ბიჭიკო პაიკიძისა და მისი თუქრი ბიზნესპარტნიორის შესახებ ბრიფინგი გაიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. პაიკიძე საქართველოში არ იმყოფება, მასზე ძებნაა გამოცხადებული, მისი ბიზნესპარტნიორი კი დღეს, 25 სექტემბერს დააკავეს.
„კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.
შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1 423 887,91 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 673 742 ლარი“, - თქვა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატ ირმა ჭკადუას. მისი თქმით, ის არ იყო ინფორმირებული ახალი ბრალდების შესახებ.
გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის შესახებ მეორე დღეა საგამოძიებო უწყებები საუბრობენ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ის კუთვნილი კომპანია B.P. TRANS-ის დახმარებით დაეუფლა ბიუჯეტის თანხას. უწყება იძიებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების საქმეს.
ასევე ნახეთ სუსი ძებნას აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე - სახელმწიფოს ფულის დაუფლების საქმეზესაქმეში ფიგურირებს კიდევ ხუთი ადამიანი. პაიკიძის კომპანიის დირექტორს, ფინანსურ დირექტორსა და ტენდერის შესრულებაზე მაკონტროლებელი კომპანიის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და დოკუმენტის გაყალბებისთვის.
წაყენებული ბრალით მათ ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე ნახეთ ბრალი წაუყენეს გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავსა და მისი კომპანიის თანამშრომლებს