Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებს ევროკავშირი საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც 15 ივლისის შეხვედრისთვის მომზადდა


"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროკავშირი 5 აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას ურჩევს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროკავშირი 5 აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას ურჩევს.

15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - „მნიშვნელოვნად გაუარესებულ“ მდგომარეობასა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხო ზომებზე. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც EEAS-მა წევრი ქვეყნების დელეგაციებს გაუგზავნა.

ამ დოკუმენტის შემუშავებაში, საგარეო ქმედებათა სამსახურის [EEAS] გარდა, ჩართული იყვნენ ევროკავშირის სხვა სამსახურებიც - დოკუმენტი სპეციალურად 15 ივლისის შეხვედრისთვის მომზადდა.

"ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირისა და მისი ლიდერების კრიტიკას ე.წ. დიპ სტეიტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ “როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო”.

რა წერია EEAS-ის დოკუმენტში?

15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მომზადებული დოკუმენტი, ერთი მხრივ, მოიცავს განახლებულ ინფორმაციას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების, მიმდინარე განხილვების შესახებ და, მეორე მხრივ - ევროკავშირის არსენალში დარჩენილი დამატებითი ზომების შესახებ.

უკვე გადადგმულ ნაბიჯებს შორისაა შეჩერებული დახმარება, სავიზო შეზღუდვები, სანქციები. ევროკავშირს არსენალში რჩება ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერება, კანდიდატის სტატუსის შეჩერება, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება.

“ამ დრომდე საქართველო სარგებლობდა ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით, მაგრამ ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს ამ პრივილეგირებული პარტნიორობის ელემენტები, განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ”, - წერია ტექსტში.

მინისტრების საბჭოს 15 ივლისის სხდომის წინ, ევროკავშირი აყალიბებს 5 პუნქტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის - რითაც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა შესაძლებელი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში, მაგნუს ბრუნერი 15 ივლისის სხდომამდე წერილს გააგზავნის საქართველოს მთავრობასთან ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად.

უვიზო რეჟიმი

დოკუმენტში EEAS-ი მიუთითებს, რომ 2025 წლის 27 იანვარს, საბჭოს გადაწყვეტილებით, უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერდათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. კომისიის რეკომენდაციით, წევრ ქვეყნებს შეეძლოთ ამავე პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესება - რაც ამ დროისთვის ამოქმედებული აქვს 12 ქვეყანას, ესენი არიან:

· ბელგია,

· ლუქსემბურგი,

· ნიდერლანდი,

· ესტონეთი,

· საფრანგეთი,

· იტალია,

· ესპანეთი,

· სლოვაკეთი,

· შვედეთი,

· ლიეტუვა,

· რუმინეთი,

· მალტა.

დანარჩენებისგან ევროკომისია შეტყობინებას ელოდება.

ევროკავშირის მინისტრების 15 ივლისის შეხვედრისთვის საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში - სამომავლო ნაბიჯებს შორის კვლავ მოხსენიებულია როგორც ქვეყანაში შესვლის აკრძალვა და უვიზო მიმოსვლის გაუქმება ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე - მთელი საქართველოსთვის.

სანქციები

2024 წლის დეკემბერში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად, ინიციირება მოახდინა სანქციების ორი პაკეტისა - „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, ჯამში, შეთავაზებული იყო პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებელი 13 ადამიანის სახელი.

  • 2025 წლის ივლისში EEAS-მა წარმოადგინა ორი ახალი ჩამონათვალი, საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლის ინსტრუმენტალიზების საპასუხოდ.


“გრძელდება დისკუსიები საბჭოში, ამ წინადადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად”, - წერია EEAS-ის წერილში.

23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, კვლავ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე. თუმცა გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, 15 ივლისს მიაღწიონ შეთანხმებას მოსამართლეთა სანქცირებაზე, რაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც ახსენა, 23 ივნისის შეხვედრის შემდეგ.

„მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია“, - თქვა კალასმა, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების ჭრილში.

პერსონალური [ფინანსური] სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა [სრული კონსენსუსი] ესაჭიროება. რასაც ხელს უშლიან უნგრეთი და სლოვაკეთი. თუმცა კვალიფიციური უმრავლესობა [15 წევრი] სჭირდება უვიზო რეჟიმის გაუქმებას. ბრიუსელი ამ დრომდე თავს იკავებს ამ ზომის გამოყენებისგან. საქართველოს შესახებ ბოლო რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სანქციების დაწესებისას იმოქმედონ ორმხრივ ფორმატებში.

საგულისხმო პრეცედენტი - კიშინიოვის მერის სანქცირება

ევროკავშირში ბევრისთვის მოულოდნელი იყო მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის ოპოზიციონერი მერის სანქცირება რუმინეთის მიერ. “კრემლის სატელიტად” წოდებული იონ ჩებანი მერად ხელმეორედ აირჩიეს 2023 წლის ნოემბერში.

9 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩებანს რუმინეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებით ახსნა. იგივე სანქცია შეეხო მოლდოვის კიდევ ორ მოქალაქეს [ვინაობა არ არის მითითებული]. განცხადებაში განმარტებულია, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა და რომ ეს ზომა კრძალავს ასევე შესვლას შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე. კიშინიოვის მერი არ არის სანქცირებული ევროკავშირის მიერ და წინასწარი ინფორმაციით, არც სანქცირებულთა სიაშია.

  • იონ ჩებანის გვარსა და სახელს შეიყვანენ შენგენის ზონის საინფორმაციო სისტემაში (SIS) - ეს არის სიახლე, განსხვავებული ევროკავშირის აქამდე მოქმედი რეგულაციებისგან.
  • რუმინეთის გადაწყვეტილება არ იძლევა გარანტიას, რომ ჩებანს შესვლა ავტომატურად აეკრძალება შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში - ეს კონკრეტული ქვეყნის არჩევანი იქნება. შესაძლოა, მას მისცენ ვიზა ან უბრალოდ შეუშვან - მაგრამ არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა.
  • ევროკავშირის ქვეყნების ერთიანი სანქცირების დროს - ესა თუ ის სანქცირებული თანამდებობის პირი შენგენის ზონაში შესაძლოა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დაუშვან, ისევე როგორც პერიოდულად გარკვეულ საერთაშორისო ღონისძიებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც კი უშვებენ.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 15 ივლისს ევროპელი მინისტრები მოლდოვის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს დააწესებენ. 2023 წლის მსგავსად, საქმე შეეხება მათ, ვინც მოლდოვაში რუსეთის ინტერესების ხელშესაწყობად მოქმედებდა.

ევროკავშირის სხვა ინსტრუმენტები - შემდგომი მოქმედებისთვის

  • მაღალი დონის ორმხრივი კონტაქტების შეჩერების პროცესის გაგრძელება - მიმდინარე კრიზისის დაძლევის საკითხების გარდა;
  • რეგიონულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შემდგომი გადახედვა;
  • უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
  • წევრი ქვეყნების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე დაშვების ინდივიდუალური აკრძალვა;
  • წევრი ქვეყნების განგრძობადი ვალდებულება - არ დაუშვან სავიზო შეღავათები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის;
  • ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს ნაწილობრივი შეჩერება ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის [ზოგადი პრინციპები] დარღვევის საფუძველზე;
  • კანდიდატის სტატუსის შეჩერება.


ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლი შეეხება კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას, საერთაშორისო ვალდებულებებს [გაერო, ევროსაბჭო, ეუთო], კორუფციასთან ბრძოლას.

ტექსტის თანახმად, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაძლიერება საქართველოში.

ლაპარაკია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართული თუ სამომავლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე. ასევე აუცილებელ სამუშაოზე - ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისა თუ განეიტრალების ზომებზე.

ამ ჭრილში ხაზგასმულია როგორც წევრი ქვეყნების, ასევე დიპლომატიური არხების და მედიასაშუალებების ჩართულობა, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების, სპეციალისტების მონაწილეობა.

სტრატეგიული კომუნიკაციისა და საჯარო დიპლომატიის მიმართულებებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის შემოდგომაზე იგეგმება 7 მილიონი ევროს კონტრაქტის ხელმოწერა. წინასწარი ინფორმაციით, 15 ივლისს ამ საკითხზეც იმსჯელებენ.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა

  • მიმდინარე დახმარება შეადგენს 46,2 მილიონ ევროს;
  • სამომავლო დახმარების - 32 მილიონ ევროს. გეგმა წარდგენილი იქნება 15 ივლისის შეხვედრაზე;
  • გეგმა გულისხმობს გრანტების გაცემას, იურიდიულ და საფინანსო კონსულტაციებს და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გასაგრძელებლად აუცილებელი პოტენციალისა და მედეგობის გაძლიერებას.


იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოში დამტკიცებული „რეპრესიული კანონმდებლობა“ აძნელებს ევროკავშირის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ნახსენებია „გრანტების შესახებ კანონი“, როდესაც გრანტის გასაცემად დონორს მთავრობის თანხმობა ესაჭიროება.

სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად, ევროკავშირი მიიჩნევს აუცილებელ პირობებად საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის.

რა ნაბიჯებს მოელის ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან?

ტექსტის თანახმად, თუკი “ქართული ოცნების” ლიდერებს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ, მათ უნდა შეატრიალონ კურსი.

დასახელებულია 5 აუცილებელი ნაბიჯი - სიტუაციის ნორმალიზებისთვის:

1. რეპრესიების შეწყვეტა მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ;

2. რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება;

3. უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება და პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა;

4. ევროკავშირზე თავდასხმების შეწყვეტა;

5. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულების დადასტურება, არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების საჩქაროდ შესრულების ჩათვლით.

"ქართული ოცნების" პასუხი ევროკავშირის კრიტიკაზე

“ქართული ოცნების” ხელისუფლება “შემაშფოთებელი დეზინფორმაციით გაჯერებულს” უწოდებს პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის - იმ განცხადებასაც, რომელიც, 15 ივლისის სხდომამდე, 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის [კაია კალასი] სახელით 11 ივლისს გამოქვეყნდა.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს საპასუხო განცხადებაში, რომელიც 13 ივლისით თარიღდება, მმართველი პარტია ევროპელებს კვლავ ე.წ. დიპ სტეიტის ინტერესებით მოქმედებასა და “ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმაში” ადანაშაულებს. ტექსტის თანახმად, “ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები” ღიად გულშემატკივრობდნენ “ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას”.

“18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია”, - “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ასევე პროტესტს გამოხატავს საარჩევნო პროცესის შესახებ რუმინეთში, სადაც შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გაუქმდა.

პოლიტიკოსების და აქტივისტების დაჭერის შესახებ ტექსტში აღნიშნულია, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით წარიმართა, ხოლო ბოლო დროს მიღებულ კანონებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით - “რეპრესიულია”, “ქართული ოცნება” თვლის აუცილებელ ზომებად - “გარე დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების” აღსაკვეთად.

“ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა”, - აღნიშნულია პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს.

“ქართული ოცნება” თვლის, რომ დღეს ევროპა იდენტობას კარგავს და “დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის”; აღნიშნავს, რომ კომპრომისზე არ წავა; ხოლო წერილის ბოლოს გამოხატავს სრულ მზადყოფნას, ითანამშრომლოს “ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს” და რომ
“როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო”.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი წლით [2028 წლამდე] აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ

საგარეო ქმედებათა სამსახურის [EEAS] მიერ წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა [2022 წელს] საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო, თანაზიარი - დემოკრატიული ფასეულობების დაცვის ვალდებულებებთან. თუმცა საქართველომ არ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციები [“9 დათქმა”], რომლებიც მას პირობად განესაზღვრა 2023 წლის დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.

ევროკავშირის შიდა დოკუმენტში ნათქვამია:

  • „ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება მოახდენს დემოკრატიული და მდგრადი რეფორმების ინიციირებასა და განხორციელებას ევროპული ინტეგრაციის საკვანძო პრინციპების შესაბამისად“.
  • „პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“.


ბოლო მოვლენების შეფასება

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო სწრაფად მიექანება ავტორიტარიზმისკენ; ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას; სულ უფრო ვიწროვდება სივრცე აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიისთვის. ხოლო ეს ყველაფერი, “ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური მოტივით გასამართლებასთან” და “მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებასთან” ერთად, “შეუსაბამოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის და უნდა შეწყდეს”.

მითითებულია ასევე, რომ:

  • საქართველოს მოქალაქეების “უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს”; “ქართული ოცნება” კი “ამ მომავალს ართმევს”.
  • 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში - ევროპული საბჭოს გაფრთხილება იყო, რომ “საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის გზას”, რაც “ახლა პრაქტიკულად შეჩერებულია”.
  • “ამ გზის გაგრძელება ნიშნავს ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვას, [საქართველო] გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი”;
  • “ამ დრომდე საქართველო სარგებლობდა ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით, მაგრამ ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს ამ პრივილეგირებული პარტნიორობის ელემენტები, განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ”.


“ევროკავშირი თანმიმდევრულად ედგა გვერდში საქართველოს - მხარს უჭერდა მის უსაფრთხოებას, რომელსაც ძირი გამოუთხარა რუსეთმა. ჩვენ გვერდში ვედექით საქართველოს, ფინანსური დახმარებით, ეკონომიკური კრიზისის დროს. ჩვენ გვერდში ვედექით საქართველოს, ვაჭრობის შეთავაზებით, როდესაც რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის თავისი ბაზარი დახურა.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მის ახალგაზრდობას, სტიპენდიების გაცემით. კანდიდატის სტატუსი ამ ერთგულების მკაფიო ნიშანი იყო. ყალბია განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის ერთგულებას ან განზრახვებს“, - წერია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ ტექსტში.

რა მოხდა აქამდე? - ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან:

  • შეჩერდა - უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომლებიც არ უკავშირდება „მიმდინარე კრიზისის“ დაძლევას;
  • არ გამართულა - ასოცირების საბჭოს, კომიტეტისა თუ ქვეკომიტეტის სხდომები;
  • საქართველოში არ ჩატარებულა ევროკავშირთან დაკავშირებული რაიმე სახის მნიშვნელოვანი რეგიონული ღონისძიებები; ხოლო მისი მონაწილეობა ევროკავშირის ღონისძიებებში - გადაიდო ან [დონით] დაქვეითდა;
  • საქართველო მხოლოდ ელჩების დონეზე იყო მიწვეული მინისტერიალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებებზე;
  • საქართველო არ მიიწვიეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეკრებაზე ვარშავაში - 2025 წლის მაისში, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის [პოლონეთი] გადაწყვეტილებით.


ფინანსური დახმარება და მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში

  • შეჩერდა ყველანაირი მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან - შეთანხმებებსა და არასავალდებულო ინსტრუმენტებზე, როგორიც არის ევროკავშირის პროგრამებთან ასოცირება თუ ურთიერთგაგების მემორანდუმები.
  • გრძელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის [DCFTA] ტექნიკური იმპლემენტაცია, თუმცა შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვა და მუშაობა ცვლილებებზე; ასევე შეჩერდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ერთობლივი აღიარება; შექმნილი ვითარების გამო, საქართველო აღარ იქნება ზონის - „იმოგზაურე როგორც სახლში [„roam like at home”]“ - ნაწილი, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით.
  • შეჩერებულია ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან ასოცირების პროცესი.
  • შეჩერებულია 120 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების გამოყოფა და პროგრამირება საქართველოს ხელისუფლების სარგებლობისთვის და ასევე - შეწყვეტილია ყველანაირი საბიუჯეტო დახმარება;
  • შეჩერდა ახალი ორმხრივი საინვესტიციო პროექტების ხელმოწერა.


უსაფრთხოება და თავდაცვა

  • 2024 წელს შეჩერდა ევროპის სამშვიდობო ფონდის [EPF] დაფინანსება 30 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო 2025 წელს - აღარ გამოიყო. შედეგად, “საქართველოს თავდაცვის ძალებმა დაკარგეს გაძლიერების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედიცინა, ლოგისტიკა, ინჟინერია და კიბერთავდაცვა”.
  • საქართველო აღარ განიხილება უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობაში;
  • გრძელდება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG