განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დიპლომატიური შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან ვენის კონვენციის ფარგლებში ხდება, ისინი არ უჭერენ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას და გმობენ ძალადობას.
საელჩოები პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციისგან და იმოქმედონ დაძაბულობის შემცირებისკენ.
განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების სახელით. ხელმომწერებს შორის არ არიან უნგრეთისა და სლოვაკეთის საელჩოები.
"მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.
დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგი.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ", - ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ კომენტარს საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომელიც მათი განმარტებით, "ექსტრემიზმს და რადიკალიზმს" ემსახურება.
მაგალითად, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს ქართველი ხალხის კითხვებს, სად და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის თანხები.
„ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება სადილზე, ვახშამზე თუ ა.შ., რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების, მათი თანამონაწილეობა იქნება, თუკი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან".
მისივე სიტყვებით, "ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, არ პასუხობს. არ პასუხობს, თუ როგორ და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. ასე რომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ თანხებს და თავიანთ კომუნიკაციას. ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან შეხვედრების გატარებას მე პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება“.
ევროკავშირში კი თვლიან, რომ საქართველომ დემოკრატიის გზიდან მკვეთრად გადაუხვია და “საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის გზას”.