სითამამეს შესძენს.

“თუ ნამდვილი ომი დაიწყება, კალინინგრადში ყველაფერს გადავბომბავთ”

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ პუტინი თვითმკვლელი არ არის, ნატოს ღიად თავს არ დაესხმება, ისეთ სვლას არ გააკეთებს, რომლის შემდეგაც უცილობლად წააგებს და ა.შ. მაგრამ დავუშვათ, გარისკა, ანაც თვითონ სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს - ამ შემთხვევაში, რამდენად სავარაუდოა რომ ე.წ. სუვალკის დერეფანი იქცეს მის შესაძლო სამიზნედ? შეიძლება ეს იყოს სუსტი, მოწყვლადი წერტილი პოლონეთსა და ნატოსთვის?

რობერტ პშელი: დიახ, რუკისთვის თვალის ერთხელ შევლებითაც კი ცხადია, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს,. ეს რეგიონი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ზონად ითვლება. ეს არის, ასე ვთქვათ, გიგანტური ავიამზიდი, რომლის ჩაძირვაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ნებისმიერ თავდაცვით გეგმაში გათვალისწინებულია. მაგრამ შემიძლია გავიხსენო პასუხი, რომელიც მსგავს კითხვაზე გასცა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა რაიმუნდ ანდჟეიჩაკმა. მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ამ თანამდებობაზე იყო, ჰკითხეს: რამდენად უნდა გვეშინოდეს? რას გააკეთებთ, თუ საქმე საქმეზე მიდგება? და მისი პასუხი არსებითად ასეთი იყო: თუ ნამდვილი ომი დაიწყება, კალინინგრადში ყველაფერს გადავბომბავთო. ანუ ნებისმიერი სამხედრო ობიექტი ლეგიტიმური სამიზნე გახდებოდა. და ამის გაკეთების არა მარტო ქადილი, არამედ ძალაც შეგვწევს, გვაქვს სათანადო სამხედრო შესაძლებლობები. და ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზავნილია, იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან გვაქვს საქმე - როგორ აზროვნებენ რუსები. სწორი გზავნილია არა იმიტომ, რომ ჩვენ ომს მოწყურებული, აგრესიული ერი ვართ, არამედ იმიტომ, რომ თუ რუკას შეხედავთ, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ყველაზე ლოგიკური საპასუხო ნაბიჯი სწორედ ეს იქნებოდა. ეს საფრთხე ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენს გათვლებში. და ამიტომ თავდაცვის ხაზები უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, დღევანდელზე კიდევ უფრო მეტად. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ნატოს ევროპული ჯარების სარდალმა გასცა ამ „ოპერაცია პროვოკაციაზე“ საპასუხოდ.

“რუსეთი ამ შეჯიბრში მარცხისთვისაა განწირული, თუ ჩვენ ჩვენს რესურსებსა და ყურადღებას სწორად გავანაწილებთ.”

რადიო თავისუფლება: ამის ფონზე, როგორი იყოს ნატოს შემდეგი ნაბიჯები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, ან, თუ მაინც გამეორდა, რუსეთს უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწიოს?

რობერტ პშელი: სამოქმედო გეგმას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი – აღმოსავლეთის ფლანგზე ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. აქ ვგულისხმობ საჰაერო, საზღვაო შესაძლებლობებს, საჰაერო თავდაცვით სისტემებს, რომლებიც მორგებული იქნება დრონების საფრთხეზე, შესაძლოა დამატებით ჯარსაც. მაგრამ მეორე ნაწილი – მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, დავუბრუნდეთ იდეას, რომელსაც ადრე უკვე განვიხილავდით - 2022 წელს ის უკრაინელებმა შემოგვთავაზეს, და პოლონეთში საკმარისად იყვნენ ადამიანები, ვინც ამ წინადადებას ეთანხმებოდა, მაგრამ მაშინ შესაბამისი პოლიტიკური კლიმატი არ არსებობდა ამ იდეის რეალობად გადასაქცევად. ახლა კი, ვფიქრობ, უნდა არსებობდეს. ეს არის მარტივი იდეა – ნაწილობრივი არასაფრენი ზონა (partial no-fly zone). ეს უკრაინის წინადადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ნებართვით, შეგვეძლება უკრაინის საჰაერო სივრცეშივე ჩამოვაგდოთ ის დრონები და რაკეტები, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში უნდა შემოიჭრნენ. ეს მოიცავს დასავლეთ და სამხრეთ უკრაინის საჰაერო სივრცეს, და ცხადია, ეს უნდა გაკეთდეს პოლონეთის და რუმინეთის ტერიტორიიდან, შესაძლოა ბალტიის ქვეყნებიდანაც. აქ, ერთი მხრივ, საქმე ეხება ჩვენი სივრცის დაცვას. მეორე მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც დაეხმარება, მათ თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის. და ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ომში ჩაებმება. გაეროს ქარტიის მიხედვით, ეს ჯდება თავდაცვის უფლების ფარგლებში. მოსაზრებას, რომ სწორედ ეს იქნებოდა მართებული პასუხი, ამყარებს ის ფაქტიც, რომ რუსები ამ სცენარს ძალიან უფრთხიან. დაიწყეს საუბარი, რომ ეს ესკალაცია და პროვოკაცია იქნებოდა - რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ნაბიჯის ეშინიათ, რადგან პასუხი არ აქვთ. წარსულმა გამოცდილებამ კი გვაჩვენა, რომ ის, რისიც კრემლს ეშინია, როგორც წესი, საუკეთესო გზაა კრემლის შესაჩერებლად.

ასე რომ, გამოწვევა რეალურია, მაგრამ პესიმისტური სურათის დახატვის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენ გვაქვს შეიარაღება. გვყავს მოკავშირეები და პარტნიორები, გვაქვს საკუთარი თავდაცვით-ინდუსტრიული ბაზა. და თუ შევადარებთ რუსეთს - ეს ასე იყო ცივი ომის დროსაც, და დღეს, ალბათ, კიდევ უფრო მეტად - რუსეთს, რეალურად, არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დასავლურ ტექნოლოგიურ და სამხედრო შესაძლებლობებს. რუსეთი ამ შეჯიბრებაში მარცხისთვისაა განწირული, თუ ჩვენ ჩვენს რესურსებსა და ყურადღებას სწორად გავანაწილებთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG